საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ამ წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ბუდუ ზივზივაძეა. მან ლუქსემბურგთან დაპირისპირებაში დუბლი შეასრულა და გულშემატკივრებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.
"როცა დაჯილდოება იყო ფედერაციის, მაშინ ვთქვი, ლუქსემბურგს ჩემს თავზე ვიღებ და ფინალში "კვარა" რომ დაგვემატება, "კვარამ" მიხედოს-მეთქი, ეგრეც მოხდა... უბედნიერესი ვარ, რადგან დუბლი შევასრულე, ჩემი გოლებით გუნდმა გაიმარჯვა. თუმცა, მარტო ჩემი დამსახურება არ არის, გუნდმაც ძალიან მაგრად ითამაშა. ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით და ვფიქრობ, რომ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ალბათ, მამაჩემის შემდეგ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ, იმიტომ, რომ ვიცი, მამაჩემისთვის რამდენს ნიშნავს ეს ყველაფერი. დღეს, ყველამ ძალიან მაგრად ითამაშა, ერთმანეთს ყველაფერში ვეხმარებოდით. მარტო 11 კაცის არა, 26 ფეხბურთელი ვართ განაცხადში და ყველას დამსახურებაა ეს გამარჯვება. მხოლოდ ნახევარია საქმის გაკეთებული და დანარჩენს 26-ში უნდა მივხედოთ" - განაცხადა მატჩის შემდეგ ბუდუმ.
ქართველ თავდამსხმელს მეუღლე და გოგონა, სახელად შაი ჰყავს. ოჯახი მასთან ერთად ცხოვრობს. ბუდუს მეუღლე ნინი კვერნაძე, ისევე როგორც თავად ბუდუ, ქუთაისელია და მათ ერთმანეთი წლების წინ სოციალურ ქსელში გაიცნეს.
"როგორც დღეს არის, მაშინ ბუდუ ასეთი ცნობილი და წარმატებული ფეხბურთელი არ იყო. ორივე ქუთაისიდან ვართ, ბევრი საერთო ნაცნობი აღმოგვაჩნდა. ჩვენ შორის სიმპათია პირველსავე შეხვედრიდან გაჩნდა, რომელიც შემდგომ განვითარდა და ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა. მაშინ ბუდუ დანიიდან ერთი კვირის ჩამოსული იყო, თბილისის "დინამოში" თამაშობდა. რომ დავინახე, გარეგნობით ძალიან მომეწონა. იყო საკმაოდ მორცხვი, თავმდაბალი. ბუდუ ძალიან თბილი და მოსიყვარულე ადამიანია. გაცნობიდან დაახლოებით 6 თვის შემდეგ გამომიტყდა, რომ ვუყვარდი. ეს არ ყოფილა ახლობლების, მეგობრების თანდასწრებით, მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით. ძალიან იშვიათად ვკამათობთ, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული ადამიანები ვართ. განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, თუმცა ამას მივეჩვიეთ, ერთმანეთი ისეთები მივიღეთ, როგორებიც ვართ და ერთმანეთის აზრს პატივს ვცემთ. შესაბამისად, კამათიც თითქმის არ გვაქვს" - ამბობდა ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში ნინი.
ბუდუ ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა. როგორც თავად ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, "საშუალო ოჯახში".
"დავიბადე საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქ ქუთაისში, საშუალო ოჯახში. ჩვენ არ ვიყავით ღარიბები, მაგრამ არც მდიდრები ვყოფილვართ. მშობლები ყოველთვის მეხმარებოდნენ. როცა კარგად არ ვთამაშობდი, ყოველთვის ყველაფერში მხარში მედგნენ.
ბავშვობაში ყველაზე მეტად ფეხბურთი მიყვარდა. როცა დავიწყე ფეხბურთის ყურება, მაშინ მივხვდი პირველად, რომ მინდოდა გავმხდარიყავი ფეხბურთელი და გამიჩნდა სურვილი, ოდესმე ტელევიზორსა და სტადიონებზე მეც გამოვჩენილიყავი. 12-13 წლის ასაკში ჩემი მიზანი იყო, ერთ დღეს "ბარსელონაში" მეთამაშა. მალე 28 წლის გავხდები და ამას სიზმარში თუ ვნახავ, მაგრამ ოდესღაც ეს მოტივაციას მმატებდა. ფეხბურთი ძირითადად რონალდინიოს გამო შემიყვარდა. შემდეგ ჩემი ფავორიტი ინიესტა გახდა, დღეს კი ყველაზე მეტად პედრის თამაში მომწონს. მესის არ ვახსენებ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ამ სამყაროდან არ არის. მას შემდეგ სულ ვუყურებ "ბარსელონას" მატჩებს, ახლა ბევრი ახალგაზრდა ჰყავთ...2 წლამდე ყველა ტურნირში ბომბარდირი ვხდებოდი და უკვე 9 წელია, რაც თავდასხმაში ვთამაშობ. ბავშვობაში კი "ათიანის" პოზიციაზე თამაშს ვანიჭებდი უპირატესობას, რადგან ბევრჯერ შემეძლო ბურთთან შეხება, პასების კეთება, თამაშის მსვლელობის გაკონტროლება... დღესაც მიყვარს ის მომენტი, როცა თანაგუნდელს გოლის გატანაში ვეხმარები...
შეიძლება, ასეც იყოს, მაგრამ ზოგადად, მოედანზე ყოფნაც მსიამოვნებს. თუ ვითამაშებ, ბედნიერი ვარ. შესაძლოა, ჩემი პრობლემა ის არის, რომ საკმარისად ეგოისტი არ ვარ." - ამბობდა ფეხბურთელი.
"კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთში მწვრთნელად ან სპორტულ დირექტორად დარჩენას ვისურვებ..."
ასევე იხილეთ: