კროკუსის ცენტრში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რუსი დეპუტატების ნაწილი და ოფიციალური პირები ქვეყანაში სიკვდილით დასჯის აღდგენის მოთხოვნით გამოდიან, რაზეც მორატორიუმიც 1997 წელს შემოიღეს.
დიმიტრი მედვედევი ამბობს, რომ ტერორისტებს მხოლოდ ტერორის ძალა ესმით.
"ტერორისტებს ესმით მხოლოდ საპასუხო ტერორი. არავითარი სასამართლო პროცესი და გამოძიება არ დაეხმარება, თუ ძალას ძალის გამოყენებით არ დაუპირისპირდები. ტერორისტების სრული სიკვდილით დასჯა და მათი ოჯახების მიმართ რეპრესიები, ეს არის მსოფლიო გამოცდილება. თუ დადგინდა, რომ ისინი არიან კიევის რეჟიმის ტერორისტები, შეუძლებელია მათთან და მათ იდეოლოგიურ ინსპირატორებთან სხვაგვარად მოქცევა.“
სიკვდილით დასჯის აღდგენის მომხრეა თინა კანდელაკიც. მისი თქმით, სტალინისტი არ არის, მაგრამ რიგ საკითხებში ეთანხმება.
"კომპრომისების და დათმობების დრო წასულია, დამწვარი და გათელილია. სამუდამოდ. მაგრამ არა დღეს და არა გუშინ, მტერი დიდი ხანია ნათელია. ჩვენი მტრობის ფერფლი რუს ხალხს არასოდეს დაუფარავს თვალებს. გარდაცვლილები შურისძიებას ითხოვენ. მაშინაც და ახლაც. დროა გადამწყვეტად და შეუქცევად ვთქვათ, რომ მტრებს უნდა ვებრძოლოთ და არა დავეთანხმოთ.“ ეს ფრაზა ერთხელ თქვა იოსებ სტალინმა. მე არ ვარ სტალინის მეთოდების მოყვარული, მაგრამ შეუძლებელია არ დავეთანხმო ამ ციტატას.
რაიმე ჰუმანიზმზე საუბარი არ შეიძლება. მიმაჩნია, რომ სასამართლო პროცესი პირდაპირ ეთერში უნდა გადაიცეს: საჩვენებელი უნდა იყოს მთელი მსოფლიოსთვის. საბჭოთა პერიოდში იყო შესანიშნავი პრაქტიკა და სამწუხაროა, რომ ახლა სიკვდილით დასჯა არ არსებობს. ასეთი მტრებისთვის ერთადერთი სასჯელი არის სიკვდილით დასჯის აღსრულება.“ - ამბობს კანდელაკი.
სათათბიროს ფრაქცია "ერთიანი რუსეთის" ხელმძღვანელმა ვლადიმერ ვასილიევმა განაცხადა, რომ სიკვდილით დასჯის თემა საფუძვლიანად გადაიხედება.
"ახლა ბევრ კითხვას სვამენ სიკვდილით დასჯის შესახებ. ეს თემა, რა თქმა უნდა, ღრმად, პროფესიონალურად და შინაარსობრივად იქნება შესწავლილი. და მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომელიც დააკმაყოფილებს ჩვენი საზოგადოების განწყობას და მოლოდინებს", - განაცხადა პოლიტიკოსმა ტელე ეთერში.
22 მარტის საღამოს, „პიკნიკის“ ჯგუფის კონცერტამდე, შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი შეიჭრა კროკუსის ცენტრში და მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა. საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად 133 ადამიანი დაიღუპა. ეს რიცხვი შეიძლება კიდევ გაიზარდოს. გარდაცვალების მიზეზი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები და ხანძრის დროს დაკვამლიანება გახდა. საკონცერტო დარბაზი ხანძარმა გაანადგურა. მომხდარზე აღძრულია საქმე სსკ-ის 205-ე მუხლით (ტერორისტული თავდასხმა).
წაიკითხეთ ასევე: