პარტია "მოქალაქეების“ დეპუტატს, ალეკო ელისაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მანდატურებს ალეკო ელისაშვილის დარბაზიდან გაყვანისკენ მას შემდეგ მოუწოდა, რაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ელისაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას დარბაზში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
ელისაშვილმა აღნიშნულ კანონპროექტს რუსული უწოდა, რის გამოც შალვა პაპუაშვილმა მას მიკროფონი გაუთიშა და განაცხადა, რომ ის ანტიქართულ პროპაგანდას ეწევა.
პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ის ყველას გაუთიშავს მიკროფონს, ვინც აღნიშნულ კანონპროექტს რუსულს უწოდებს.
"ეს არის ანტიქართული პროპაგანდა. რომელსაც თქვენ ახლა ეწევით ქართულ პარლამენტში. ამის ძახილის უფლებას არ მოგცემთ. ყველასთან გავთიშავ მიკროფონს, ვინც რუსულ კანონს გამოიყენებს. ანტიქართულ პროპაგანდას დაანებეთ თავი. ნუ ატყუებთ ქართველ ხალხს, შარშან გაგივიდათ, წელს არ გამოგივათ.
ბატონო ალეკო, ეს პათეტიკა აღარ გაგივათ, მორჩა. ეს ტყუილი, რაც თქვენ აკადრეთ ქართველ ხალს შარშან, წერტილი დაესვა. ხვდებით თქვენ თვითონაც, რომ აღარ გაქვთ ამისი თქმის მორალური უფლება,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
გინდა რუსული დაუძახე, გინდა ბელორუსული. მეძავს რომ ქალიშვილი დაუძახო, რა შეიცვლება.
ამ ქვეყანაში უკვე იმდენი რამ არის რუსული, ჩამოთვლას აზრი აღარ აქვს... თუკი რუსული პურის ჭამა და რუსული ბენზინით ჯირითი ( დანარჩენებზე, მაგ. ტურიზმის რუსეთზე აწყობაზე რომ არაფერი ვთქვათ) მოსულა, საინტერესოა, კანონმა ( სულაც რუსული კირილიცათიც რომ ეწეროს), რა უნდა დაგვიშავოს?!... მე ამასთან დაკავშირებით არგუმენტირებული მსჯელობა ვერ მოვისმინე, კანონის მიღება-არმიღება მეტწილად იმაზეა დამოკიდებული, კონკრეტულ მომენტში ვინ უფრო ქარიზმატულად დაიქნევს დროშას და პირადად მე კანონის მომხრე ვარ, თუნდაც იმიტომ, რომ, ამ მთავრობაზე ნაკლებად არ მაინტერესებს, ვინ, რამდენით და რა მიზნით ფინანსდება ჩემს ქვეყანაში, მაგრამ ... ეს იმას არ ნიშნავს, რომ პაპუაშვილი მართალია - ნებისმიერი დამოუკიდებელი ქვეყნის პარლამენტში მის თავმჯდომარეს თანამდებობად დაუჯდებოდა მსგავსი თავნებობა და ჩვენთან მითუმეტეს - სხვა რომ არაფერი, ტერმინ რუსულ-ის გამო მიკროფონის გათიშვა ძირეულად ეწინააღმდეგება ჩვენი მთავრობის ნაქებ ( ვფიქრობ, არცთუ უსაფუძვლოდ) რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას, თუ მეშლება და უკვე რუსების განგებ გაღიზიანების პოლიტიკაზე გადავედით?!...