ავტორი:

"ჩემი ცხოვრება მილიონერის შვილის ცხოვრება არ არის... არც მშობლების ოჯახია ისე, როგორც ჰგონიათ" - ლაკო ბუკიას ახალი საქმე და შთამბეჭდავი მოგზაურობები: დაბრუნდება თუ არა დიზაინერი მოდის სფეროში?

"ჩემი ცხოვრება მილიონერის შვილის ცხოვრება არ არის... არც მშობლების ოჯახია ისე, როგორც ჰგონიათ" - ლაკო ბუკიას ახალი საქმე და შთამბეჭდავი მოგზაურობები: დაბრუნდება თუ არა დიზაინერი მოდის სფეროში?

"მოდის სფეროში დაბრუნებას ვაპირებ, მაგრამ ჯერ არ ვიცი როდის. შეიძლება სხვა თვალსაზრისით დავბრუნდე და არა ჩემი ბრენდის სახით" - ამბობს დიზაინერი ლაკო ბუკია, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი...

თუ როგორია მისი დღევანდელობა, ცხოვრობს თუ არა მილიონერის ცხოვრებით, რა იყო განსაკუთრებულად შთამბეჭდავი მოგზაურობებიდან, ამის შესახებ თავად გვესაუბრება...

- როგორია თქვენი დღევანდელობა, როგორც საზოგადოებრივი, ასევე პირადი ცხოვრება?

- დღეს კარიერულად უფრო აქტიურად ჩემი სამკაულების კომპანიის საქმიანობაში ვარ ჩართული. ტანსაცმლის დიზაინის ხაზი დროებით შეჩერებული მაქვს. ჩემი შვილი ერთი წლისაა, შარშან გავაჩინე პატარა გოგო და ამ ეტაპზე გადავწყვიტე, დრო მისთვის დამეთმო... საქმიანი თვალსაზრისით მაინც არ მაქვს პაუზა, პარტნიორი მყავს, ერთად ვაკეთებთ ამ საქმეს და უფრო მეტად მაქვს საშუალება, გარე და შიდა საქმეებს მივხედო. ძირითადად საზღვარგარეთ ვართ წარმოდგენილი. ჩვენი კომპანიის სამკაული დაახლოებით, ოც ქვეყანაში იყიდება. თანდათან უფრო ვავითარებთ, გვსურს მაქსიმალურად მეტ ქვეყნებში გავიტანოთ, ახლახან ჩინეთის ბაზარზე გავედით და ასე შემდეგ.. საქართველოში შარშან გავხსენით სტენდი - სითი მოლში და უკვე დაიკეტა, რადგან ერთწლიანი კონტრაქტი გვქონდა. ჩვენი სამკაულების შეძენა ხელმისაწვდომ ფასად იყო შესაძლებელი... სამკაულები მალე საქართველოში ისევ იქნება წარმოდგენილი.

მეუღლესთან ერთად

- საქართველოში ცხოვრობთ თუ საზღვარგარეთ?

- უკვე კარგა ხანია საქართველოში ვცხოვრობ... სანამ მოდის სფეროში აქტიურად ვიყავი ჩართული, წელიწადში ორჯერ საფრანგეთში, შოურუმზე დავდიოდი. რადგან ეს საქმე შევაჩერე, ჯერჯერობით პარიზში წასვლა აღარ მიწევს, მაგრამ როცა დრო მაქვს, ვმოგზაურობ. მოგზაურობა ძალიან მიყვარს. ორ შვილთან ერთად რასაკვირველია, ძალიან რთულია, ამიტომაც ჯერ პატარა საზღვარგარეთ არ გამიყვანია. უფროსი რამდენჯერმე მყავდა წაყვანილი. ძირითადად მარტოს, ან მეუღლესთან ერთად მიწევს მოგზაურობა.

- დამხმარე გყავთ?

- დიახ..

- თქვენს შესახებ ხშირად ისმის ფრაზა - მილიონერის შვილი...

- ეგ თემა სულ მაწუხებს... ჩემი ცხოვრება ნამდვილად არ არის, როგორც მილიონერის შვილის ცხოვრება, ახლოსაც კი არ არის. ჩვეულებრივი ცხოვრება მაქვს. ჯერ ერთი, ჩემი ოჯახი მყავს და ჩვენ თვითონ უზრუნველვყოფთ. ნამდვილად არ მაქვს ისეთი ფუფუნება, ვინმეს მილიონერი ვეგონო. არც მშობლების ოჯახია ისე, როგორც ჰგონიათ. მართალია იყო პერიოდი, როდესაც მამაჩემს საკმაოდ ბევრი შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ დღეს ასე აღარ არის. სიმართლე გითხრათ, როცა იყო, მაშინაც კი მე და ჩემს დას მილიონერებივით არ გვიცხოვრია. ზღვარი ყოველთვის ვიცოდით, რაც დედაჩემის დამსახურებაა. ლიმიტები არსებობდა და განსაკუთრებული ფუფუნება არასოდეს გვქონია. ალბათ, განსხვავება იმით იყო, რომ უცხოეთში ვსწავლობდით და ამის საშუალება ნამდვილად გვქონდა. თუმცა ჩემი და ასპროცენტიანი დაფინანსებით ჩაირიცხა, გრანტი მოიპოვა და ისე სწავლობდა. ბევრი სხვა საკითხიც არის და ვიღაცას ჰგონია, რომ ეს ყველაფერი ლარნაკით მოგვართვა... პატარები რომ ვიყავით, როგორც ჩვეულებრივ ოჯახში, ჩვენც ისე ვიზრდებოდით. არასოდეს გვქონია თავზე დაყრილი სათამაშოები, რამდენიმე გვქონდა და ეს ყველაფერი ჩვენთვის ძალიან პატივსაცემი იყო, გათამამებული ბავშვები ნამდვილად არ ვიყავით.

- ბავშვების გაზრდაში რამდენად ხართ ჩართული?

- სრულიად თავად ვარ მოცული ჩემი შვილების გაზრდით. დამხმარე იმიტომ მყავს, რომ ამ ეტაპზე ვერავინ მეხმარება. დედა ვერ ახერხებს, დედამთილი არ მყავს. თავად ვზრდი შვილებს, ყოველდღიურად სკოლაში მიყვანა, წამოყვანა, გართობა, გასეირნება, ჩემთან ძინავთ. ყველაზე აქტიური დედა ვარ. დამხმარეს მაშინ თუ ვუტოვებ, როცა აუცილებელია სამსახურის ან პირად საქმეზე გავიდე...

- ახსენეთ, რომ მოგზაურობა გიყვართ... რამდენად ბევრ, მათ შორის ეგზოტიკურ ქვეყნებში ყოფილხართ?

- უფრო მეტს ვმოგზაურობდი, როცა უცხოეთში ვცხოვრობდი, ოჯახიც არ მყავდა და ბევრად ადვილი იყო... ახლა უფრო ახლოს, ევროპის ქვეყნებში ვმოგზაურობ. ეგზოტიკურ ადგილებს თუ გამოვარჩევთ, ნამყოფი ვარ ფილიპინებზე, ძალიან საინტერესო იყო, რადგან ტური ფილიპინელმა დაგვიგეგმა და კუნძულებს ვეწვიეთ, საიდანაც ერთი კუნძული იმდენად უკაცრიელი იყო, თავი საქართველოს რომელიღაც სოფელში გეგონებოდა. საოცარი ბუნება და ეგზოტიკა დამამახსოვრდა. ნამყოფი ვარ - ჰონგ-კონგში, ჩინეთში, ტაილანდში, ინდოეთში, ამერიკაში ვცხოვრობდი... ყველაზე ძლიერად ინდოეთმა იმოქმედა. მდიდრებს და ღარიბებს შორის ამხელა სხვაობა ნამდვილად ვერ წარმომედგინა. ძალიან მაღალი კლასის სიმდიდრეა და იქვე ძალიან სიღარიბე. ძალიან გულთან მივიტანე და დათრგუნული წამოვედი, მზად არ ვიყავი იმ ყველაფრისთვის, რასაც იქ წავაწყდი. ალბათ, იქ წინასწარ მომზადებული უნდა წახვიდე, ასე დიდი შოკი რომ არ მიიღო. ბავშვობიდან, ყოველთვის ძალიან მადარდებდა, ამდენად გაჭირვებულ ადამიანებს რომ ვხედავდი. ინდოეთში მეგობრის ქორწილში ვიყავით, შეძლებული ოჯახია და ჩვენც საუკეთესო სასტუმროში დაგვპატიჟეს. ძალიან განვიცდიდი იმ ფაქტს, მე რომ ასეთი მაღალი დონის სასტუმროში ვიყავი და იქიდან რომ გამოვიდოდი, ზუსტად ერთ ნაბიჯში ძალიან სიღარიბე იყო. ვერ წარმომიდგენია, ასე იცხოვრო და გარშემო ამას უყურო...

- საქართველოშიც არ არის იგივე?

- არა, ვერც შეადარებ... რა თქმა უნდა, საქართველოშიც ბევრია გაჭირვებული, განსაკუთრებით სოფლებში, მაგრამ ინდოეთში სულ სხვა სურათია. საქართველოს ქალაქებში იმდენად არ იგრძნობა, ინდოეთში კი ცენტრალურ ქალაქებში იმდენად თვალშისაცემია, იმას თუ არ ნახავთ, ვერაფრით წარმოიდგენთ. თუმცა რაც ძალიან სასიამოვნოა, უბედნიერესი ხალხია. მგონი მე უფრო განვიცდიდი, რასაც იქ ვხედავდი, ვიდრე თვითონ. ძალიან აფასებენ იმას, რაც აქვთ, არ აღიარებენ იმ დიდ სიღარიბეს და ცხოვრებით ტკბებიან. არ ეტყობათ, სხვა რომ ფუფუნებაშია, ამის გამო დაბოღმილები იყვნენ... ტაქსი გვემსახურებოდა, რომლის მძღოლმაც თქვა, 40 წელია ვტაქსაობ და მანქანა ახლა ძლივს შევიძინე, ისიც ჩემი ძმისგანო. მე გაოცებული ვუსმენდი, მაგრამ თვითონ თავს ძალიან ბედნიერად გრძნობდა.

- გაქვთ საშუალება საზღვარგარეთ იცხოვროთ, საქართველოში ცხოვრება თქვენი არჩევანია?

- საშუალება იმ მხრივ, რომ უცხოური განათლება მაქვს, შემიძლია ვიმუშაო და ვიცხოვრო, რაც ჩემი ძალიან დიდი ფუფუნებაა... ამ ეტაპზე მიღებული მაქვს გადაწყვეტილება, საქართველოში ვიცხოვრო. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი შვილები აქ გაიზარდონ. ის მიიღონ, რასაც იქ ვერ მიიღებენ. ეს არის ნათესავებთან სიახლოვე, ახლობლები, მეგობრები... უცხოეთში ასე ვერ ხდება. იქ იმდენად დაკავებული ხარ, ყველაფერი მხოლოდ ოჯახით შემოიფარგლება. ამიტომ მინდა აქ გაიზარდონ, ბებია- ბაბუასთან, დეიდაშვილებთან, ჩემი მეგობრის შვილებთან სიახლოვე ჰქონდეთ. როცა საჭირო იქნება და მოინდომებენ, მაშინ წავიდნენ, სხვა ქვეყანაში ცხოვრებას ეზიარონ.

- მოდის სფეროს თვალს ადევნებთ, რას იტყოდით?

- საქართველოში სამწუხაროდ ამ მხრივ ბევრი არაფერი ხდება, საერთაშორისო ბაზარზე კი... საქართველოში პროგრესი იყო, ვვითარდებოდით, თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ პანდემიამ, შემდეგ ომმა ყველაფერი შეაფერხა. ომი, რომელიც ჩვენს მეზობელ ქვეყანაშია, ჩვენთანაც ძალიან დიდ გავლენას ახდენს. საერთაშორისო ბაზარზეც კი იმოქმედა, ძალიან ცნობილ ბრენდებსაც ფინანსური პრობლემები აქვთ. ჩვენთან ქსოვილი, არაფერი მოიპოვება, ყველაფერი საზღვარგარეთ უნდა შეიძინო, რაღაც რომ შექმნა. ამიტომ ასეთი პატარა ქვეყნისთვის რთულია, საერთაშორისო ბაზარს რომ დაეწიო.

- არ აპირებთ მალე მოდის სფეროს დაუბრუნდეთ?

- ვაპირებ, მაგრამ ჯერ არ ვიცი როდის. შეიძლება სხვა თვალსაზრისით დავბრუნდე და არა ჩემი ბრენდის სახით. რაღაც სიახლეები შეიძლება იყოს, მაგრამ ჯერ ამაზე საუბარი არ მსურს. ერთს ვიტყვი, რომ მოღვაწეობას აუცილებლად ჩემს სფეროში გავაგრძელებ.