პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაიწყო. ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ პროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.
"ქართული ოცნება“ კანონპროექტის დაბრუნებას, გამჭვირვალობის აუცილებლობით ხსნის და ამბობს, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, არასამთავრობო ორგანიზაციები ვისგან იღებენ დაფინანსებას, რისთვის, რამდენს და რაში ხარჯავენ. ამასთანავე, აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ მსგავსი კანონი მოქმედებს ამერიკაში და ევროპის ცალკეულ ქვეყნებში, ევროკავშირი აპირებს მიიღოს მსგავსი კანონი და რატომ არა აქვს საქართველოს უფლება, რომ მსგავსი კანონი აქაც მოქმედებდეს. ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე საუბრობს:
- კი ბატონო, შემოსავლებისა და ხარჯების გამჭვირვალობა ძალიან კარგია, წესით ასეც უნდა იყოს როგორც სამთავრობო სექტორში, ასევე არასამთავრობოში, მაგრამ პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც საქმე მიდგება კანონის აღსრულებაზე. პრობლემაა პოლიტიკური ნება - თავის დროზე ვნახეთ ასევე ვითომ კეთილშობილური მიზნით შექმნილი კანონი როგორ აამუშავა და გამოიყენა პუტინმა რუსეთში.
როგორც ვიცი, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებს ისედაც აქვთ შემოსავლებისა და ხარჯების შესაბამის უწყებებში წარდგენის ვალდებულება. თუ მეტი გამჭვირვალობა სურდათ, შეეძლოთ საგადასახადო კოდექსში შეეტანათ ცვლილება და მოექციათ ყველა მსგავსი ორგანიზაცია ერთ საკანონმდებლო ჩარჩოში. საქმეც ის არის, რომ ეს კანონპროექტი ერთ საკანონმდებლო სივრცეში არ აყენებს ყველას.
ნახეთ, რა ხდება: მე თუ დაფინანსებული ვარ საზღვარგარეთიდან, ვექვემდებარები ამ კანონს, წარვადგენ ჩემს ფინანსურ დეკლარაციას და როდესაც დასჭირდებათ, დაიწყებენ ლაპარაკს, რომ თურმე უცხოეთიდან ვფინანსდები და უცხო ქვეყნის აგენტი ვარ, მაგრამ თუ მაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია და მაფინანსებს ბიძინა ივანიშვილი, ამ კანონს არ ვექვემდებარები, ჩემი შემოსავლები და ხარჯები არ არის გამჭვირვალე. უპირველესად ეს კანონი რუსულია იმის გამო, რომ ასე ყოფს ერთი ტიპის ორგანიზაციებს. რუსეთი პეტრე პირველიდან მოყოლებული ცდილობს ერთსა და იმავე სივრცეში მოქმედ აქტორებს სხვადასხვა პირობა შეუქმნას. პირობითად, მეფესთან დაახლოებულ პირებს კარტ-ბლანში მისცეს, დანარჩენებს კი წინააღმდეგობები შეუქმნას. აი, ამიტომაც არის ეს კანონპროექტი რუსული. რაც მთავარია, ის ჩვენი კონსტიტუციის მთავარ არსს ეწინააღმდეგება - თავისუფლებასა და თანასწორუფლებიანობას.
როდესაც პუტინმა ეს კანონი შემოიღო, იმთავითვე გადაწყვიტა, რომ მასთან დაახლოებული არასამთავრობო ორგანიზაციები კარგად ყოფილიყვნენ, დანარჩენები კი გამოეცხადებინა აგენტებად. ეს კანონპროექტი საქართველოშიც სათავეშივე ყოფს არასამთავრობო ორგანიზაციებს "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულად და სხვებად.
- იმის გათვალისწინებით, ამ კანონპროექტს შარშან რამხელა წინააღმდეგობა და საპროტესტო აქციები მოჰყვა, როგორ ფიქრობთ, რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ მისი ხელახლა ინიცირება?
- შეიძლება ვცდები, მაგრამ არა მგონია, ამას ჰქონდეს ლოგიკურ-პრაგმატული მიზეზები. ჩემი დაკვირვებით, თავის დროზე ბიძინა ივანიშვილს სურდა ამ კანონის გატანა, არ გამოუვიდა და ახლა გადაწყვიტა თავისი მაინც გაიტანოს. ჩემი აზრით, აქ უნდა ვეძებოთ არა პრაგმატული, არამედ პიროვნული მიზეზები, რაც არანაირ რაციონალურობას არ ეფუძნება. აქამდეც არაერთხელ მითქვამს, რომ ხელისუფლებაში ორი ვადის მეტად არ უნდა დარჩეს ესა თუ ის პოლიტიკური ძალა. ორი ვადის შემდეგ იწყება მისი დეგრადაცია, სამწუხაროდ, ახლა სწორედ "ქართული ოცნების" დეგრადაციას ვადევნებთ თვალს. ამასთანავე, ივანიშვილს სურს ყველა გამოაცხადოს აგენტად და თვითონ ვისაც აფინანსებს, ის ხალხი დატოვოს ასპარეზზე. თუმცა ეს კანონი რომც გავიდეს, არაფერი გამოუვათ. საქართველოში ვერ იმუშავებს ისე, როგორც რუსეთში, ქართველები ამას არ შეეგუებიან და ივანიშვილიც ვეღარ არის ისეთი ძლიერი ფიგურა, რომ ეს მოახერხოს.
- ფიქრობთ, რომ ამ გადაწყვეტილებით "ქართულმა ოცნებამ" დიდი დარტყმა მიაყენა საკუთარ თავს? ვხედავთ, რამხელა პროტესტია ქვეყანაში, აღარაფერს ვამბობ საერთაშორისო გამოხმაურების მასშტაბზე. ისინიც კი ალაპარაკდნენ, ვისაც შარშან პროტესტი არ გამოუთქვამთ.
- დარტყმა მართლაც დიდი მიადგათ, შეხედეთ, კაცი არ დარჩათ, ვინც მათ პოზიციას დაიცავს. ხელისუფლებასთან აფილირებულ ტელევიზიებში გაურკვეველი ხალხი ცდილობს ამ კანონპროექტის სიკეთეში დაგვარწმუნოს. მე ტელევიზიებს არ ვუყურებ, თუმცა ჩემმა ქალიშვილმა რაღაც ჩანაწერი მანახა, ერთ-ერთ არხზე ქალები ისხდნენ და ყველას უბინძურესი ენით ლანძღავდნენ, მხოლოდ 3 წუთი შევძელი მეყურებინა. ვფიქრობ, ამ კანონპროექტის შემობრუნება მათთვის პოლიტიკური ჰარაკირის ტოლფასია. ბოლო ხანს სულ ვამბობდი, რომ მათ არჩევნები მოგებული ჰქონდათ, ვფიქრობდი, რომ 50%-ს თუ ვერ აიღებდნენ, პირველ ადგილზე დიდი მხარდაჭერით გავიდოდნენ, მაგრამ ამის შემდეგ რა იქნება, ნამდვილად არ ვიცი. ვნახოთ, ამიერიდან როგორ იმოქმედებდნენ. შეიძლება კანონპროექტი უკან გაიწვიონ, მაგრამ ესეც ძალიან დამაზიანებელი იქნება მათთვის. შეიძლება ითქვას, "ქართული ოცნების" ქმედებები ლოგიკას აღარ ექვემდებარება. ვიმეორებ - მათ რაც გააკეთეს, პოლიტიკური ჰარაკირია. სწორად თქვა გია ხუხაშვილმა, დაამტკიცებენ თუ უკან გაიწვევენ, მმართველი პარტიისთვის თითქმის ერთნაირი უბედურებააო. ცუგცვანგში არიან. თუ ძალიან დიდი პროტესტი და დემონსტრაციები იქნება, ბოლოს ისევ შარშანდელივით იტყვიან ალბათ, ქართველი ხალხის ნებას ვითვალისწინებთ და უკან მიგვაქვსო. არაპროგნოზირებადი ვითარებაა. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში დაზიანდა ქვეყნის იმიჯიც.
აქვე მინდა ერთ თემას შევეხო. ბევრს ლაპარაკობენ, მათ შორის მმართველი პარტიის წევრები, დეპოლარიზაციის აუცილებლობაზე, რომ ერთიანობაა საჭირო. ასეთი ერთიანობის საფუძვლად გვექცა ფეხბურთელების გამარჯვება და ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება, მაგრამ რა ქნეს პოლიტიკოსებმა? გადაწყვიტეს, რომ ჩვენი წარმატებული ფეხბურთელებიც კი პოლიტიკური ნიშნით დაყონ, რაც სრულიად ამორალურია. შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. ახლა ცდილობს თითქოს კახი კალაძე თავისი იდიოტური ნათქვამის გამოსწორებას, მაგრამ სიტყვას უკან ვეღარ დააბრუნებ, ამიტომ ვურჩევ, ჯერ იფიქრონ და მერე ილაპარაკონ. წაიკითხეთ სრულად