თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა მნიშვნელოვან სიახლეს გვიზიარებს, რომელიც თამარ მეფის შვილიშვილს, გურჯ ხათუნს ეხება, რომელიც 13 წლისა რუმის სულთანზე გაათხოვეს და კონიაში გაამგზავრეს. ასე გახდა ულამაზესი ქართველი პრინცესა ყიას-ედ-დინ ქეიხოსროვის მეუღლე და სელჩუკების დედოფალი.
"ძვირფასო მეგობრებო, მსურს გაგიზიაროთ ქართული საზოგადოებისა და ისტორიოგრაფიისათვის აქამდე უცნობი და მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ეხება გურჯი ხათუნის განსასვენებლის ადგილმდებარეობის დადგენის საკითხს:
მოგეხსენებათ, ანატოლიის სელჩუკთა ისტორიის ამსახველი წყაროები მწირია. იბნ ბიბი (İbn Bîbî - el-Evâmirü’l-ʿAlâʾiyye), ქერიმუდდინ აქსარაი (Kerîmüddin Aksarâyî - Müsâmeretü’l-aḫbâr Tarih-i Âl-i Selçuk), აჰმედ ეფლაკი (Ahmed Eflâkî) და შუა საუკუნეების სხვა ავტორები, თავიანთ ძირითად შრომებში, მოგვითხრობენ ქართველთა სამეფოსა და მცირე აზიის სელჩუკთა რუმის სასულთნოს კავშირებსა და ისტორიაზე, იმდროინდელი მმართველების ურთიერთობებზე, ასევე, რასაკვირველია, გურჯ ხათუნზე.
თუმცა, ცნობებში, მათ შორის, იბნ ბიბის "Selçukname"-ში, არსად არ არის მოხსენიებული მისი საბოლოო განსასვენებელი. გურჯ ხათუნის საფლავის შესახებ, არაფერს წერენ არც ევროპელი ისტორიკოსები და მკვლევრები, მათ შორის, ენდრიუ სპენსერ პიკოკი (Andrew Spencer Peacock), ჯონ ფრილი (John Freely), დევიდ ტელბოტ რაისი (David Talbot Rice) და სხვები.
როგორც მოგეხსენებათ, ქართული ისტორიოგრაფიისთვისაც, ბოლო პერიოდამდე, უცნობი იყო გურჯი ხათუნის საფლავის ადგილმდებარეობა. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ სულ ახლახან, მივაკვლიე ქართული საზოგადოებისთვის უცნობ, შუა საუკუნეების ავტორის, ნიღდელი ქადი აჰმედის (1286-1333) სპარსულენოვანი მანუსკრიპტის (el-Veledü’ş-şefîḳ) თურქულ თარგმანს, რომლის ორიგინალიც სულეიმანიეს ბიბლიოთეკის ხელნაწერთა საცავში ინახება.
ამ სქელტანიან ნაშრომში არაერთხელაა ნახსენები საქართველო, ქართველები, თამარ მეფე და რა თქმა უნდა, გურჯი ხათუნიც. ხელნაწერში, სამ სხვადასხვა ადგილას, ავტორი აღნიშნავს, რომ გურჯი ხათუნი, მის ვაჟთან, სულთან ალაედდინ ქეიქუბად II-სთან ერთად, ქ. ერზურუმში განისვენებს.
როგორც ადრეც გაუწყეთ, 2019 წელს, მქონდა პატივი, პირველს მომენახულებინა გურჯი ხათუნის ახლად აღმოჩენილი სავარაუდო განსასვენებელი, ქ. ერზურუმში. ზემოხსენებულ მწირ წერილობით და ასევე, ზეპირ წყაროებზე დაყრდნობით, გაღვივდა იმედი, რომ ერზურუმში აღმოჩენილი ეს სარკოფაგი სწორედ გურჯ ხათუნსა და მის ვაჟს ეკუთვნით. ამასთან, ისტორიული სიმართლის დასადგენად, ჩვენი მოთხოვნით, საძვალეში არსებულ ნეშტებს ჩაუტარდათ დნმ ანალიზი. თურქულ მხარესთან ერთად, ვაგრძელებთ მუშაობას აღნიშნული მიმართულებით და მაქვს დიდი იმედი, რომ მალე სასიხარულო სიახლეებს ვამცნობთ ფართო საზოგადოებას" - წერს ელჩი.
საინტერესო დეტალები გურჯი ხათუნის შესახებ:
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გურჯი ხათუნი 13 წლისა რუმის სულთანზე გაათხოვეს და კონიაში გაამგზავრეს. ასე გახდა ულამაზესი ქართველი პრინცესა ყიას-ედ-დინ ქეიხოსროვის მეუღლე და სელჩუკების დედოფალი.
ხალხმა დედოფალი ტახტზე დაბრძანებისთანავე შეიყვარა. გურჯი-ხათუნს მალევე გაუცია ბრძანება, რომ პური გაეიაფებინათ, უმწეოებისთვის კი უფასოდ დაერიგებინათ. მანვე დააარსა პურის ბაზარი, რომლის მუშაობას თავად აკონტროლებდა. იგი მონაწილეობას იღებდა უცხო ქვეყნების ელჩებთან შეხვედრებში, მოლაპარაკებებსა და ქვეყნის პოლიტიკურ მართვაში.
თამარზე უგონოდ შეყვარებულმა სულთანმა ყველა ცოლი მიატოვა, რომელიც მანამდე ჰყავდა. შურის დაბრმავებულმა ერთ-ერთმა ცოლმა ამის გამო თამარის მოწამვლაც კი სცადა. დედოფალი ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს. სულთანმა დამნაშავე მაშინვე მოაკვლევინა. ამ ამბის შემდეგ მან დედოფლის სახელზე ფულის მოჭრა გადაწყვიტა. სულთანს ძალიან უნდოდა, რომ მონეტაზე გურჯი-ხათუნის სახე აღებეჭდა, თუმცა სამეფო კარზე დიდად განრისხდნენ იმის გამო, რომ ფულზე ადამიანი უნდა გამოესახათ და თანაც ქალი, მაგრამ სულთანმა გამოსავალი მაინც მონახა და ისეთი დირჰემი მოჭრა, რომელსაც ისლამი კრძალავდა.
ხურ ი შიდის ემბლემას მთელი მსოფლიო იცნობს, მაგრამ ბევრმა ალბათ არ იცის, რომ სხივოსანი მზე გურჯი-ხათუნია, ხოლო ლომი კი სულთან ქაიხუსრევის სიმბოლოა.
თამარი მშვიდად ცხოვრობდა ფუფუნებაში მანამ, სანამ საკუთარმა დედამ საფრთხეში არ ჩააგდო. ყველაფერი რუსუდან დედოფლის მზაკვრულმა წერილმა შეცვალა. მან ქალიშვილთან და სიძესთან ძმისწული, ლაშას ძე - დავითი გაგზავნა და მისი მოკვლის თხოვნით წერილიც გაატანა. სულთნის სამეფო კარზე დავითი ძალიან შეჰყვარებიათ. სულთანმა და დედოფალმა არ აასრულეს მისი მოკვლის ბრძანება. გაბრაზებულმა რუსუდანმა არაფრად ჩააგდო დედობრივი სიყვარული და სიძეს მისწერა, რომ დავითს და გურჯი-ხათუნს ფარული ურთიერთობა ჰქონდათ. სულთანმა დაიჯერა ცოლის დედის სიტყვები, ცოლი თმით ათრია, უმოწყალოდ სცემა და ქრისტიანობაზე უარის თქმა აიძულა.
თამარი ეზიარა არა ორთოდოქსულ ისლამს, არამედ მის სუფიურ მიმდინარეობას - მევლევიობას, რომლის დამაარსებელი მევლანა - აღმოსავლეთის ყველა დროის უდიდესი მოაზროვნე ჯალალ-ედ დინ რუმი იყო.
გურჯი-ხათუნი მთელი არსებით მიენდო მას. მევლანა დედოფლის სულიერი მამა გახდა. მევლევიობა არ მოითხოვდა გამაჰმადიანებას. გურჯ-ხათუნს შეეძლო ქრისტიანად დარჩენილიყო და ისე გაჰყოლოდა მევლანას მოძღვრებას.
მევლანა და გურჯი-ხათუნი დამეგობრდნენ. დედოფალი მევლანას მიმდევრების ქომაგი და შემწე იყო. სწორედ მისი ინიციატივით შეიქმნა მევლანას პორტრეტი, რომელმაც დღემდე მოაღწია. სულიერი მეგობრის გარდაცვალების შემდეგ თამარმა უძვირფასესი აკლდამა ააგებინა და 1274 წელს არქიტექტორ ბეჰრეთინ თავრიზელს მოახატვინა.