ავტორი:

"თავის და ოჯახის გადასარჩენად წლებია, რესტორანში ვმუშაობ" - ქართველი "ჯო კოკერი", რომელმაც სიკვდილს არაერთხელ ჩახედა თვალებში: როგორია ერთ დროს ცნობილი გოჩა ჭაბუკაიძის დღევანდელობა?

"თავის და ოჯახის გადასარჩენად წლებია, რესტორანში ვმუშაობ" - ქართველი "ჯო კოკერი", რომელმაც სიკვდილს არაერთხელ ჩახედა თვალებში: როგორია ერთ დროს ცნობილი გოჩა ჭაბუკაიძის დღევანდელობა?

მასობრივად 10 წლის წინ მეგაშოუ „ნიჭიერის“ საშუალებით გაიცნეს. იმხანად პროექტში, 47 წლის გოჩა ჭაბუკაიძის ნამღერმა მაყურებლის განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია. კონკურსზე მარტო მივიდა და თქვა, რომ იმ გამოსვლით ხმის მიწვდენა საფრანგეთში მყოფი ქალიშვილისთვის სურდა. ქალიშვილსაც მიაწვდინა ხმა და ადამიანების გულებიც დაიპყრო.

ბატონი გოჩა რესტორნის მუსიკოსია, ასე იყო "ნიჭიერში" მისვლამდე - ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. მღერის როკს და ამის პარალელურად ეკლესიაში სახარებას კითხულობს. ამბობს, რომ ამ ყველაფერს დიდი სიყვარულით და მოწიწებით აბალანსებს. არის პროზაული ნაწარმოებების ავტორი. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი...

როგორც ამბობს, ცხოვრება მისთვის საკმაოდ წინააღმდეგობებით სავსე აღმოჩნდა - სიკვდილს თვალებში არაერთხელ ჩახედა... ახლა სწორედ იმ განსაცდელებს იხსენებს, რის პირისპირაც სხვადასხვა დროს აღმოჩნდა.

- 12 წლის ვიყავი, ავტოსაგზაო შემთხვევაში რომ მოვყევი. ოღონდ, ის ამბავი იქიდან მახსოვს, თვალი რომ გავახილე და ყველანაირი სამედიცინო პროცედურა დამთავრებული იყო. რა როგორ მოხდა, ამის შესახებ რაც ვიცი, უკვე სხვების მოყოლილით. დასასვენებლად წასული პატარა ბავშვი სახლში ვბრუნდებოდი. იმავე ნათესავებს მოვყავდი, ვინც წამიყვანა... მძღოლი რაღაცნაირად დაიბნა და იმისთვის, რომ პირისპირ მომავალ უზარმაზარ სატვირთო მანქანას არ შესჯახებოდა, მკვეთრად დაამუხრუჭა, ასევე მკვეთრად მოუხვია და იქვე არსებულ ბოძს ისე შეასკდა, რომ უკანა სავარძელზე მჯდომმა საქარე მინა თურმე თავით გავიტანე. ამ ყველაფერს ძალიან მძიმე შედეგი მოჰყვა... მქონდა ტვინის შერყევის მძიმე ფორმა, ფეხი ბარძაყში იყო ამოვარდნილი. სახეზე ისეთი დასახიჩრებული ვიყავი, ჩემი ცნობა შეუძლებელი იყო - 40 ნაკერი მქონა (ამის კვალი ახლაც მეტყობა)... ნახევარზე მეტი სისხლიც დამიკარგავს და სიცოცხლის ნიშან-წყალი აღარ მეტყობოდა... მაგრამ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ როგორღაც გადავრჩენილიყავი... გულის კუნთში ადრენალინი გაუკეთებიათ, ამის შემდეგ ამომიკვნესია და ამით მიხვდნენ, რომ ცოცხალი ვიყავი. ჩემი მდგომარეობით მთელი საავადმყოფო შეძრული იყო. თბილისიდან პროფესორიც ჩამოუყვანიათ...

- სად მოხდა ეს ავტოსაგზაო შემთხვევა?

- ბორჯომი-ახალდაბის გზაზე. ეს ადგილი საგზაო შემთხვევების კუთხით ცნობილი ყოფილა. ასე მოვხვდი, სურამის ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში. მნიშვნელოვანია, რომ მანქანას, რომელსაც ეს ტრაგედია შეემთხვა, თურმე უკან მოჰყვებოდა გამოძახებაზე პაციენტთან მიმავალი სასწრაფოს ეკიპაჟი. რომ არა იმ სასწრაფოს ექიმების მყისიერი რეაგირება, ალბათ, საეჭვოც იქნებოდა ჩემი გადარჩენა...

- მაგრამ მხოლოდ ეს არ იყო ახალგაზრდა ასაკში გადატანილი ერთდერთი განსაცდელი. ცნობილია, რომ დედა საკმაოდ პატარამ დაკარგეთ...

- ახალგაზრდა ადამიანი დედას რომ დაკარგავ, თავშესაფრის ძიებაში ხარ, ვინ გაგიწევს დედის მაგივრობას… მამაჩემიც დეპრესიაში იყო… მერე სამხედრო სამსახურში წასვლა თვითონ მოვითხოვე, მაგრამ იქაც მძიმე სიტუაციაში აღმოვჩნდი. კავკასიელებს ემტერებოდნენ, თან საბჭოთა ჯარის უხილავი წესებიც მოქმედებდა. ქართველი მაგრად უნდა დამდგარიყავი, რომ იატაკის მორეცხვა, ჭურჭლის რეცხვა შენს თავზე არ აგეღო, მაგრამ თუ ამაზე უარს იტყოდი, მაშინ ამაზე პასუხიც უნდა გეგო. ამ ყველაფრის გამო შეხლა-შემოხლაში 30-მა კაცმა მომიმწყვდია. ის დაპირისპირება საწყობში მოხდა. ერთი-ორს გავუმკლავდი, სანამ შევძელი, მერე არაფერი აღარ მახსოვს, გონზე რომ მომიყვანეს, სისხლში მოსვრილი ვიყავი. მორიგემ გამოიარა, იკითხა რა მოხდაო? არაფერი, დავეცი-მეთქი. მიხვდა, რომ იმის მთქმელი არ ვიყავი, რაც მოხდა. ამის შემდეგ ის 30 კაცი ჩემი მეგობარი გახდა, რადგან ისინი არ გავეცი. მალე კავკასიის ჰავაზე გაზრდილი ისე გავცივდი, ფაქტობრივად, ფილტვებში წყალი ჩამიდგა. შორეულ აღმოსავლეთში, ხაბაროვსკის მხარეში ვიყავი, ძალიან დიდი ყინვები იყო და რომ არა იქაური სანიტარული ნაწილის ექიმი, არ ვიცი, რა მოხდებოდა. უკვე ვბოდავდი, მაღალი სიცხეები მქონდა და სასწრაფოდ ქალაქის ჰოსპიტალში წამიყვანეს. ფილტვში წყალი მქონდა - მარცხენა ფილტვის ექსუდაციური პლევრიტი დამიდგინდა. მოკლედ, იქაც გადამარჩინეს...

- ეკლესიური ადამიანი ხართ, როგორ დაუკავშირეთ ცხოვრება ეკლესიას?

- ღრმად მორწმუნე არ ვიყავი, მაგრამ მწამდა, რომ არსებობს უფალი, არსებობს უხილავი ძალა, არის ანგელოზი, მაგრამ ასე პირისპირ რომ შევხვედროდი და მეგრძნო ეს ყველაფერი, მსგავსი არაფერი ყოფილა. მართლა გარდამტეხი ეტაპი აღმოჩნდა ამბავი, რომელიც 90-იანებში მოხდა... თავის და ოჯახის გადასარჩენად, რესტორანში უკვე წლებია ვმუშაობ. ერთ-ერთი რესტორნის მუსიკოსი გახლდით, ერთ საღამოს ჩემს კლავიშებთან ვიჯექი, ახალი შეძენილი მქონდა (საოცნებო ინსტრუმენტი) იყო, ვუკრავდი და ვმღეროდი ხალხისთვის სასიამოვნო მელოდიებს. უეცრად გაიხსნა კარი და შემოვიდა რამდენიმე თავზეხელაღებული ახალგაზრდა, რომლებმაც იქ დიდი არეულობა და ხმაური შემოიტანეს. ისეთი ამბავი ატეხეს, რომ იქ მათი ყოფნა აუტანელი გახდა. მე საქმეზე ვიყავი გასასვლელი, რაღაც სხვა ღონისძიებაში უნდა მიმეღო მონაწილეობა და ორგანიზატორებთან დეტალები მქონდა გასავლელი. ამიტომ რესტორნის დირექციას, სადაც ვიყავი, ბოდიში მოვუხადე, საქმეზე უნდა გავიდე-მეთქი. მოლაპარაკებიდან რესტორანში რომ დავბრუნდი, ფეხდაფეხ მილიციის თანამშრომლები შემომყვნენ. იქ იმ ახალგაზრდების საწინააღმდეგოდ ვიღაცას გამოეძახა. მოვიდნენ, დააპატიმრეს და წაიყვანეს, მაგრამ ის ხალხი ისევ უკან დაბრუნდა...

ამასობაში სამუშაო დღე დავასრულეთ, ავიღე ინსტრუმენტი მანქანის საბარგულში ჩავდე. ჩემთან ერთად მეგობარი (მუსიკოსი, ლერი ომარაშვილი, დიდებული ადამიანი, რომელიც დღეს ცოცხალი აღარ არის) იყო და ასევე მანქანის მძღოლი (იმ წამს გაცნობილი). ავტომობილის დაძვრა ადგილიდან ვერ მოვასწარით, რომ ის სამი ახალგაზრდა ჩვენი მანქანის სალონში აღმოჩნდა. მე ერთი რამ ვიფიქრე - რადგან მილიციის თანამშრომლები მე შემომყვნენ, ალბათ ჩათვალეს, რომ მე გამოვიძახე... საჭესთან მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი დაჯდა, ორი ჩვენ უკან აქეთ-იქით მოგვიჯდა. გამოვიდა, რომ ის ორი ადამიანიც ჩემთან ერთად გაიტაცეს. კონკრეტულად ჩემზე ჰქონდათ იერიში. მათ არაფერს ეუბნებოდნენ. მე ხან მცემდნენ, შეურაცხყოფას მაყენებენ, ხან მამღერებდნენ და თან სულ ერთი და იგივე სიმღერას. ხმის ამოღების უფლება არ მქონდა. რაღაც პაუზებში ვლოცულობდი. იმ დროს ეკლესიაში ფეხი ახალი შედგმული მქონდა, ღრმად არ ვიყავი ჩახედული, მაგრამ როგორც ჩანს, უფალმა გადაწყვიტა, ღრმად შემოსულიყო ჩემს ცხოვრებაში.

- და მანქანით ასე გატარებდნენ?

- ქალაქში ვმოძრაობდით. იყო ეპიზოდი, როცა მანქანაში ჩატოვებული იყო გასაღებიც, ისინი გადასულები იქვნენ სალონიდან. ბიჭებმა მითხრეს, გავიქცეთ, შანსი გვაქვსო. არავითარ შემთხვევაში-მეთქი, - ვუთხარი. იმიტომ, რომ როცა მართალი ხარ და სიმართლე შენს მხარესაა, ის თავის გზას მაინც იპოვის... ასეთი შანსი მეორედაც მოგვცეს... იმ ტანჯვა-წვალების შემდეგ ჩემში სასწაული რწმენა შემოვიდა. შეძლებისდაგვარად 50-ე ფსალმუნს ვიმეორებდი. მერე ერთ-ერთ სახლში მიგვიყვანეს. იქ გაშლილი სუფრა დახვდათ და დიდი პატივით დახვდნენ, ულოცავდნენ საპატიმროდან გამოსვლას. კი, მაგრამ ეს ვინ გვაცალა, ამან მილიციას დაურეკა, თავზე დაგვაყენა. ჩვენ გვერდით ჩამშვები ადამიანიაო. იმ კაცმა ასეთს ჩემს ოჯახში რა უნდაო და რაღაც საგანი ისროლა, რომელიც მომხვდა და დავეცი. გონება დავკარგე. ცოტა აზრზე რომ მოვედი, მითხრეს, - ხომ ხვდები, სად ხარ, იტყვი თუ არა რამეს, გაგანადგურებენო. მივხვდი, რომ სიტყვა უნდა მეთქვა. ერთ სიტყვას ვიტყვი-მეთქი. თავი ჩავღუნე და წარმოვთქვი - მე ღმერთის წინაშე მართალი ვარ! სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. ერთ-ერთმა ხელი გამომიწოდა, ჩამომართვი და გაიმეორე, რაც თქვიო. გავიმეორე...

ამის მერე ვერ გეტყვით, რა ტრანსფორმაცია მოხდა. ეს ბიჭი მართალია, - ხმა არავინ გასცეთ. მართალიაა! ეს რომ გავიგონე, ცრემლებს ვეღარ ვაჩერებდი. იქ ვეღარ გავჩერდი და გარეთ გავვარდი, მიწაზე დავემხე. აი, იქ მოხდა ჩემი ქრისტესთან შეხვედრა... ვიცოდი, რომ მისთვის შეუძლებელი არაფერი იყო, მაგრამ ხომ არის ადამიანი მორწმუნე და მცირედმორწმუნე?! მე იმ წამიდან ის ადამიანი გავხდი, რომელსაც მის არსებობაში ეჭვი არ უნდა შემპაროდა... იგივე ბიჭი გამოვიდა, ადექი, მოსულიერდი და იქ უნდა წაგიყვანო, სადაც ყველაზე მეტად გეჩქარებაო... შობის ღამე თენდებოდა... ჩემს თანმხლებ პირებს არ სჯეროდათ, რომ გადარჩენილები ვიყავით... ვიცი, რომ საბარგულში ინსტრუმენტი გიდევს, არც იმას წაგართმევთ, მანქანასაც გიტოვებთო.

მერე ასეთი რამ თქვა - ჩვენი შეხვედრა შეიძლება არც მოხდეს, საქართველოში შემთხვევით აღმოვჩნდით, რომ გითხრა, ვისი შვილები ვართ, გაგიკვირდება, თუმცა არ უთქვამს, არ გაუმჟღავნებია... მე ის ხალხი საქართველოში არსად აღარ მინახავს და შემხვედრია... ვფიქრობ, რომ იმ საღამოს ორი ადამიანის სრული ტრანსფორმაცია მოხდა - ჩემიც და იმ ადამიანისაც, როგორც მტარვალის და ტანჯულის. დრო რომ გავიდა, დავწერე ასეთი პატარა პროზაული ნაწარმოები, რომელსაც დავარქვი „ძვირფასი მარგალიტი“. სახარებაში წერია, ადამიანმა, რომელმაც აღმოაჩინა მიწაში ჩამარხული ძვირფასი მარგალიტი, არავის არაფერი უთხრა. მერე წავიდა, მთელი თავისი სახლ-კარი გაყიდა და ის მინდორი იყიდა, რომ ძვირფასი მარგალიტი მხოლოდ მას ჰქონოდა. შეიძლება იმ ღამეს ყველაფერი დამეკარგა, მაგრამ როგორც პავლე მოციქული წერს, ყველაფერს ნაგვად მივიჩნევ, ოღონდაც, ქრისტე შევიძინოო, მე იმ ღამეს ქრისტე შევიძინე.

- ერთხელ ტყვიების წვიმაშიც აღმოჩდით, ხომ?

- მხედრიონის პერიოდი იყო, დრო, როცა ყველას ავტომატი ეკავა ხელში. მაშინაც რესტორანში ვმუშაობდი და ერთმა ადამიანმა ცალკე კუპეში შემიყვანა. ესა და ეს სიმღერა მიყვარს და შემისრულე. ამ სიმღერასთან დიდი მოგონებები მაქვსო. დავიწყე დაკვრა, მღერა და ერთი კედლიდან რომ დაუყვა, ოთხივე კედელს ავტომატის სროლით შემოუარა. ვუკრავდი, ვმღეროდი და მასრები თავზე, თითებზე მაცვიოდა. ახლაც მიკვირს, ანასხლეტი როგორ არ მომხდა. ალბათ მთავარია შინაგანი რწმენა და უფლის მფარველობის იმედი არ დაკარგო...

- როგორ ხსნით, ეს ყველაფერი რაც მოგვიყევით, რაც გადაგხდათ - უიღბლობაა თუ იღბლიანობა?

- იაკობ მოციქული თავის ეპისტოლეს ასე იწყებს: ყოველივე დიდი სიხარულად ჩათვალეთ, როდესაც დიდ განსაცდელში ხვდებით. განსაცდელი შობს მოთმინებას, მოთმინება მარხვას, მარხვა ლოცვას, ლოცვა სიყვარულს, რომელიც უმეტესია. როდესაც ეკლესიაში ფეხი შევდგი და სახარების კითხვა დავიწყე (თავების მიხედვით იკითხებოდა) არ არსებობდა, რომ იმ დღეს იმ სახარების სიბრძნე სინამდვილეში არ შემეგრძნო. ასე მწვრთნიდა და მასწავლიდა მთელი ცხოვრების მანძილზე უფალი.