ბიუროს სხდომაზე, რომელიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვას დაეთმო, ხმაური იყო.
"მაცადეთ! შალვა როგორ ატარებს ხოლმე, ასე? ძალიან დავიძაბეთ!", - ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს. სხდომას ვოლსკი თავად უძღვებოდა.
მსხილაძემ მოსაზრების დაფიქსირება საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების გამეორებით დაიწყო, რა დროსაც მას გია ვოლსკიმ სიტყვა გააწყვეტინა და სთხოვა, პირდაპირ დასკვნით ნაწილზე გადასულიყო.
"კონკრეტულად გვითხარით თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. იმას, რაც ითქვა, ნუღარ გაიმეორებთ. თქვენ ბჭობაში ნუ შემოდიხართ! ბიუროს წევრები ერთმანეთს უპირისპირდებიან, თქვენ კი არ გაქვთ ამის უფლება! თქვენ თუ პოზიციას ასე აყალიბებთ, როგორც თქვენ ამბობთ, ეს ნიშნავს, რომ რაღაც პოზიციით შემოდიხართ, მაშინ დაჯექით ბიუროს წევრად! თქვით თქვენი პოზიცია, რას უპირებთ! გაწყვიტეთ [თქვენ მიერ დაწყებული] აზრი და პირდაპირ დასკვნა გვითხარით“, - მიმართა ვოლსკიმ მსხილაძეს.
"ბიუროზე უკვე აღინიშნა, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში ჩვენ ვკითხულობთ, რომ აღნიშნული კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდა აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება მოახდინა, ამას მოჰყვა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურება.
ევროკავშირის წარმომადგენლებმა, ისევე როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა მოგვიწოდეს, რომ აღნიშნული კანონპროექტი არ იყოს საერთოდ დარეგისტრირებული და მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ. ამიტომ, მოგიწოდებთ აღნიშნული კანონპროექტი საერთოდ არ გაატაროთ რეგისტრაციაში ბიუროზე!“ - განაცხადა მსხილაძემ.
დეპუტატის თქმით, ეს კანონი "ბრძოლის კანონია“.
"მეორე კანონიც რომაა შემოტანილი პარლამენტში, ესეც ბრძოლის მოტივით არის შემოტანილი [ოპოზიციის მიერ წარდგენილი], ამ კანონის ["ქართული ოცნების“ მიერ დაინიცირებულის] სულისკვეთებას ასახავს, უბრალოდ, იქ გამოთქმულია მოსაზრება ვის ვებრძვით. სინამდვილეში, ამ კანონის ამოქმედებით ყველასთან, მათ შორის ქართველებთანაც ბრძოლა გამოვა. მაგრამ რომ იცოდეთ, არც ერთ ასეთ კანონს არ ვეთანხმები სამყაროში. მიმაჩნია, რომ ეს ბრძოლის კანონია. უნდა დავასახელოთ ვის ვებრძვით და ჩემი აზრით, ვისაც ზოგადად ყველაზე მეტად ებრძვიან ამ კანონით, არის აშშ. მე მგონი, ეგ ქვეყანა ჩვენგან ბროლას არ იმსახურებს“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.