ავტორი:

სალვადორის პრეზიდენტი უცხოელ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს მოქალაქეობას ჰპირდება

სალვადორის პრეზიდენტი უცხოელ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს მოქალაქეობას ჰპირდება

სალვადორი უცხოელ მაღალკვალიფიციურ მუშაკებს 5 000 უფასო პასპორტს ჰპირდება. განცხადება პრეზიდენტმა ნაიიბ ბუკელემ გააკეთა, რომლის მიზანიც ქვეყნის ეკონომიკის უცხოური ინვესტიციებით გაძლიერებაა.

"მეცნიერებს, ინჟინრებს, ექიმებს, მხატვრებს და ფილოსოფოსებს "მოქალაქის სრული სტატუსი" მიენიჭებათ, არჩევნებში ხმის მიცემის უფლების ჩათვლით", - აცხადებს პრეზიდენტი X-ზე.

პრეზიდენტი პირობას იძლევა, რომ ელ სალვადორი ჩამოსულ პროფესიონალებს ასევე ხელს შეუწყობს საცხოვრებლის შეცვლაში და გადაადგილებისთვის საჭირო გადასახადებსაც გაუნულებს. ბუკელემ აღნიშნა, რომ ასეთი ადამიანების წვლილს დიდი გავლენა ექნება ცენტრალური ამერიკის ქვეყნის მომავალზე.

ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის მეთაურობის პერიოდში ელ სალვადორში არაერთი საკამათო რეფორმა გატარდა. 2021 წელს ელ სალვადორმა ბიტკოინი, აშშ-ს დოლართან ერთად, გადახდის კანონიერ საშუალებად მიიღო. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა არაერთხელ ურჩია ქვეყანას კრიპტოვალუტაზე უარის თქმა მაღალი ცვალებადობის რისკების მოტივით, თუმცა უშედეგოდ.

ბუკელე ასევე მკაცრი ხერხებით დაუპირისპირდა ქვეყანაში მოხშირებულ კრიმინალს, რამაც, მისი თქმით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა უსაფრთხოება, თუმცა ოპოზიციის თქმით, ამან ადამიანების უფლებების ფართომასშტაბიანი დარღვევა გამოიწვია: მასობრივი დაკავებები და სავარაუდოდ, ციხეებში წამებაც.

  • ცნობისთვის:

სალვადორი ( El-Salvador ) - სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე.

ფართობი - 21 ათ. კმ2.

მოსახლეობა - 6,1 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა - ესპანური.

დედაქალაქი - სან-სალვადორი.

ადმინისტრაციულად იყოფა 14 დეპარტამენტად.

სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი საკანონმდებლო კრება (პარლამენტი).

დამოუკიდებლობა მოიპოვა 1821 წელს, რესპუბლიკად გამოცხადდა 1841 წელს. სალვადორი აგრარული ქვეყანაა.

მთავარი საექსპორტო კულტურებია - ყავა, ხილი, შაქრის ლერწამი, ბამბის ბოჭკო.

საზღვაო პორტები - აკახუტლა, ლა-ლიბერტადი, ლა-უნიონი, პუერტო-კუტეკო.

საერთაშორისო აეროპორტია სან-სალვადორში.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 15,5 ათ. კაცი (2012). სახმელეთო ჯარები 13,8 ათ. კაცი, სამხედრო-საჰაერო 0,95 ათ., სამხედრო-საზღვაო 0,75 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა