ავტორი:

ოთხი შვილი, კარიერა და დიდი სკანდალი, რის გამოც ის საფეხბურთო სამყაროდან "განდევნეს" - ვილი სანიოლის გზა ქართულ ფეხბურთამდე

ოთხი შვილი,  კარიერა და დიდი სკანდალი, რის გამოც ის საფეხბურთო სამყაროდან "განდევნეს" - ვილი სანიოლის გზა ქართულ ფეხბურთამდე

უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოში საფეხბურთო ციებ-ცხელება არ ცხრება. ისტორიული გამარჯვებები ევრო 2024-ზე და მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის - ასეთია მოკლედ შეფასება იმ ყველაფრისა, რამაც ბოლო თვეებში სულ სხვანაირი სიხარული შეგვძინა.

ნაკრების წარმატებას დიდწილად მთავარ მწვრთნელს ვილი სანიოლს მიაწერენ.

"მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ნაკრების მწვრთნელს, ვილი სანიოლს, გამორჩეულ ფეხბურთელს თავის დროზე, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს და დღეს არაჩვეულებრივ მწვრთნელს. ვინც ერკვევა ფეხბურთში, ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ მისი წვლილი ამ წარმატებაში არის გამორჩეული და განსაკუთრებული. მადლობა ჩვენს საამაყო მწვრთნელს ამისათვის" - თქვა რამდენიმე თვის წინ პრემიერმა პარლამენტის ტრიბუნიდან.

საინტერესო ფაქტები ვილი სანიოლიზე

ვილი სანიოლი 1977 წლის მარტში საფრანგეთში დაიბადა. თამაშობდა კლუბებში - სენტ-ეტიენში, მონაკოში, ბაიერნში და საფრანგეთის ნაკრებში. ის არის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი, ორი კონფედერაციის თასის და მრავალი სხვა თასის მფლობელი.

ვილი სანიოლის საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში, ჯამში, 58 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ის საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში იყო 2002-2006 წლებში ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზე, 2004-2008 წლებში კი, უეფას ევროპის ჩემპიონატზე.

სანიოლი საფრანგეთის ნაკრებში ასპარეზობდა 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, როდესაც გუნდი იტალიასთან დამარცხდა.

აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ სანიოლი 2013-2014 წლებში საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებს წვრთნიდა. 2014-2016 წლებში ბორდოს ხელმძღვანელობდა, 2017 წლის ზაფხულში კი ბაიერნის საწვრთნელო შტაბს შეუერთდა. 2017 წლის 28 სექტემბერს დაინიშნა ბაიერნის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად. 2021 წლის თებერვალში კი საქართველოს ნაკრები ჩაიბარა.

ვილი სანიოლი დაოჯახებულია და ჰყავს ოთხი შვილი.

ყველაზე დიდი სკანდალი პროფესიულ კარიერაში

2014 წელს სანიოლი სერიოზულ სკანდალში გაეხვა, როდესაც მაშინდელ ბორდოს მწვრთნელს, რასიზმში დასდეს ბრალი. მაშინ სანიოლმა თქვა:

"სანამ მე „ბორდოს“ მწვრთნელი ვარ, ცოტა აფრიკელ ფეხბურთელს შევიძენთ. არ მინდა ორ წელიწადში ერთხელ დავკარგო ნახევარი გუნდი იმის გამო, რომ მათ მონაწილეობა უნდა მიიღონ აფრიკის თასის გათამაშებაში. აფრიკელი ფეხბურთელების ძირითადი უპირატესობებია: ისინი ითხოვენ ნაკლებ ხელფასს, იაფები არიან, მებრძოლი ხასიათი აქვთ, ფიზიკური ძალა გააჩნიათ. მაგრამ ფეხბურთში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ტექნიკა, ჭკუა და დისციპლინა. აქ ყველაფერი ერთმანეთშია არის გადაჯაჭვული...“

ცოტა ხანში საკუთარი სიტყვების გამო ბოდიშის მოხდა მოუწია

"ვწუხვარ, თუ ჩემი სიტყვებით ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენე. ბოდიშს ვიხდი. მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთზე ვლაპარაკობდი. ჩემი სიტყვები ინტელექტის შესახებ, რა თქმა უნდა, ტაქტიკურ განსწავლულობას შეეხებოდა. არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებდი ლაპარაკს ადამიანების გონებრივ შესაძლებლობებზე“.

მაგრამ უკვე გვიან იყო. გუნდის შიგნით ატმოსფერო გაფუჭდა და საქმე იქამდე მივიდა, რომ "ბორდო" მე-14 ადგილამდე ჩამოვიდა. სანიოლი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს და არავინ აღარ ეძახდა სამუშაოდ.

გავიდა დრო და გუნდში, სადაც სანიოლი მართლა უყვარდათ, შანსი მისცეს დანაშაული გამოესყიდა - ეს იყო მშობლიური "ბაიერნი".

თავდაპირველად სეზონის დასაწყისში კარლო ანჩელოტიმ სეზონის ასისტენტად დაუძახა. სამწუხაროდ, ანჩელოტის კარიერა „ბაიერნში“ ვერ აეწყო და სანიოლის დანიშვნიდან ორ თვეში დაითხოვეს. ახალ მწვრთნელად კი იუპ ჰაინკე მიიწვიეს. ცხრა დღის შემდეგ ვილი სანიოლმა „ბაიერნი“ დატოვა და მას შემდეგ მწვრთნელად აღარ უმუშავია.

ეს იყო 2017 წელს და ზუსტად 4 წლის შემდეგ 2021 წლის 25 მარტს მისი დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში შედგა.

თუმცა ნაკრებში მისი მოსვლიდან სპორტული მედია ხშირად წერდა, რომ ის საქართველოდან წასვლას აპირებდა. ხშირად უწუნებდნენ ხისტ ხასიათს, სამწვრთნელო გადაწყვეტილებებს, თუმცა სოციალურ ქსელში სპორტის გულშემატკივრები წერენ, რომ სანიოლმა მოახერხა ის, რომ ნაკრების ყველა წევრთან კარგი ურთიერთობა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მათ წელიწადში სულ რამდენიმეჯერ ხვდება.

"ბევრი ფიქრობდა, რომ უნდა წავსულიყავი, არც ახლა ვფიქრობ წასვლაზე, რადგან კარგ ხალხში, კარგ ქვეყანაში და კარგ პროფესიონალებში მოვხვდი და აქ მუშაობა მიხარია!.. პენალტის დარტყმას დიდი „კვერცხები“ სჭირდება,“ - იტყვის სანიოლი გამარჯვების მატჩიდან მეორე დღეს, პრესკონფერენციაზე.

ჯერ კიდევ მაშინ, როცა საქართველოს ნაკრები ევროპაზე გავიდა, გავრცელდა ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილისა და ნაკრების მწვრთნელის ვილი სანიოლის ფოტო კოლაჟი, რომლებიც 17 წლიანი სხვაობით, ორივე მინდორზეა გადაღებული.

პირველ ფოტოზე, რომელიც 2007 წელს არის გადაღებული, საფეხბურთო გუნდები "ბაიერნი" და "შალკე" ერთმანეთს ხვდებიან. ვილი სანიოლი მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელია, ლევან კობიაშვილთან კი "შალკესი", ორივე სპორტსმენი შეხვედრისას გერმანულ გუნდებს წარმოადგენს. სურათზე ჩანს მოწინააღმდეგე გუნდების სპორტსმენებს შორის ბრაზი და დაძაბულობა.

მეორე ფოტო 2024 წლის 26 მარტს დინამო არენაზეა გადაღებული. ამჯერად კობიაშვილი და სანიოლი ერთმანეთს საქართველოს გამარჯვებას ულოცავენ.

წაიკითხეთ ასევე: