დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ეროვნული ნაკრების წევრის, გიორგი ქოჩორაშვილის მამა "ნაცია“.
როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, როინ ქოჩორაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელია.
"რატომ გაგიკვირდათ? რა არის პრობლემა? როინ ქოჩორაშვილი "ნაცია“. გახარიას პარტიის წარმომადგენელია. ჩემზე უკეთ იცით ეს და რა არის ამაში გასაკვირი“,- აღნიშნა კალაძემ.
კითხვაზე, რას ნიშნავს, როდესაც ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ ევროპა უნდა, კალაძე განმარტავს, რომ ევროპა ყველას უნდა.
"რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვინდა ევროპა. როგორ ფიქრობთ, მე არ მინდა ევროპა? პირველ რიგში, ევროპა საქართველოში მინდა. ჩვენ ევროპულად უნდა ვიცხოვროთ. ეს დგას სამართლიანობაზე, განსხვავებული აზრის მიღებაზე, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე, საკუთრების უფლების დაცვაზე, ბიზნესის თავისუფლებაზე. ეს არის ძირითადი პრინციპები, რომელსაც მივყვებით და ვიცავთ. როდესაც ვსაუბრობთ, ევროპა და ევროპული მომავალი მინდა, ეს არ ნიშნავს ჩვენს ქვეყანასა და სახელმწიფოებრიობაზე უარს. რატომ ვიბრძოლეთ? - იმისთვის, რომ დამოუკიდებლები ვყოფილიყავით, თავისუფალი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ვიღაცას, თუ ერთი ბატონით მეორე ბატონით ჩანაცვლება დემოკრატია გონია, ასე არ არის“, - აღნიშნა კალაძემ.
ცნობისთვის, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტთან დაკავშირებით გუშინ დედაქალაქში მარში გაიმართა. თბილისში მიმდინარე აქციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი. მან "ინსტაგრამის" "სთორიში" აქციაზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ამასთან, "ფეისბუქ“ პოსტი დაწერა გიორგი ქოჩორაშვილის მამამ, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს გზა ევროპაშია.
იხილეთ ასევე: