ავტორი:

ეკვადორის ყველაზე ახალგაზრდა მერი მანქანაში ჩაცხრილეს - რა ხდება ქვეყანაში, სადაც შიდა შეიარაღებული კონფლიქტის მდგომარეობაა გამოცხადებული?

ეკვადორის ყველაზე ახალგაზრდა მერი მანქანაში ჩაცხრილეს - რა ხდება ქვეყანაში, სადაც შიდა შეიარაღებული კონფლიქტის მდგომარეობაა გამოცხადებული?

ეკვადორის ყველაზე ახალგაზრდა მერი, 27 წლის ბრიჯიტ გარსია ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს, განცხადებას პოლიცია ავრცელებს. მერთან ერთად მოკლეს კომუნიკაციების დირექტორიც, რომელიც თავდასხმისას მანქანაში მასთან ერთად იმყოფებოდა.

X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში პოლიცია ამბობს, რომ ქალაქ ვისენტეს მერი, ბრიჯიტ გარსია კომუნიკაციების დირექტორ ჟაირო ლურთან ერთად ნაქირავებ მანქანაში იმყოფებოდა, რა დროსაც ორივე მათგანს ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს. წინასწარი გამოძიებით ვარაუდობენ, რომ გასროლა ავტომანქანის შიგნითვე მოხდა. პოლიციის ცნობით, დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები კვლავ მიმდინარეობს.

ეკვადორის მთავრობამ მომხდარის შესახებ განცხადება გაავრცელა: "სოლიდარობას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას, გამოვიყენოთ სახელმწიფოს ყოველგვარი ძალისხმევა, რომ ეს დანაშაულები დაუსჯელი არ დარჩეს".

ეკვადორი უკვე ორი თვეა, შეიარაღებული ბანდების გამო ძალადობის ზრდას ებრძვის. იანვარში, ეკვადორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ცნობილი ბანდის ლიდერი ხოსე ადოლფო მაკიასი, ასევე ცნობილი როგორც "ფიტო", გუაიკილის ციხიდან გაიქცა. ეკვადორის პრეზიდენტმა დანიელ ნობოამ მეორე დღეს ქვეყანაში "შიდა შეიარაღებული კონფლიქტი" გამოაცხადა და შეიარაღებულ ძალებს უბრძანა ძალადობის გასანეიტრალებლად მთელ ქვეყანაში სამხედრო ოპერაციები ეწარმოებინათ.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა

ნახეთ ასევე: