ავტორი:

"ჩვენ ყველამ, მთელმა ქვეყანამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ" - საქართველო უმნიშვნელოვანესი მატჩის მოლოდინში: რა თქვა ვილი სანიოლიმ ისტორიული მატჩის წინ და რომელი ფეხბურთელები დატოვა განაცხადს მიღმა

"ჩვენ ყველამ, მთელმა ქვეყანამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ" - საქართველო უმნიშვნელოვანესი მატჩის მოლოდინში: რა თქვა ვილი სანიოლიმ ისტორიული მატჩის წინ და რომელი ფეხბურთელები დატოვა განაცხადს მიღმა

დღეს, 26 მარტს დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. საქართველოს ეროვნული ნაკრები "ერთა ლიგის" ფინალში საბერძნეთს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი ისტორიაში პირველად იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე. მატჩი თბილისში, "დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება.

  • საბერძნეთთან ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა:

"მოსამზადებლად და ძალების აღსადგენად საკმაო დრო გვქონდა, ყველა ფეხბურთელი მზადაა. ბოლო ვარჯიში დაგვრჩა, სადაც ტაქტიკურ დეტალებს გავივლით. მოწინააღმდეგეზე საუბარი არ მიყვარს, რადგან თავად ბევრი გვაქვს გასაკეთებელი.

როცა გავიგეთ, რომ შესაძლო მეტოქე საბერძნეთის ნაკრები იყო, ვიცოდით, რთული მატჩი იქნებოდა. ჯერ ერთი, ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ და მეორე - ფინალია. გამარჯვებულის მენტალიტეტი გულისხმობს, თუ რას გააკეთებ თავად მოგებისთვის. გამარჯვებისთვის საკმარისი მხოლოდ ოცნება არაა. მოგების მენტალიტეტი ნიშნავს, ყოველ დღე გააკეთო რაღაც ამ მიზნისთვის. ჩემი ფეხბურთელები უფრო მეტად არიან მზად წარმატებისთვის!..

ცვლილებები თავდაპირველად გარკვეულ დისბალანსს იწვევს, რაც წინა მატჩის ბოლო ნახევარ საათში მოხდა. ბიჭები 120 წუთის სათამაშოდაც მზად არიან, თუ ამის საჭიროება იქნება.

ჩაკვეტაძე და ქოჩორაშვილი ინდივიდუალურად ვარჯიშობდნენ, თუმცა აქ განსაკუთრებული არაფერია. ფიზიკურად მზად ვართ და ვვარჯიშობთ პენალტების შესრულებაზეც. 26 ფეხბურთელი გვყავს და სამი განაცხადს მიღმა დარჩება. მთავარი ისაა, რომ თამაში ყველას სურს, ყველა მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ, მთელმა ქვეყანამ!

როდესაც ხედავ, რომ შენი გუნდი დასახულ გეგმას კარგად ასრულებს, ბუნებრივია, გახარებული ვარ. ხანდახან ემოციურად, შესაძლოა, ყველაფერი ვერ განვსაზღვროთ... ჩვენ გვაქვს შესაბამისი გეგმა ფინალისთვის, გამარჯვების იდეალური რეცეპტი კი არ არსებობს", - აღნიშნა ვილი სანიოლიმ.

26 ფეხბურთელიდან შეხვედრისთვის ფრანგ სპეციალისტს სამი მოთამაშე განაცხადს მიღმა უნდა დაეტოვებინა და ესენი ანზორ მექვაბიშვილი, საბა საზონოვი და ვლადიმერ მამუჩაშვილი აღმოჩნდნენ. რა თქმა უნდა, სამატჩო სიას დაუბრუნდა ხვიჩა კვარაცხელია.