ავტორი:

ახალი სამაშველო ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს - როგორია და რა შესაძლებლობები აქვს H 145-ს (ფოტოები)

ახალი სამაშველო ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს - როგორია და რა შესაძლებლობები აქვს H 145-ს (ფოტოები)

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამედროვე, ახალი, ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენი უკვე საქართველოშია.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავებმა ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს.

ინფორმაციის თანახმად, ახალი ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით.

„სამაშველო ვერტმფრენს აქვს 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას, ასევე, განსხვავებული, ფენენსტრონის ტიპის კუდა ხრახნი. იგი გაუმჯობესებულია, როგორც აეროდინამიკური, ასევე, ფრენის უსაფრთხოების თვალსაზრისით.

აღნიშნული ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადია.

სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავებმა და ბორტ-ტექნიკოსებმა თეორიული და პრაქტიკული მომზადება გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის სასწავლო აკადემიაში გაიარეს.

თანამედროვე, ევროპული ტიპის „H 145“, ვერტმფრენი, ფრანგული კომპანია „Airbus Helicopters" -ის მიერ წარმოებული ერთ-ერთი უახლესი მოდელია, რომლის გადმოცემა გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის საწარმოში განხორციელდა.

შემდეგი ორი ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის 2024 წლის ივნისამდე იგეგმება“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.