ავტორი:

"კროსუს სითი ჰოლზე“ თავდასხმის შემდეგ დაკავებული ჩეჩენი მოსკოვში, პოლიციის განყოფილებაში გარდაიცვალა - ოჯახი ფიქრობს, რომ ის მოკლეს

"კროსუს სითი ჰოლზე“ თავდასხმის შემდეგ დაკავებული ჩეჩენი მოსკოვში, პოლიციის განყოფილებაში გარდაიცვალა - ოჯახი ფიქრობს, რომ ის მოკლეს

საკონცერტო დარბაზ "კროსუს სითი ჰოლზე“ თავდასხმის შემდეგ მოსკოვში დაკავებული ჩეჩენი, ასხაბ უსპანოვი დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გარდაიცვალა, - ინფორმაციას გამოცემა "სააგენტო“ დაღუპულის დედაზე, ტაისა უსპანოვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტაისა უსპანოვას ინფორმაციით, მისი შვილი მაშინ დააკავეს, როცა მეუღლესთან ერთად სამსახურში მიდიოდა. დაკავების შემდეგ უსპანოვმა მეუღლეს დაურეკა და უთხრა, რომ პოლიციის განყოფილებაში მისვლა საჭირო არ იყო, რადგან სამართალდამცავებს მასზე არაფერი ჰქონდათ. თუმცა, მოგვიანებით ისევ დარეკა და მისვლა სთხოვა. როდესაც მეუღლე განყოფილებაში მივიდა, უთხრეს, რომ მისი ქმარი გარდაცვლილი იყო.

ასხაბ უსპანოვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოპოზიციურმა ჩეჩნურმა "ტელეგრამ“ არხმა 1ADAT-მა 29 მარტს გაავრცელა.

გავრცელებული ინფორმაციით, უსპანოვს გატეხილი ნეკნები და ხერხემალი, სხეულზე კი დახრჩობის და სისხლჩაქცევების ნიშნები აღენიშნებოდა.

1ADAT-მა გამოაქვეყნა ვიდეო მორგიდან, სადაც ნაჩვენებია უსპანოვის ცხედარი ძალადობის ნიშნებით. ვიდეოს ავტორი ირწმუნება, რომ პოლიციამ დანაშაულის დამალვის მიზნით უსპანოვის თვითმკვლელობა მოაწყო.

გარდაცვლილის დედამ "სააგენტოს“ განუცხადა, რომ მისი შვილი თავს არ მოიკლავდა, რადგან ის მუსლიმი იყო და ისლამი თვითმკვლელობას გმობს.

ასევე, უსპანოვის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს ტერაქტში მისი მონაწილეობის შესაძლებლობას.