გერმანიის ქალაქ ლაიფციგის მახლობლად მდებარე ავტომაგისტრალზე მომხდარი კატასტროფის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. ტრაგედიის შესახებ BBC იტყობინება.
მედიის ცნობით, FlixBus-ის ავტობუსი ავტობანზე მოხვევისას გადაყირავდა. კომპანიამ დაადასტურა, რომ ციურიხისკენ მიმავალ ავტობუსში 2 მძღოლი და 53 მგზავრი იჯდა.
"ავარიის ზუსტი გარემოებები ჯერჯერობით უცნობია",- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. "ვიზიარებთ ყველა იმ ადამიანის და მათი ოჯახების ტკივილს, ვინც ამ უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა",- დასძინეს მათ.
პოლიციის თქმით, შემთხვევის ადგილზე სამაშველო ვერტმფრენები და დიდი რაოდენობით სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახეს.
წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა