"ფიქსირებული რელიგია არ მაქვს. როცა მოწყენილი ვარ, ვცდილობ, ფიროსმანზე ვიფიქრო. როცა ვღელავ ან ეჭვი მეპარება, საკუთარ თავს ვეკითხები, ვაკეთებ თუ არა ისეთ რამეს, რაც ფიროსმანს გააბრაზებს. ამიტომ ფიროსმანი ჩემი ღმერთია" - ამბობს ტაკეჰიდე ჰარადა. 1978 წელს იგი ჩართული იყო გიორგი შენგელაიას ფილმის "ფიროსმანის" იაპონურ პრემიერაში. 24 წლის ასაკში ისე მოიხიბლა ამ ფილმით, იმდენად დაინტერესდა მხატვრის ცხოვრებითა და შემოქმედებით, რომ მას შემდეგ ფიროსმანი არასოდეს გამქრალა მისი შემოქმედებიდან ...
ხელოვანი ტოკიოდან გვესაუბრა:
- მე მქვია ტაკეჰიდე ჰარადა, დავიბადე 1954 წელს, ამჟამად 70 წლის ვარ. ჩემი ამჟამინდელი ტიტულებია მხატვარი, ფიროსმანის მკვლევარი, ქართული კინოფესტივალის ორგანიზატორი. 1974 წლიდან 2019 წლის თებერვლამდე ვმუშაობდი დაგეგმარებასა და საზოგადოებასთან ურთიერთობაში - ივანამ ჰოლში, ტოკიოში. თეატრში, სადაც წარმოდგენილია მსოფლიო შედევრები. ამ დროის განმავლობაში ჩვენ წარმოვადგინეთ 260 ფილმი 60-მდე ქვეყნიდან. პარალელურად, მეც ვაკეთებდი ბევრ ნახატს, მათ შორის ნახატებს წიგნისთვის და ილუსტრაციებს...
მე დავწერე 4 წიგნი საქართველოსთან და ფიროსმანთან დაკავშირებით და ამჟამად 400 გვერდიან წიგნს ვწერ ქართული კინოს შესახებ. წიგნის გამოცემა ივლისში იგეგმება. ასევე დავწერე საქართველოსთან დაკავშირებული მრავალი სტატია ჟურნალებისთვის და ბროშურებისთვის.
- როდის გაიგეთ პირველად ფიროსმანის შესახებ?
- 46 წლის წინ, 1978 წელს, "ივანამ ჰოლში" საქართველოს ფილმის „ფიროსმანის“ იაპონურ გამოშვებაზე მე ვიყავი პასუხისმგებელი. ამ ფილმმა ჩემი ცხოვრება შეცვალა...მაინტერესებდა ფიროსმანი და საქართველო, მაგრამ იმ დროს იაპონიაში გასაცნობად ძალიან ცოტა მასალა იყო. იაპონიაში ჩამოსულმა, ბატონმა გიორგი შენგელაიამ მითხრა: „ფიროსმანი რომ იცოდე, საქართველო უნდა იცოდეო“... სამი წლის შემდეგ, 1981 წელს, პირველად ჩამოვედი საქართველოში და შენგელაიების ოჯახის დახმარებით შევძელი ქართული კულტურის შეცნობა, ზიარება (ეს ფაქტობრივად ჩემი თაფლობის თვე იყო)...
მოხიბლული ვიყავი საქართველოთი. იაპონიაში დაბრუნების შემდეგ კი მინდოდა საქართველოს საოცრება იაპონიაში გადამეტანა. ამიტომ ჩემს მეგობრებთან ერთად ჩამოვაყალიბე „იაპონია-საქართველოს მეგობრების ასოციაცია“ და აქტიურად გავაცანი ქართული ფილმები ივანამ ჰოლში...
2019 წლის ნოემბერში სოფელ მირზაანში ფიროსმანის ფესტივალზე სპეციალური მადლობის სიგელი მივიღეთ. 2022 წელს დავაპროექტეთ იაპონია-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავის ემბლემა და გავმართეთ „წმინდა ფიროსმანის გამოფენა“ თბილისში, ქუთაისში და ა.შ... დეკემბერში მივიღე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურული დამსახურების ჯილდო „საქართველოს უცხოელი მეგობარი“...
ფიქსირებული რელიგია არ მაქვს, როცა მოწყენილი ვარ, ვცდილობ, ფიროსმანზე ვიფიქრო. როცა ვღელავ ან ეჭვი მეპარება, საკუთარ თავს ვეკითხები, ვაკეთებ თუ არა ისეთ რამეს, რაც ფიროსმანს გააბრაზებს. ამიტომ ფიროსმანი ჩემი ღმერთია და ეს ფიროსმანი არის გიორგი შენგელაიას ფილმში ასახული ფიროსმანი. ეს არის ფიროსმანი, რომელიც ყოველთვის მიტრიალებს გონებაში. ფიროსმანი 46 წელია ჩემს გულში სიარულს აგრძელებს, იმ წამიდან, რაც მას შევხვდი.
იგი მხრებზე ატარებს უძველესი დროიდან ქართველის სულს, ის აგრძელებს ქართველთა იდეალური სამყაროსკენ სვლას. მის ნახატებში ყველაფერია ქართველების კარგი და ფუნდამენტური სამყაროს შესახებ.
- რას იტყოდით საქართველოზე?
- საქართველო ულამაზესი სამოთხეა. თუმცა, ისტორიულად, ომები არასოდეს შეწყვეტილა. მე მჯერა, რომ ამ სამოთხის ხსოვნა ეკალივით არის ჩადებული ყველა ქართველის გულში და ეგ ეკალი ჩემს გულშიც ჩაერჭო. აქამდე 10-ზე მეტჯერ ვარ ნამყოფი საქართველოში, მაგრამ წელს ქართული ფილმების შესახებ წიგნის გამოცემისა და ქართული ფილმების ჩვენების გამო ვერ ვესტუმრები. მომავალ წელს მინდა ვეწვიო, თუ მოხერხდება. ყოველთვის, როცა საქართველოში მუზეუმში მივდივარ, ვცდილობ ვნახო მხატვრების ნამუშევრები, რომლებსაც არ ვიცნობ...
ქართველი მხატვრების შემოქმედება ყოველთვის სუფთაა, ძალიან ორიგინალური და ახალ შთაგონებას მაძლევს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის დიდი ქვეყანა, მეორე მხრივ, ვგრძნობ, რომ მას ძალიან ღრმა შინაგანი სიღრმე აქვს... რეჟისორმა - ოთარ იოსელიანმა ერთხელ თქვა, რომ ქართველებს უჭირთ ერთი იდეის მქონე ჯგუფად შეკრება. საინტერესოა, რომ არსებობს მრავალხმიანობისა და სუფრის კულტურა, რომელიც ზედ საოცარ ჰარმონიას ქმნის.
იაპონია ზუსტად საპირისპიროა. იაპონიაში ჯგუფში ყოფნა უფრო პატივს საცემია, ვიდრე ცალკე ინდივიდად. ვფიქრობ, იაპონელებს ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ ამ განსხვავებაზე.