საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა განაცხადა, რომ სახელმწიფო სამართლებრივ ზომებს მიიღებს პარიზის ლიცეუმის მუსლიმი მოსწავლის წინააღმდეგ, რომელმაც სკოლის დირექტორი ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. დირექტორმა, კანონის შესაბამისად, მოსწავლეს ჰიჯაბის მოხსნა მოითხოვა, თუმცა კონფლიქტისა და ინტერნეტ-მუქარის გამო თანამდებობა დატოვა, რამაც ქვეყანაში დიდი რეზონანსი გამოიწვია:
"სახელმწიფო ყოველთვის იქნება ისეთი საჯარო მოხელეების გვერდით, რომლებიც ისლამისტების მიერ ჩვენს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეღწევის მცდელობებს ებრძვიან“, - განაცხადა განათლების ყოფილმა მინისტრმა.
28 თებერვალს, პარიზის ერთი-ერთი სკოლის დირექტორმა, მორის რაველმა, სამ სტუდენტს ჰიჯაბის მოხსნა მოსთხოვა, ორი მათგანი დაემორჩილა, ხოლო მესამემ დირექტორის მოთხოვნის შესრულებაზე უარი თქვა.
გოგონამ მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რომლითაც ამტკიცებდა, რომ რაველმა მას ხელი დაარტყა. საქმე გასაჯაროვდა, დირექტორმა სოციალურ ქსელში მუქარის წერილები მიიღო და იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა.
ოთხშაბათს, ფრანგმა პროკურორებმა განაცხადეს, რომ სტუდენტის საჩივარი სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მანამდე პოლიციამ დირექტორის მუქარის ფაქტზე ორი პირის დაკავების შესახებ განაცხადა. მათი ვინაობა არ სახელდება, განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ ისინი სკოლასთან კავშირში არ არიან.
პოლიტიკოსების ნაწილი აღშფოთებულია იმის გამო, რომ ფრანგი მასწავლებელი, ბულინგის გამო, იძულებული გახდა თანამდებობიდან გადამდგარიყო.
"ხელისუფლება ვერ იცავს ჩვენს სკოლებს“, - წერს მარინ ლე პენი, ნაციონალისტური ეროვნული აქციის ლიდერი.
”ეს სახელმწიფოს მარცხს ნიშნავს... ისლამიზმის განგრენა იზრდება”, - თქვა მარიონ მარეშალმა, პარტია Reconquête-ის ლიდერმა.
"ეს მიუღებელია. როდესაც დირექტორი ტოვებს თანამდებობას სიკვდილის მუქარის გამო, ეს არის კოლექტიური წარუმატებლობა“, - თქვა ბორის ვალიომ სოციალისტური პარტიიდან.
შეგახსენებთ, რომ 2004 წელს, საფრანგეთმა სკოლებში რელიგიური სიმბოლოებისა და ტრადიციული ტანსაცმლის ტარება აკრძალა.