საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დეზინფორმაციაა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, სერგეი ნარიშკინის განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს პარიზი ემზადება, რომ გაგზავნოს 2000 ფრანგი სამხედრო მოსამსახურე უკრაინაში.
მანამდე რუსული მედია ციტირებდა ნარიშკინის სიტყვებს იმის შესახებ, რომ უკრაინაში გასაგზავნად უკვე მზადდებოდა ფრანგული კონტინგენტი და რომ საწყის ეტაპზე მის შემადგენლობაში დაახლოებით, 2000 ადამიანი იქნებოდა.
ცნობისთვის საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რამდენიმე დღის წინ საკმაოდ მწვავე განცხადებები გააკეთა. მან არ გამორიცხა, რომ ნატო-ს ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, საფრანგეთის წარმომადგენლები უკრაინაში გაგზავნოს.
მისმა სიტყვებმა ნატოს მოკავშირეებს შორის აქტიური დებატები გამოიწვია. მრავალი ქვეყნის ლიდერმა მკაფიოდ განაცხადა, რომ არ განიხილავდნენ ასეთ შესაძლებლობას.
მაკრონმა თავისი სიტყვები არაერთხელ განმარტა. ის ამტკიცებდა, რომ უკრაინის მხარდასაჭერად არ უნდა არსებობდეს "წითელი ხაზები“ და მანევრირების ადგილი უნდა იყოს.
გარდა ამისა, მაკრონმა თქვა, რომ ჯერჯერობით, უკრაინაში სამხედრო პერსონალის გაგზავნაზე საუბარი არ არის და თუ გაიგზავნება, დანაყოფი არ მიიღებს მონაწილეობას რუსეთის ჯარების წინააღმდეგ შეტევაში.
ნახეთ ასევე: