ავტორი:

"პროექტმა "კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის" საშუალება მომცა, დამოუკიდებლად მიმეღწია წარმატებისთვის და საკუთარი შემოსავალი მქონოდა" – 17 წლის ბარბარე კვინჩია

"პროექტმა "კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის" საშუალება მომცა, დამოუკიდებლად მიმეღწია წარმატებისთვის და საკუთარი შემოსავალი მქონოდა" – 17 წლის ბარბარე კვინჩია

ბარბარე კვინჩია ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა, თუმცა ის უკვე კომპანია Robotech-ის UI/UX დიზაინერია. მან საიტის დიზაინიც დაამზადა. ბარბარე ძლიერი ახალგაზრდა გოგონაა, რომელმაც შეძლო და სტერეოტიპები დაამარცხა, ადრეულ ასაკში წარმატებას მიაღწია ისეთ სფეროში, რომელიც ხშირად კაცების საქმიანობად მიიჩნევა.

ბარბარე ტექნოლოგიებით დაახლოებით 14-15 წლის ასაკში დაინტერესდა, როდესაც გრაფიკული დიზაინის კურსი ტექნოპარკში გაიარა. როგორც თავად გვიყვება, სწორედ ამ კურსის დასრულების შემდეგ მიხვდა, რომ ცხოვრება ტექნოლოგიებთან უნდა დაეკავშირებინა.

„მას შემდეგ ვცდილობ არ გამოვტოვო განსხვავებული სიახლეები. ძალიან ბევრ პროექტში მივიღე მონაწილეობა, სადაც გავიცანი საინტერესო ხალხი და მივიღე გამოცდილება საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებში. დიდი სურვილი მაქვს, ტექნოლოგიური საკითხები ძირფესვიანად შევისწავლო. ასევე, მონაწილეობა მივიღე ბიზნესისა და ტექნოლოგიების პროექტში „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“. სწორედ ამ პროექტმა მომცა შესაძლებლობა დამეწყო მუშაობა ადრეულ ასაკში და რეალობად აქცია ჩემი სურვილი, მქონოდა შემოსავლის წყარო. ამ შემოსავალს სამომავლოდ ისევ ჩემი თავის განვითარებისთვის გამოვიყენებ. ჩემი აზრით, თინეიჯერობა არის ის ეტაპი, სადაც შენი თავის განვითარებისა და რეალური შეცვლის შესაძლებლობა გაქვს. ეს პროექტი კი მაშინ გამოჩნდა, როცა მსურდა დამოუკიდებლად მიმეღწია წარმატებისთვის. ამ კურსის გავლის შემდეგ მომეცა შესაძლებლობა მუშაობა დამეწყო სტარტაპ კომპანიაში UI/UX დიზაინერის პოზიციაზე, რომელსაც დავუმზადე საიტის დიზაინი“, - განმარტავს ბარბარე კვინჩია.

მართალია, ბარბარემ შეძლო ტექნოლოგიების სფეროში განვითარება, მაგრამ ეს გზა მისთვის მარტივი არ ყოფილა. გამოწვევებზე საუბრის დროს, აღნიშნავს ქალებისთვის არასათანადო ანაზღაურებას, სამუშაო ადგილების დეფიციტს.

„ვფიქრობ, ქალების დასაქმება ტექნოლოგიებში რთულია საქართველოში არსებული სტერეოტიპების გამო, მითუმეტეს როცა დედაქალაქიდან მოშორებით ცხოვრობ. ბევრი პრობლემაა, რასთან გამკლავებაც რთულია, თუმცა ვფიქრობ ისინი მოგვარებადია, სწორედ ისეთი პროექტების საშუალებით, როგორიცაა „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“. მისი საშუალებით, თითოეულ ბენეფიციარს შესაძლებლობა აქვს, შეიცნოს საკუთარი თავი და გახდეს მოთხოვნადი კადრი ბაზარზე. დღეს საქართველოში არსებული სტერეოტიპებიდან გამომდინარე ძალიან ბევრ გოგოს ეშინია დაიწყოს საყვარელი საქმიანობა, მითუმეტეს როცა ტექნოლოგიებზეა საუბარი. მეც არაერთხელ მქონია ასეთი შემთხვევა, თუმცა მივხვდი, რომ შიშით და უკან დახევით წინ ვერ წავალთ. ვფიქრობ, გოგონებმა სასურველი საქმის შესწავლა ახლავე უნდა დაიწყონ არსებული სტერეოტიპების მიუხედავად. დარწმუნებული ვარ, მონდომებით და საკუთარ თავზე მუშაობით ყველაფერი შესაძლებელია, მითუმეტეს ქალისთვის“, - ამბობს ბარბარე.

სამომავლოდ, ბარბარე გეგმავს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას STEM მიმართულებით. მისი მიზანია, მომავალი ტექნოლოგიებსა და მეცნიერებას დაუკავშიროს და ამით მაგალითი გახდეს ბევრი გოგონასთვის.

R