ავტორი:

"ტერორისტის ტელეფონში იყო ფორმაში გამოწყობილი ადამიანების ფოტო, უკრაინის დროშით ხელში" - რა ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი "კროკუსის" ტერაქტზე

"ტერორისტის ტელეფონში იყო ფორმაში გამოწყობილი ადამიანების ფოტო, უკრაინის დროშით ხელში" - რა ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი "კროკუსის" ტერაქტზე

"კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ ტერაქტში ბრალდებული ერთ-ერთი პირის ტელეფონში აღმოაჩინეს ფოტო, რომელზეც გამოსახული არიან ფორმიანი ადამიანები უკრაინის დროშით ხელში, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ტერორისტის ტელეფონში იყო ფორმაში გამოწყობილი ადამიანების ფოტო, უკრაინის დროშით ხელში დანგრეული სახლების ფონზე. ეს მონაცემები შეიძლება მიუთითებდეს ჩადენილი ტერორისტულ აქტსა და სპეციალურ სამხედრო ოპერაციას შორის კავშირზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თავდამსხმელებმა ტერორისტული თავდასხმისთვის "კროკუსის“ საკონცერტო დარბაზი აირჩიეს კურატორის მითითებით, რომელიც მათ ქმედებებს ხელმძღვანელობდა.

”2024 წლის 24 თებერვლის დილას, ანუ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების წლისთავზე, ერთ-ერთმა თანამზრახველმა, კურატორის მითითებით, მას გაუგზავნა "კროკუს სითი ჰოლისა“ და მასთან მისასვლელი გზების სკრინშოტები“, - აღნიშნულია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ტერაქტის ორგანიზებასა და დაფინანსებაში უკრაინის სპეცსამსახურების და ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობას ამოწმებენ.

შეგახსენებთ, მოსკოვის ოლქში მდებარე საკონცერტო დარბაზ "კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა 22 მარტს განხორციელდა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმას 144 ადამიანი ემსხვერპლა.