ჩვენს წარმატებულ ფეხბურთელს თენგიზ სულაქველიძეს მისი სახელობის საფეხბურთო აკადემიაში ვესტუმრე. ყველა დროის საუკეთესო მცველი და ნახევარმცველი დღესაც ფორმაშია და ისევ ფეხბურთს ემსახურება, ახალი თაობის აღზრდაში დიდი წვლილი შეაქვს. ფეხბურთის გარეშე არც ვიცი, რა უნდა მეკეთებინაო - მითხრა... ჩემპიონი, არაერთი პრიზისა და პრესტიჟული თასის მფლობელი,1988 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონი, 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე, სპორტის რაინდის წოდების მქონე ფეხბურთელი გულისხმიერად დაგვხვდა. ვისაუბრეთ საქართველოს ნაკრების გასაოცარ წარმატებაზე, გავიხსენეთ წარსული და სამომავლო პერსპექტივებიც დავსახეთ.
- უდიდესი საქმე გაკეთდა. უდიდესი საქმეა, როდესაც შენი ქვეყნის, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გადის. ეს იყო იმ დაუღალავი შრომის შედეგი, რაც აქამდე იქნა გაწეული, რაც გუშინ და დღეს არ დაწყებულა. ყველაფერი თაობებმა მოიტანეს, ბიჭებმა, რომლებიც ბოლო წლებში საქართველოს ნაკრებში თამაშობდნენ - მათი დამსახურებაა და ამ შედეგებამდე მოვიდნენ. საერთოდ კი, ყველაფერი საქართველოს ფეხბურთის დამსახურებაა. დასამალი რა არის, როდესაც საქართველოს ნაკრები ჩამოყალიბდა (1991-1992 წლები), უმძიმესი პერიოდი იყო. არც მერე იყო ნაკლები სირთულეები. ამიტომ 5-6 წელი საქართველოს ნაკრები ჩემს აკადემიაში ვარჯიშობდა, რადგან ამისთვის ადგილი თბილისში არ იყო. ეს ბიჭები კი მაშინ იყვნენ - კალაძე, კობიაშვილი, დემეტრაძე, იაშვილი... ახლა ნაკრებს საოცარი პირობები აქვს და ეს ფედერაციის დამსახურებაა, ასევე სახელმწიფოსი. პირველ რიგში კი თვითონ გუნდმა, თავდადება გამოიჩინა. ასეთ თავდადება, რაც ბერძნებთან მატჩის დროს იყო, იშვიათი შემთხვევაა.
- ბერძნები ძალიან უხეშობდნენ...
- და არასპორტულადაც იქცეოდნენ. იყო ხელით ჩარტყმებიც და ბინძური მეთოდებით უნდოდათ, ჩვენი ბიჭების წყობიდან გამოყვანა. მიმაჩნია, რომ კვარაცხელიადან დაწყებული, მეკარით დამთავრებული, მაგრად ითამაშეს. გუნდი რომ იყო მოედანზე, ეს იგრძნობოდა. მაქსიმუმი, რაც შეძლეს, დადეს. ამისთვის მადლობა მათ. თამაშამდე რამდენიმე ტელევიზიას ინტერვიუ მივეცი, სადაც აღვნიშნე, ისეთი განწყობა მაქვს, რომ ნაღდად მოვიგებთ და ევროპაზე გავალთ-თქო... ფედერაციამ ნაკრებს ხელი დიდად შეუწყო, რომ ბიჭებმა, გარდა თამაშისა, არაფერზე იფიქრონ. კიდევ მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ და კიდევ მეტი დაფინანსება ქართულ ფეხბურთს.
- თქვენი აკადემიის აღსაზრდელებიდან ვინ თამაშობდა 26 მარტს ნაკრების შემადგენლობაში?
- საბა კვირკველია. მისი მწვრთნელი ვახტანგ კოპალეიშვილი იყო, უბრწყინვალესი პიროვნება, რომელიც სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ჩვენს აკადემიაში მუშაობდა და საბა აქ გაიზარდა. ვამაყობ, რომ ჩემი აკადემიის აღზრდილი ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. არ მინდა, ვინმე გამოვარჩიო, მაგრამ რადგან საბა ვახსენეთ, ვიტყვი, რომ რაც უთამაშია, ეს ორი თამაში იყო საუკეთესო.
- როგორც წარმატებულ ფეხბურთელს იმ შემადგენლობაში და მოედანზე ყოფნა არ გინდოდათ?
- რა თქმა უნდა, მინდოდა. ყველაზე მეტად რაზეც გული მწყდება, ეს არის, რომ საქართველოს ნაკრების მაისური არ ჩამიცვამს.10 წელი საბჭოთა კავშირის ნაკრებში კი ვითამაშე, მაგრამ ის საბჭოთა კავშირის ნაკრები იყო. ბედნიერი ვიქნებოდი, რომ საქართველოს მაისური მცმოდა და ერთი თამაში ამ მაისურით მაინც მეთამაშა, - ეს სხვა რამეა...
- ე.ი. მოედანზე გასვლის სურვილი ისევ გაქვთ.
- რა თქმა უნდა. ახლაც, აკადემიაში, კვირაში 2-3-ჯერ პატარებთან მოედანზე შევდივარ და რაღაცებს ვანახებ, როგორ აკენწლონ, რაღაცებს ვკარნახობ, ჩართული ვარ ბავშვების აღზრდაში. ფეხბურთი ჩემთვის ცხოვრებაა. უფეხბურთოდ რა უნდა მეკეთებინა, ნამდვილად არ ვიცი...
- პირველი განათლებით პედაგოგი კი ხართ...
- პედაგოგიური ქუთაისში, „ტორპედოში“ რომ ვთამაშობდი, მაშინ დავამთავრე, იურიდიული - უკვე თბილისის „დინამოში“ რომ გადმოვედი. განათლება ცხოვრებაში აუცილებელია, მაგრამ მაინც ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს. ფეხბურთის იმხელა სიყვარული მქონდა, ფეხბურთს თავი რომ დავანებე, განვიცადე. 32-ს გადაცილებული ვიყავი... საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ძალიან ცუდი ჩემპიონატი იყო, იმხელა დატვირთვა გვქონდა, ორგანიზმი დიდხანს ვერ უძლებდა. თუ 30-32 წლამდე მიხვიდოდი, ეს მაქსიმუმი იყო. მე იმიტომ კი არ დავანებე თავი, რომ თამაში აღარ მინდოდა, ვგრძნობდი, რომ უკვე უნდა დამენებებინა. როდესაც თბილისის „დინამოში“ თამაშობ, როგორც მოსვლით უნდა გაახარო მაყურებელი, ისე - წასვლით.
- ვინ არიან ადამიანები, ვინც გადაწყვიტეს, რომ ფეხბურთში უნდა ყოფილიყავით?
- რამდენიმე პიროვნება და ყველას მადლობა. ჩემი პირველი პედაგოგი მიშა ლოსაბერიძე იყო, შემდეგ - კარლო ხურციძე. ქუთაისის "ტორპედოში" გიგა ნორაკიძემ ამიყვანა, საიდანაც დაიწყო ჩემი კარიერა. მერე თბილისის „დინამოს“ დიდებულმა მწვრთნელმა, ნოდარ ახალკაცმა ჩემში რაღაც დაინახა და თბილისის „დინამოში“ გადმომიყვანა. ამ ადამიანის ძალიან მადლიერი ვარ... 20 წლის ვიყავი, ბევრი რამ მაკლდა, თუნდაც ტექნიკა, რაღაცები სრულყოფაში იყო მოსაყვანი. ამიტომ ინდივიდუალურად მეტყოდა ხოლმე - ეს უნდა გააკეთო და ვარჯიშის შემდეგ ვრჩებოდი, ვვარჯიშობდი და იმ ნაკლოვანებებს ვასწორებდი. ახალკაცი სხვადასხვა პოზიციებში მათამაშებდა, ამან მეტად გამხსნა, დამხვეწა - მეტი დიაპაზონიც მქონდა. ფეხბურთელმა ნებისმიერ ადგილზე უნდა ითამაშო. მიწევდა მოწინააღმდეგეების ძლიერი ფეხბურთელების პერსონალური აყვანა, ცოტა რთული იყო, მაგრამ საინტერესო. როცა საშუალება მომეცემოდა, შეტევაშიც ვერთვებოდი.
- გავიხსენოთ 1981 წლის 13 მაისის საოცარი დღე, მოპოვებული დიდი წარმატება და თასების მფლობელთა თასით მიღებული დიდი სიხარული... თქვენ იმ საოცარ შემადგენლობაში იყავით...
- ჯერ იმას ვიტყვი, რომ "დინამოში" თამაში ეს იყო ბედნიერება. მონაწილე ვარ იმ 1981 წლის მატჩის და მიხარია. იმიტომ, რომ ისეთი დიდი წარმატება საგუნდო დონეზე, საქართველოს არ ჰქონია.1964 წელს კი გახდნენ საბჭოთა კავშირის ჩემპიონები, მაგრამ საბჭოთა კავშირის ჩემპიონები ჩვენც გავხდით და საბჭოთა კავშირის თასიც ავიღეთ, მაგრამ 1981 თასების მფლობელთა თასი გამორჩეული რამ იყო. ამ დიდი გამარჯვების მონაწილე ვარ და ბედნიერი, რომ დიდ ტურნირში მაქვს მონაწილეობა მიღებული.
- იმ მატჩის შემდგომი ემოციები როგორი იყო?
- თამაში რომ დასრულდა არ მჯეროდა, რომ თასი ჩვენი იყო. თუმცა იქ, ადგილზე ვერც ვიგრძენით, თურმე აქ საოცრება ხდებოდა. იმ ემოციების თვითმხილველები არ ვართ, რაც გამარჯვებას მოჰყვა. თურმე აქ უნდა ყოფილიყავით, რომ ის სიხარული შეგვეგრძნო. ის სასწაული, უკვე ამდენი წლის მერე, თბილისში, 26 მარტს ვნახე და შევიგრძენი. წარმოვიდგინე, რომ ასეთი ამბავი იქნებოდა1981 წელსაც. ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი კიდეც, რომ ამისთვის ღირს, თავი მოიკლა და მაყურებელი გაახარო. ჩვენთან ხალხს ფეხბურთი მაინც ძალიან გვიყვარს. თუ ოდნავ რაღაცას მიაღწიე, მაყურებელი, გულშემატკივარი გვერდში გიდგას... ჩვენი თაობა, როდესაც სტადიონზე სათამაშოდ საათ-ნახევრით ადრე მივდიოდით და სტადიონზე გასახურებლად გამოვდიოდით, ვხედავდით ტრიბუნები ხალხით როგორ ივსებოდა. ეს ბედნიერებაა. თუ მაყურებელი არ გყავს, ჩათვალე, რომ უბრალოდ ვარჯიშობ. ამიტომ ერთგული მაყურებლისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ სტადიონიდან გახარებული გაუშვა.
- იმ საოცარ გუნდს ვიტალი დარასელია ძალიან ახალგაზრდა, მალე გამოგაკლდათ...
- ის იყო ბრწყინვალე ადამიანი და ფეხბურთელი. ვიტალის გარდაცვალებამ ჩვენ მაგრად დაგვწია უკან - ფაქტობრივად, ჩამოვიშალეთ. ჯერ ერთი ასეთი ახალგაზრდა კაცის გარდაცვალება დიდი ტრავმა იყო. სამწუხარო ავარია მოუვიდა და დაიღუპა. იმის მერე რაც წარუმატებლობა ჰქონდა „დინამოს“, ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო, ისეთი დიდი ტრავმა მივიღეთ, რომ შოკიდან ვერ გამოვედით.
- 1981 წელმა რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში?
- ის, რომ ფეხბურთში დავრჩი, ამ სფეროს ვემსახურები, რომ არსებობს ჩემი სახელობის აკადემია, რომელიც 24 წლის წინ დავაფუძნეთ. დღემდე აქ ვარ. კარგია, რომ ჩვენთან ამდენი ბავშვი მოდის, 2 კვირაც არ გასულა, რაც ამ დიდ წარმატებას მივაღწიეთ და აკადემიაში მსურველთა რაოდენობამ მოიმატა. ძალიან მიხარია, ფეხბურთი არის ჩემი ცხოვრება!
- ბავშვებს რას ეუბნებით, რას ასწავლით?
- ბავშვი ცელქი უნდა იყოს, მაგრამ უზრდელი არა. ამიტომ პირველი ამას ვეუბნები, რომ ზრდილობიანები უნდა იყვნენ. აქ რომ მოდიან, ზრდილობა უნდა ჰქონდეს თითოეულს. ასეთ ადამიანთან მუშაობა და ურთიერთობა ადვილია... დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე აქ ვარ და მათ გარემოცვაში ვატარებ დროს და ცხოვრებას.
- ოჯახის წევრებიც აქ გყავთ, ხომ?
- კი, შვილი აქაა, ჩემთან ერთად, ვიცე-პრეზიდენტია. შვილიშვილი "ლოკომოტივში“ თამაშობს. სამივე თენგიზი ვართ. სულ უმცროსი თენგიზი წელს აბარებს უნივერსიტეტში. კარგად სწავლობს და ფეხბურთს არა უშავს თამაშობს. თუ ითამაშა მომავალშიც, ხომ კარგი, თუ არადა, რა პროფესიასაც აირჩევს, კი მას გაჰყვება. მეუღლეც აქ მუშაობს. მოკლედ სულ ფეხბურთით ვცხოვრობთ და ჩვენი სასაუბრო თემაც ფეხბურთია. ახლა ჩემი შვილი ესპანეთშია, ადვოკატთა ასოციაციის გუნდის მწვრთნელია. აკადემიაში ძირითადად ეგ ალაგებს ყველაფერს. ესაა ჩვენი საყვარელი საქმე, რომელიც მე პირადად ნულიდან დავიწყე. ამ ადგილას ნაგავსაყრელი იყო, 2 წელი მარტო გასუფთავებას მოვუნდი. ეს ნაძვები და აქაურობის გამწვანება, სულ ჩემი ხელით მოხდა. 700 ძირი ნაძვი მექნება დარგული. გარდა ამისა, აქვე გავაკეთე ხეხილის ბაღი, ყველანაირი ხილია. იცით, რატომ? ბავშვობაში ჩემს ოჯახს ძალიან უჭირდა, ბევრჯერ ყოფილა, რომ ვარჯიშზე მშიერი წავსულვარ. ხილიც მაკლდა... მოკლედ, აქ ყველაფერი რომ მოვაწყვე, პირველი რაც გავაკეთე, ხეხილი ჩავყარე. სიტყვაზე მშიერი ბავშვი რომ მოვიდეს, ვაშლს, მსხალს მოწყვეტს და ცოტა მოსულიერდება.
- თქვენი და მარადონას მოედანზე შეხვედრის ამბავიც მოგვიყვეთ...
- საბჭოთა კავშირის ნაკრებში ვარ. არგენტინის ნაკრებს ვხდებით. დილით საუზმეზე ჩამოვდივარ და მწვრთნელი, ბესკოვი მეძახის. შენ უნდა დაიჭირო მარადონაო - მეუბნება. შევწუხდი, ამ 22 კაცში რაღა მე ამარჩია. მარადონას დაჭერა არ გინდა-მეთქი?! ამხანაგური თამაში კი იყო, მაგრამ ამხანაგური და ოფიციალური ერთნაირად უნდა გეთამაშა. თუ არა და გაგიშვებდნენ. მოკლედ, თამაშამდე ბევრს ვფიქრობდი ამ დავალებაზე. თუ ამას ვერ შევძლებ, ალბათ ჩემი ბოლო თამაში იქნება ნაკრებში-მეთქი... რაც შევძელი, გავაკეთე... გავიდა დრო და ნაკრებში ისევ დამიძახეს, ეტყობა, იმ დღეს კარგად ვითამაშე, ისე, არავინ გამომიძახებდა... ისე, შინაგანად მაინც გამიხარდა, რომ ამხელა ფეხბურთელთან მომიწია პერსონალურად თამაში... წლების შემდეგ ამხანაგურ თამაშზე თბილისში ვეტერანები შეხვდით. მე და საშა ჩივაძე „დინამოს“ სტადიონზე მარადონას შევხდით. თარჯიმანმა აუხსნა, ვინ ვიყავით და სურათები გადავიღეთ. აი, ეს სურათი სადაც მე და მარადონა ვართ, ჟურნალისტმა მომიტანა. თბილისის „დინამოს“ სტადიონზეა გადაღებული. ასე ახლოს რა მინდოდა მასთან, ვეტერანების თამაში იყო, მოდუნდი, გაერთე, მაგრამ სისხლში რომ მაქვს ეს ფეხბურთი, რა ვუყო?! საერთოდ ჩემი პლუსი იყო ძლიერი ფიზიკური მონაცემები რომ მქონდა.
- თქვენზე წაკითხული მაქვს, წერდნენ - გერმანული ტიპის ფეხბურთს თამაშობდაო.
- 1988 წელს მოვიდნენ და მომიტანეს „ვერდერის“ კონტრაქტი, რომელზეც ხელი უნდა მომეწერა. უკვე 32 წლის ვიყავი, კომუნისტების დრო იყო, ვინ გამიშვებდა იქ?! მერე თბილისის „დინამოც“ გამორჩეულად მიყვარდა, მის მერე სად უნდა მეთამაშა?! ჩემი ყველა წარმატების სათავე იყო...
- ჩვენი ნაკრების მომავალ თამაშზე რას იტყვით?
- ბიჭებს მაგარი სტიმული აქვთ, ევროპაზე რომ მოვხვდით. ჯერ დრო არის, თვე-ნახევარია და ამიტომ უნდა მოვემზადოთ. შედეგზე უნდა ვიფიქროთ. თუ იბრძოლებენ და ბოლომდე ჩადებენ ყველაფერს, ეჭვი არ მეპარება, რომ გაიმარჯვებენ.