ავტორი:

"გაწევრიანების შემდეგ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე სრული შრომითი უფლებებით ისარგებლებენ, მათ შორისაა ხელფასები და პენსიები" - ელჩი

"გაწევრიანების შემდეგ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე სრული შრომითი უფლებებით ისარგებლებენ, მათ შორისაა ხელფასები და პენსიები" - ელჩი

9 ნაბიჯის მიზანი არაა, იყო „ბრიუსელის მოსაწონი“, მათი მიზანი საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებაა. პოლიტიკურმა ლიდერებმა კონსტრუქციულად, ერთად უნდა იმუშაონ, მოსახლეობის ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, სოციალურ მედიაში მოქალაქეების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

  • როგორც მან აღნიშნა, როგორც კი საქართველო ევროკავშირში შევა, მოქალაქეები ევროკავშირის მთელს ტერიტორიაზე სრული შრომითი უფლებებით ისარგებლებენ.

"დავიწყებ იმით, თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. უპირველეს ყოვლისა, ეს არის საქართველოს მოსახლეობის მიერ მისი ევროპული მომავლის ძლიერი მხარდაჭერის აღიარება. საქართველოს მომავალი ევროკავშირში რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის, ცნობილი 9 ნაბიჯის შესრულებას უკავშირდება. მათი შესრულება გადამწყვეტია საქართველოს შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას მოიცავს. ყველა ამ ნაბიჯის და ეტაპის მიზანი არაა, იყო „ბრიუსელის მოსაწონი“; მათი მიზანი საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესება და საქართველოს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებაა. ვინაიდან საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაადგა, პოლიტიკურმა ლიდერებმა კონსტრუქციულად, ერთად უნდა იმუშაონ, ჩართონ სამოქალაქო საზოგადოება და ბიზნესი საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ევროკავშირი ამ გზის ყოველ ნაბიჯზე საქართველოს მხარს დაუჭერს. კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები უნდა იყოს საქართველოს კომპასი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა გაადვილებას, ევროკავშირი და საქართველო ერთად მუშაობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაოსა და შრომის ბაზრის განვითარებაზე მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების გაფართოების, შრომის პოლიტიკის გაუმჯობესების და მეწარმეობის სწავლების მხარდაჭერის საშუალებით. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფარგლებში, საქართველომ დასაქმებისა და შრომის სფეროში არსებული მთელი თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონთა კრებულთან, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს და მისი აღსრულება უზრუნველყოს. ეს სამუშაო პირობებთან, სამუშაო საათებთან, დისკრიმინაციის აკრძალვასთან და თანამშრომელთა სხვა უფლებებსა და მოვალეობებთან დაკავშირებულ დადებით ცვლილებებს მოიცავს. ვინაიდან ევროკავშირის წევრობა საბოლოო ჯამში „ოთხი თავისუფლების“ – საქონლის, კაპიტალის, მომსახურებისა და ადამიანების გადაადგილების თავისუფლების მიღებას და ამ თავისუფლებებით სარგებლობას ნიშნავს – როგორც კი საქართველო ევროკავშირში შევა, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე სრული შრომითი უფლებებით ისარგებლებენ. მათ შორისაა სოციალური დაცვა და სავალდებულო დაზღვევა, ოფიციალური დასაქმება, ხელფასები და პენსიები. გაწევრიანების პროცესში საქართველოს მთავრობას მოუწევს საქართველოსა და ევროკავშირს შორის შრომის სტანდარტებისა და სოციალური დაცვის კუთხით არსებული აცდენები გამოასწოროს“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.