3 აპრილს, პორტუგალიის ქალაქ გიმარაეშში სტარტი ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატმა აიღო, რომელიც ქართველი სპორტსმენებისთვის წარმატებული გამოდგა. მოგეხსენებათ, პირველივე დღეს, უმცროსი ასაკობრივი ჯგუფის გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, რაც ისტორიაში პირველად მოხდა. ეროვნულმა ნაკრებმა როგორც კვალიფიკაციაში, ასევე ძირითად ბადეში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და უახლოეს მდევრებს იტალიელებსა და გერმანელებს დიდი უპირატესობით სძლია. საქართველოს სახელით სამი ტანმოვარჯიშე, ნინო ქორიძე, მაია ბოჭორიძე და ანა ლაპიაშვილი წარდგნენ.
ახალგაზრდული გუნდის წევრებმა საქართველოს ჰიმნი გიმარაეშში მეორედაც ააჟღერეს (პორტუგალია). გუნდურში ჩემპიონობის შემდეგ, ამჯერად წარმატება მიღწეულია სინქრონულ ხტომებში. კვარცხლბეკს პირველ საფეხურზე ასვლა შეძლეს ანა ლაპიაშვილმა და მაია ბოჭორიძემ, რომელთა გამოსვლამაც მსაჯებისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი დუეტი პორტუგალიაში კონტინენტის პირველობაზე სინქრონულ ხტომებში მოქმედი ჩემპიონის რანგში წარსდგა. საპრიზო ადგილის დაკავებასთან ახლოს იყო ლუკა ლომთათიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილი. საკვალიფიკაციო ეტაპზე ვაჟებმა კარგად იასპარეზეს და ფინალში მესამე შედეგით გავიდნენ, მაგრამ ცოტა დააკლდათ და სამეულს ერთი საფეხურით ჩამორჩნენ.
ქართველი წყვილი სინქრონულ ხტომაში ევროპის ჩემპიონია.
მანამდე კი სინიორებს შორის საქართველოს ნაკრებმა, ლუბა გოლოვინას, მარიამ რაგიმოვის, ანანო აფაქიძისა და თეონა ჯანჯღავას შემადგენლობით, გუნდურ ასპარეზობაში ვერცხლის მედლები მოიპოვა.