ავტორი:

"ბევრისთვის ასთმის წამალი არც ისე კარგად მოქმედებს, ეს კვლევა სწორედ მათთვის არის მნიშვნელოვანი" - რა სიახლეზე საუბრობენ ბრიტანელი მეცნიერები?

"ბევრისთვის ასთმის წამალი არც ისე კარგად მოქმედებს, ეს კვლევა სწორედ მათთვის არის მნიშვნელოვანი" - რა სიახლეზე საუბრობენ ბრიტანელი მეცნიერები?

ლონდომის სამეფო კოლეჯის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ასთმის შეტევის დროს, სასუნთქი გზების უჯრედები, ხშირად განადგურებამდე იკუმშება. ამიტომ, მათი რჩევით, წამლების ნაცვლად, რომელიც შეტევის შედეგებზეა ორიენტირებული უნდა შეიცვალოს საშუალებით, რომელიც უჯრედების შეკუმშვას შეუშლის ხელს.

  • ასთმის მქონე ადამიანების სასუნთქი გზები მგრძნობიარეა ისეთი გამოწვევების წინაშე, როგორიცაა მტვერი, შინაური ცხოველები და ვარჯიშიც კი. არსებულმა წამლებმა ან ინჰალატორებმა შესაძლოა, შეამცირონ ანთება და დაეხმარონ სასუნთქი გზების გახსნას, მაგრამ განმეორებითმა შეტევებმა შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი ნაწიბურები და სასუნთქი გზების შევიწროება.

ბრიტანელი მეცნიერების ჯგუფმა დეტალურად შეისწავლა ეს პროცესი თაგვებისა და ადამიანის ფილტვის ქსოვილის ნიმუშების გამოყენებით. წამყვანი მკვლევარი, პროფესორი ჯოდი როზენბლატი ამბობს, რომ ბრონქოკონსტრიქციამ დააზიანა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსი, რაც იწვევს ხანგრძლივ ანთებას, ინფექციებს და ამ ყველაფერს მოჰყვება უფრო მეტი შეტევები.

მათი მტკიცებით, ადრე ამ დაზიანებებს არ უთმობდნენ სათანადო ყურადღებას, რადგან მთელი ყურადღება შეტევაზე მახვილდებოდა. ერთ-ერთი შესაძლო პრევენციული მკურნალობა, რომელსაც მკვლევარები იკვლევენ, არის ელემენტი სახელად „გადოლინიუმი“, რომელიც წარმატებულად მუშაობს თაგვებში, თუმცა ასეთივე ეფექტური იქნება თუ არა ის ადამიანებში, უცნობია. პასუხის გაგებას წლების მანძილზე ჩატარებული ცდები დასჭირდება.

ორგანიზაცია Asthma + Lung UK-ის დირექტორის, სამანტა უოკერის თქმით, ეს სიახლე მკურნალობის ახალი ვარიანტების შესწავლის საშუალებას იძლევა, რომელიც ასთმით დაავადებული ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

"ვიცით, რომ არის ბევრი ადამიანი, ვისთვისაც ასთმის წამალი არც ისე კარგად მოქმედებს. სწორედ ამ კატეგორიისთვის ეს კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - აცხადებს იგი.

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი