"რუსთავი 2" - ის ინფორმაციით, მეშვიდეკლასელ ბიჭს 15 წლის მოზარდმა ღვიძლში დანა დაარტყა, ცივი იარაღი მუცელში ჩაუტოვა და ადგილიდან მიიმალა. 13 წლის მამიკონ შამოიანის დეიდა "კურიერს" უყვება, თუ როგორ გაუსწორდნენ არასრულწლოვანს სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ.
მოზარდი თბილისში, გორგასლის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსთან მძიმედ დაჭრეს.
დანაშაულში ბრალდებული 15 წლის არასრულწლოვანი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. მას ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით წარუდგინეს.
დაჭრილი მეშვიდეკლასელი კლინიკაში ტაქსის მძღოლმა გადაიყვანა.
სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ მოზარდს მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა ჰქონდა, რის გამოც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.
რა გახდა 13 წლის მოზარდის დაჭრის მოტივი - გამოძიება რამდენიმე ვერსიას განიხილავს, მათ შორის მეგობრების ორ ჯგუფს შორის გოგოს გამო დაწყებულ კონფლიქტს.
"კურიერის" ინფორმაციითვე, 15 წლის ბრალდებულს კი სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.