ავტორი:

წიგნი, რომელიც დაგაფიქრებთ ცხოვრებაზე და თავს ადამიანად გაგრძნობინებთ - ალექსანდრ დიუმას "ქალი ხავერდის ყელსაბამით"

წიგნი, რომელიც დაგაფიქრებთ ცხოვრებაზე და თავს ადამიანად გაგრძნობინებთ - ალექსანდრ დიუმას "ქალი ხავერდის ყელსაბამით"

სერია „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ გრძელდება და მისი მესამე წიგნი გახლავთ ალექსანდრ დიუმას “ქალი ხავერდის ყელსაბამით“. ათასობით ადამიანის არჩევანი ამჯერად მე-19 საუკუნის ამ გამორჩეულ რომანზე შეჩერდა.

უდიდეს ლიტერატურულ სამყაროში არსებობს განსაკუთრებული წიგნები, რომელთაც მისტიკური და მომაჯადოებელი აურა აქვთ და სწრაფად იპყრობენ მკითხველის გულის თავისი საინტერესო პერსონაჟებითა და ისტორიებით. სწორედ ასეთია „ქალი ხავერდის ყელსაბამით“, რომელიც ისტორიული და რომანტიკული ჟანრის საუკეთესო ნაზავია.

ალექსანდრ დიუმამ „ქალი ხავერდის ყელსაბამით“ 1850 წელს დაწერა და მიუძღვნა თავის მეგობარს, მწერალ შარლ ნოდიეს, რომელიც 1844 წელს გარდაიცვალა. ნაწარმოებში მოქმედება 1793 წლის საფრანგეთში ვითარდება. ეს რევოლუციური ტერორის ეპოქაა, როდესაც შეუსვენებლად „მუშაობს“ გილიოტინა, „თავისუფლებისა და წესრიგის“ ათასობით დამცველის თვალი დაუღალავად ეძებს ახალი რეჟიმის მტრებს. თუმცა პარიზი მაინც ყველას იზიდავს. გამონაკლისი არც გერმანელი სტუდენტი ჰოფმანია.

ავტორის სხვა რომანებთან შედარებით, „ქალი ხავერდის ყელსაბამით“ ნაკლებად ცნობილი ნაწარმოებია მიუხედავად იმისა, რომ ის მკითხველის გულს პირველივე გვერდებიდან იპყრობს. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ წაკითხული ეს რომანი, გაგაცნობთ რამდენიმე მიზეზს, რომელიც მის წაკითხვას აუცილებლად გადაგაწყვეტინებთ.

დამაინტრიგებელი სიუჟეტი: "ქალი ხავერდის ყელსაბამით" ცნობილია თავისი საინტერესო და ჩახლართული სიუჟეტით. მწერალი მკითხველს ამოგზაურებს მაღალი საზოგადოებრივი ფენების გლამურულ, მაგრამ ღალატით სავსე ცხოვრებაში, იქ, სადაც თითოეული კედლის მიღმა ინტრიგა იმალება.

რთული პერსონაჟები: დიუმას არ უყვარს მარტივი პერსონაჟები. რომანის თითოეული გმირი, იდუმალებით მოცული ემილი დიუვალით დაწყებული ხავერდის ყელსაბამიანი ქალით დასრულებული, ავტორის უდიდესი შრომის შედეგია. წიგნში კარგად არის გადმოცემული მათი სურვილები და მიზნები, დადებითი და უარყოფითი თვისებები. მკითხველი მათთან ერთად განიცდის თითოეულ ქმედებას, ხშირად ეთანხმება და გულშემატკივრობს, ხშირად კი მათ არჩევანს ეჭვქვეშ აყენებს.

ისტორიისა და სასიყვარულო თავგადასავლის საუკეთესო კომბინაცია:

მეოცნებე ხელოვან ჰოფმანს მთელი სამყარო ერთ დიდ თეატრად წარმოუდგენია, რომლის მთავარი სცენა სწორედ პარიზია. ზუსტად ამ ქალაქში მას დაუჯერებელი თავგადასავალი ელის. იგი ხან რეალურ, ხანაც ირეალურ სამყაროში აღმოჩნდება, მის გარშემო განვითარებული მოვლენები კი ხშირად ფანტასტიკურ ელფერს იძენს. ნამდვილად არსებობს თუ ჰოფმანის წარმოსახვის ნაყოფია ხავერდის ყელსაბამიანი ქალი? სინამდვილეში ვინ არის იდუმალი ჩია კაცი? რა ხდება გილიოტინასთან შუაღამის პარიზში? − ეს არის შეკითხვები, რომლებიც მუდამ ტრიალებს მკითხველის გონებაში. კითხვისას ნაწარმოებიც ზუსტად ისევე ჩაგითრევთ, როგორც ჰოფმანი ჩაითრია რაღაც ზებუნებრივმა მოვლენამ იმ ირეალურ სამყაროში, საიდანაც თავის დაღწევა თან უნდა და თან – არა.

რომანის კითხვისას რევოლუციის წლების პარიზის სულს შეიგრძნობთ. აქ დღისით სიკვდილის ეშაფოტს უსწორებთ თვალს, ღამით კი ფრანგულ ღვინოსა და გართობას ეზიარებით.

ეს გახლავთ წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხოთ არა იმიტომ, რომ წასაკითხია, არამედ იმიტომ რომ უფრო მეტად დაფიქრდეთ ცხოვრებაზე და მეტად შეიგრძნოთ თავი, როგორც ადამიანმა.

ახალი სერიის ფარგლებში, „ქალი ხავერდის ყელსაბამით“ 15 აპრილს გამოვა და ერთი კვირის განმავლობაში მისი სპეციალური ფასი 10 ლარი იქნება.

შეგახსენებთ, რომ პროექტი „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ 15 წლის იუბილეს აღნიშნავს. საქართველოში ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ლიტერატურული პროექტია, რომელიც გამომცემლობა „პალიტრა L”-მა, წლების წინ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად განახორციელა. 50 რჩეული წიგნი სწორედ ქართველმა მკითხველმა შეარჩია. 15 წლის შემდეგ, გამომცემლობამ გადაწყვიტა, სერიას კიდევ 15 წიგნი შემატოს, რისთვისაც კვლავ გამოკითხვა ჩაატარა. მასში მონაწილეობა ათასობით ადამიანმა უკვე მიიღო. ხმის მიცემა რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა გზით მიმდინარეობდა და პირველი ხუთეული უკვე ცნობილია.

R