ავტორი:

როგორ გადაურჩა დამანგრეველ მიწისძვრას ტაივანის ყველაზე მაღალი შენობა? - რა არის გიგანტური სფერო, რომელიც შენობას მდგრადობას უნარჩუნებს?

როგორ გადაურჩა დამანგრეველ მიწისძვრას ტაივანის ყველაზე მაღალი შენობა? - რა არის გიგანტური სფერო, რომელიც შენობას მდგრადობას უნარჩუნებს?

ტაივანში ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი, 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც სულ მცირე, 9 ადამიანი ემსხვერპლა, შენობები დაინგრა და მოსალოდნელი ცუნამის საფრთხის შესახებაც გააფრთხილა მთავრობამ მოსახლეობა.

თუმცა ამ ყველაფრის ფონზე, მიწისძვრის დროს გადაღებულ კადრებში ვხედავთ, როგორ ირხევა კუნძულის ყველაზე მაღალი შენობა და არ ინგრევა. ეს არის 1.8 მილიარდი დოლარის ღირებულების ცათამბჯენი Taipei 101.

500 მეტრის სიმაღლის შენობა ისეა დაგეგმარებული, რომ მიწისძვრისა და ქარის დროს შენობის რყევა 40%-ით ნაკლებია. შენობის სიმტკიცის საიდუმლო მის შიგნით, 92-ე სართულზე განთავსებული გიგანტური სფეროა. როცა შენობა ერთი მიმართულებით იხრება, ფოლადის სფერო საპირისპირო მიმართულებით იხრება და კონსტრუქცია წონასწორობას ასე ინარჩუნებს. ასე რომ, მიუხედავად მცირედი რხევისა, ცათამბჯენი მაინც მყარად დგას.

ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორმა აგათოკლის გიარილისმა ჭკვიანი სფერული მოწყობილობა ქანქარას შეადარა: "ეს ფოლადის სფერო კონსტრუქციასა და სფეროს შორის შედარებითი რხევის მოძრაობების შესამცირებლადაა შექმნილი და მანქანის ამორტიზატორებს წააგავს".

ცათამბჯენის მშენებლობა 1999 წელს დაიწყო და 2004 წელს დასრულდა. მისი დიზაინი ბამბუკის ყლორტის მიმსგავსებითაა შექმნილი. შენობის ყველა სართულზეა დამონტაჟებული ფოლადის საყრდენები, რათა შენობის სიმტკიცე კიდევ უფრო გაამყაროს. შენობაში შესვლა ტურისტებსაც შეუძლიათ. მათ უფლება აქვთ, 88-92-ე სართულებიდან ქალაქის ხედით დატკბნენ.

ტაივანი მიწისძვრებისადმი მიდრეკილი კუნძულია. უკანასკნელმა ძლიერმა მიწისძვრამ 9 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 50 კი დაკარგულად ითვლება. მაშველების ვარაუდით, დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა გაიზრდება. მთავრობის სტატისტიკის მიხედვით, მიწისძვრამ და ბიძგებმა 24 მეწყერი გამოიწვია და 35 გზა, ხიდი და გვირაბი დააზიანა.

წყარო: dailymail

მოამზადა: ანა სიბოშვილმა