მოსკოვში, "კროკუს სითი მოლში" მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, პირველი ოფიციალური განცხადებები კეთდება.
რუსეთის უშიშროებამ მომხდარი ტერაქტად შეაფასა და განაცხადა, რომ დაზარალებულების მიმართ ყველა შესაძლო ღონისძიება მიიღება. განცხადების თანახმად, სპეცსამსახურები აქტიურ სამძებრო ღონისძიებებს ატარებენ.
განცხადებაში მედვედევი კიევს ახსენებს და აცხადებს, რომ თუკი "კიევის ტერორისტების" კავშირი დადგინდება, უნდა იპოვონ და გაანადგურონ, მათ შორის მათი "იდეოლოგიური შთამაგონებლები" და ხელისუფლების ოფიციალური პირები.
“ტერორისტებს მხოლოდ საპასუხო ტერორიზმი ესმით. არანაირი სასამართლოები და გამოძიებები არ დაგვეხმარება, თუ ძალას ძალას არ დავუპირისპირებთ, ხოლო სიკვდილს - ტერორისტების მასობრივ მკვლელობებსა და მათი ოჯახების წინააღმდეგ რეპრესიებს.
თუ დადგინდება, რომ ეს კიევის რეჟიმის ტერორისტები [იყვნენ], მათთან და მათ იდეოლოგიურ შთამაგონებლებთან სხვანაირად მოქცევა შეუძლებელია, ყველა მათგანი უნდა ვიპოვოთ და დაუნდობლად გავანადგუროთ, როგორც ტერორისტები. მათ შორის სახელმწიფოს ოფიციალური პირები, რომელთაც ასეთი ბოროტმოქმედება ჩაიდინეს. სიკვდილი სიკვდილის საპასუხოდ”, - წერს მედვედევი.
“რუსეთის მოსკოვის ოლქში “კროკუს სითიში” მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც ამ წამს გარკვეული მოვლენები, გარკვეული სროლა, დაუდგენელი პირების მხრიდან გარკვეული ტერორისტული ქმედებები მოხდა - მოდით, დავაფიქსიროთ: უკრაინას ნამდვილად არანაირი კავშირი არ აქვს ამ მოვლენებთან", - განაცხადა პოდოლიაკმა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინას არასდროს არ გამოუყენებია ომის წარმოების ტერორისტული მეთოდები და განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნების საელჩოები მარტის დასაწყისში რუსეთის ტერიტორიაზე დაგეგმილ ექსტრემისტულ აქციებთან დაკავშირებით გაფრთხილებებს ავრცელებდნენ.
“ამიტომ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ “კროკუს სითიში” ტერაქტებთან ან სროლასთან, ან როგორც დაარქმევთ, უკრაინას ნამდვილად არანაირი კავშირი არ აქვს”, - განაცხადა პოდოლიაკმა.
შეგახსენებთ, მოსკოვში, "კროკუს სითი ჰოლში" სროლისა და ხანძრის შედეგად, ოფიციალური ცნობებით დაიღუპა 40 და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი. რუსეთის უშიშროების სამსახურმა მომხდარი ტერაქტად შეაფასა. დიმიტრი მედვედევმა მომხდართან დაკავშირებულ განცხადებაში კიევი ახსენა და განაცხადა, რომ ტერორისტებს მხოლოდ საპასუხო ტერორიზმი ესმით. მისი თქმით, თუ დადგინდება, რომ ისინი "კიევის რეჟიმის ტერორისტები იყვნენ", მათთან და მათ შთამაგონებლებთან სხვანაირად მოქცევა შეუძლებელია.