ФСБ-ს მეთაურმა ალექსანდრ ბორტიკოვმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს მოახსენა, რომ "კროკუს სითი ჰოლის" ტერაქტის შედეგად, დაკავებულია 11 პირი, მათ შორის 4 ტერორისტი, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ მასობრივ ხოცვაში.
ამჟამად მიმდინარეობს ინფორმაციის შეგროვება იმის შესახებ, თუ ვინ თანამშრომლობდა რუსეთიდან 4 ტერორისტთან. ცნობილია, რომ ტერორისტები ტრაგედიის ადგილიდან "რენოს" მარკის ავტომობილით გაიქცნენ. მათ სამართალდამცავები აედევნენ და ბრაიანსკის მახლობლად გაჩერება მოსთხოვეს, რაზეც, რა თქმა უნდა, არავინ დაემორჩილა. ამის შემდეგ, გაუხსნეს ცეცხლი, ტერორისტებმა მანქანა გააჩერეს და ტყეში გაიქცნენ.
სროლის დროს ერთ-ერთი ტერორისტი დაიჭრა და მისი აყვანა ადგილზევე შეძლეს, ხოლო სამმა გაქცევა შეძლო, თუმცა ისინი ტყეში დააკავეს. ამჯერად ტელეგრამზე ერთ-ერთ ეჭვმიტანილთან გასაუბრების კადრები გავრცელდა. როგორც ის ამბობს, დანაშაულისთვის 500 000 რუბლი უნდა მიეღო.
"ნახევარი წინასწარ მივიღე, ნახევარი მოგვიანებით უნდა მიმეღო."
19 წლის მუჰამედსობირ ფაიზოვი, რომელიც დაიჭრა, საავადმყოფოს რეანიმაციაში გადაიყვანეს და იქიდან პირდაპირ სპეცსამსახურებმა წაიყვანეს.
"ფოტოზე ჩანს, რომ კაცს მარცხენა თვალი დაზიანებული აქვს და ვერ ხურავს. ის ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება და ოპერაცია უტარდება. ფაიზოვთან ერთად კიდევ ერთი ტერორისტი ბრაიანსკთან, უკრაინის საზღვართან დააკავეს" - წერს რუსული მედია.
ასევე თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრალდებულებს შორის იმყოფებოდა 29 წლის რუსტამ ნაზაროვი, თუმცა გაირკვა, რომ ის ტერაქტთან არაფერ შუაშია. მთელი დღის განმავლობაში ის სამარაში თავის ოჯახთან იმყოფებოდა. დილით მან თავის სურათი დაინახა ბრალდებულებს შორის და თვითონ გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში. ახლა ჩვენებას აძლევს.
ცალკეულმა ბლოგერებმა სცადეს ტერორისტების სოციალური ქსელების მოკვლევა. შოჰინ საფოლოზოდას „ვკონტაქტე“ იპოვეს და აღმოჩნდა, რომ ის საკმაოდ დიდი სოციალური აქტივობების მოყვარული იყო. ტერორისტი ყველა დიდ გაცნობა-დაოჯახების ჯგუფში იყო.
სადაზვერვო სამსახურების ცნობით, ტერაქტი საგულდაგულოდ იყო დაგეგმილი. გარდა ამისა, ტერორისტები გეგმავდნენ საზღვრის გადაკვეთას და კონტაქტები ჰქონდათ უკრაინულ მხარესთან.
ავტორი: ანრი კურტანიძე
წაიკითხეთ ასევე: