გუშინ სრულიად საქართველოს ინტერესი დინამო არენისკენ იყო მიმართული, სადაც საოცარი მატჩის მოწმეები გავხდით. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ლუქსემბურგს მოუგო და ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ფინალში ითამაშებს.
ბილეთების რეკორდული რაოდენობა გაიყიდა, დინამოზე გუშინ რამდენიმე ათასი გულშემატკივარი იმყოფებოდა. ნაკრების ქომაგებმა შეკრება ჯერ კიდევ შუადღეს დაიწყეს. ვიდეოები სოცქსელში ვრცელდებოდა, თუმცა ყველაზე ნახვადი და ემოციური მაინც ორი პატარა ბიჭის კადრები აღმოჩნდა, რომლებიც სტადიონზე შეიპარნენ და საოცნებო თამაშზე ასე მოხვდნენ.
"ეს ბავშვები შორიდან დავინახე, ვგიჟდები მე ამათ ფეხბურთისადმი სიყვარულზე სკოლიდან დაღლილები მოდიოდნენ და იმის ნაცვლად, სახლში გაქცეულიყვნენ, დინამოსთან მოვიდნენ რამდენიმე საათით ადრე და მზად იყვნენ იქვე დაეცადათ, რა გზა არ ეძებეს, რა არ იფიქრეს…წამოსვლაზეც კი დაფიქრდნენ წამიერად,თუმცა თეთრქურთუკიანმა იხტიბარი არ გაიტეხა და იმედი მაქვს ისიამოვნეს ამ თამაშის სიხარულით!
გადამყიდველებო, ვისაც მართლა უნდოდა ამ მატჩზე დასწრება და ბილეთებს ცეცხლის ფასი დაადეთ, ხედავთ ამ ბავშვებს? შეინახეთ ახლა ეგ ბილეთები და დიდხანს უცქირეთ, იქნებ ოდესმე მაინც მიხვდეთ რა მოჰყვება ხოლმე ასე გაღორებას… ბავშვებო, უსაყვარლესები ხართ" - წერდა დაჯი ლაპიაშვილი, რომელმაც მოზარდების ვიდეო გაავრცელა.
მას შემდეგ უამრავი ადამიანი ინტერესდება ბავშვების ვინაობით, რომლებმაც საყვარელი გუნდის თამაშზე დასასწრებად ერთგვარი რისკიც კი გაწიეს.
AMBEBI.GE-მ პატარა ქომაგები იპოვა, ისინი კლასელები, 11 წლის ბიჭები, ილია წიქარიშვილი და ლუკა ყურაშვილი არიან.
მაკა ბარბაქაძე, ილია წიქარიშვილის დედა:
- დილიდან გეგმავდნენ ილია და მისი კლასელი ლუკა ყურაშვილი, ძალიან უნდოდათ წასვლა, მთხოვა, დედა, შეიძლება სკოლის მერე წავიდეთ და დავესწროთო. მე ვუთხარი, ილია, გამორიცხულია, ბილეთები გაყიდულია. თან მეშინოდა, ამდენი ხალხი იყო. ძალიან მთხოვა და ბოლოს დავთანხმდი. ტელეფონი გავატანე და ვთხოვე დაერეკა. სკოლის შემდეგ დამირეკა, შევედითო, რაღაც პერიოდი იყვნენ და შემდეგ გულდაწყვეტილი იყო, უკან გამომიშვესო. ცოტა ხანში ისევ მოახერხეს და შევიდნენ. ბიჭებს ძალიან უყვართ ფეხბურთი, ლუკა ახლაც დადის, ილიკოც დადიოდა, მაგრამ ახლა ცოტა ხანს შესვენება გვაქვს. ვიდეო დღეს ვნახე, მოულოდნელი იყო, თან რა კარგად არის გადაღებული, სიმბოლურად მოხდა ყველაფერი, ორი ბავშვი შეიპარა და ორით ნული დასრულდა. ჩვენ მივაკითხეთ შემდეგ და სახლში დაასრულეს ყურება. ემოციებში იყვნენ ორივე.
ჩვენ ილიასთან და ლუკასთან გასაუბრებაც შევძელით. ინტერვიუს დროს ისინი ისევ ერთად იყვნენ.
ილია წიქარიშვილი: - დილა რომ გათენდა ლუკამ დამირეკა, მოდი, დღეს თამაშია, ბილეთები ვერ ვიყიდე და შევიპაროთო. პირველად რომ შევიპარეთ, გამოგვიშვეს, მწვანე რაღაცები ეცვათ. არ გვინდოდა სახლში წამოსვლა. არ გვინდოდა დანებება, თუ შესვლა იყო, ბოლომდე უნდა შევსულიყავით. მირეკავს მამა, სახლში წამოდი, არ გინდაო. მამამ დამირეკა და მეორე ტაიმს სახლში ვუყურეთ, სრულად ვერ დავესწარით. რომ დასრულდა, იქ აღარ ვიყავით.
ლუკა ყურაშვილი: - ძალიან გული დამწყდა, კარგად ითამაშეს და ბოლომდე ვერ ვუყურეთ სტადიონზე. ძალიან მიყვარს ბუდუ, კვარაცხელია და მამარდაშვილი, მაგრამ არა, ორივეს ყველა ქართველი ფეხბურთელი გვიყვარს. მშობლებმა რომ ჩვენი ვიდეო ნახეს, გაუხარდათ ძალიან, ხალხი რომ კარგ კომენტარებს წერენ და ვუყვარვართ.