ავტორი:

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარ თავდასხმას ქართველი ქალი ემსხვერპლა - რას წერს ადგილობრივი მედია

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარ თავდასხმას ქართველი ქალი ემსხვერპლა - რას წერს ადგილობრივი მედია

13 აპრილს, ავსტრალიაში, სიდნეიში, დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა სავაჭრო ცენტრში 5 ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა. თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა.

ავსტრალიის მედია აქვეყნებს მსხვერპლთა ვინაობას და მათი ინფორმაციით, მოკლულებს შორის არის საქართველოს მოქალაქე, ფიქრია დარჩია.

"55 წლის ფიქრია დარჩია ერთ-ერთი ხუთ მოკლულს შორის. ის იყო მხატვარი, დიზაინერი. შეეძლო საუბარი სამ ენაზე - ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, სწავლობდა ბიზნესის ადმინისტრირებას. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია", - წერს ABC.

  • ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

უწყების ცნობით, საქართველოს საელჩო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.

“ქართული მხარისთვის ცნობილი არის სიდნეიში, სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად, საქართველოს (და ავსტრალიის) მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. ჩვენ თანავუგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ასევე, ავსტრალიის მთავრობას და ხალხს აღნიშნული ინციდენტის შედეგად დაღუპულთათვის. ქართული მხარე შეშფოთებას გამოთქვამს მომხდარის გამო. საქართველოს საელჩო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები”,- აღნიშნავენ უწყებაში.

  • ცნობისთვის, შემთხვევის შესახებ პოლიციას მალევე შეატყობინეს. ქალმა პოლიციელმა ეჭვმიტანილს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა მისი გამბედაობა შეაქო - ”ის, რა თქმა უნდა, გმირია. ეჭვგარეშეა, რომ მან სიცოცხლე გადაარჩინა“, - თქვა ალბანესმა.

ხელისუფლების განცხადებით, დანაშაულის მოტივი გაურკვეველია, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ საქმე ტერორიზმთან ჰქონდეთ. ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა.

"ეს იყო ძალადობის საშინელი აქტი, გამიზნული უდანაშაულო ადამიანების მიმართ" - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.