ჟირაფები, ანტილოპები, ზებრები, ბეჰემოთები, მარტორქები - ეს იმ ბინადრების არასრული ჩამონათვალია, რომლის მონახულებაც ვიზიტორებს თბილისის ზღვაზე მდებარე ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე შეეძლებათ.
ტერიტორიაზე, რომლის ფართობი 48 ჰექტარია, ორი მთავარი მიმართულება იქნება - კავკასიური და აფრიკული სავანა. როდის გაიხსნება თბილისის ახალი ზოოპარკი და რა სიახლეები ელით დამთვალიერებლებს, ამ საკითხებთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსი“ ზოოპარკის დირექტორს, ზურაბ გურიელიძეს ესაუბრა.
- ბატონო ზურაბ, რა ეტაპზეა თბილისის ახალი ზოოპარკის გადატანის პროცესი? რა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა და როდის ექნებათ ვიზიტორებს ზოოპარკის ახალი იერსახით დათვალიერების საშუალება?
- მიმდინარეობს მშენებლობა, ცხოველების გარკვეული ნაწილი გადაყვანილია. დაგეგმარება მსოფლიო ბიოგეოგრაფიული ერთეულების შესაბამისად იქნება. ახალ ზოოპარკში ორი მთავარი მიმართულება იქნება - კავკასიური და აფრიკული სავანა. კავკასიის დიდი ნაწილი არის გადაყვანილი. ერთ-ერთი ძირითადი ექსპოზიცია სწორედ კავკასიის იქნება. გარდა ამისა, ჩვენ კავკასიაში ვცხოვრობთ და მიმაჩნია, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამყარო უნდა იყოს. მეორე ფაზა გახლავთ აფრიკული სავანის მშენებლობა, რომელიც ახლა მიმდინარეობს. აფრიკული სავანა განკუთვნილი არის დიდი ზომის ჩლიქოსნებისთვის და მსგავსი ცხოველებისთვის, იგულისხმება არასახიფათო ცხოველები. აქ ერთად იქნებიან განთავსებული ანტილოპები, ზებრები, ბეჰემოთები, მარტორქები და ჟირაფები. ზამთრის ვოლიერის მშენებლობა უკვე მთავრდება. თითქმის დასრულებულია ზებრებისა და ანტილოპების ზამთრის სადგომის აშენება. ჟირაფების, მარტორქებისა და ბეჰემოთების სადგომიც უკვე დასრულების პირასაა. ზაფხულის ვოლიერი ჯერ აშენებული არ არის.
ჯერჯერობით, ზამთრის ვოლიერი შენდება და შემდეგ გარშემო უნდა ავაშენოთ ზაფხულის ვოლიერი. ახლა გვაქვს ასაშენებელი ძირითადი, ე.წ. ზაფხულის ვოლიერი. ჩვენი კლიმატი სრულიად მისაღებია იქაური ცხოველებისთვის, მაგრამ ზამთრის ვოლიერი მაინც საჭიროა. შემდეგი ეტაპი არის ზაფხულის ვოლიერის აშენება, რომელიც საკმაოდ დიდი იქნება, არ არის მარტივი ნაგებობა. მისი ფართობი დაახლოებით 8-9 ჰექტარი იქნება. როდესაც ადგილზე მოხდება დაგეგმარება და შემოღობვა, ალბათ, ზუსტი ფართობი მერე უფრო დაზუსტდება, მაგრამ რაც რუკაზე არის, 8- 9 ჰექტრამდე იქნება. ეს არის საკმაოდ დიდი ტერიტორია, სადაც პატარა ვოლიერები იქნება განთავსებული. მაგალითად, პრიმატებისთვის სხვადასხვა ვოლიერი იქნება. ცხოველები ნახევრად თავისუფალ პირობებში იქნებიან. პრიმატების კუნძულიც მალე დამთავრდება, გარკვეული შენობები აკლია. იმედი გვაქვს, წლის ბოლომდე დავასრულებთ. გარშემო იქნება დიდი ვოლიერი, სადაც ცხოველები იმოძრავებენ, მათ შორის ყველა ცხოველი ერთად, როგორც ეს მაგალითად, აფრიკის სავანაშია. ეს არის მთავარი იდეა. გარდა ამისა, გვჭირდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება, როგორიც არის წყალარინების სისტემა, ელექტროდენის გაყვანა, ბილიკების მოწყობა, უსაფრთხოების ბარიერების მოწყობა და ა.შ. ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება, ახალი ზოოპარკი გაიხსნას. გარდა ამ სიახლეებისა, ადგილზე ვიზიტორებს ასევე დახვდებათ საცხენოსნო კლუბიც.
- როდის გაიხსნება ახალი ზოოპარკი დამთვალიერებლებისთვის?
- ამის პროგნოზირება ცოტა რთულია, რადგან დაფინანსებაზე არის დამოკიდებული. დაფინანსება როგორც კი გვექნება, იმის მიხედვით დასრულდება.
- არის თუ არა ბიუჯეტის დაფინანსება ახალი პროექტის სრულყოფილად განსახორციელებლად საკმარისი და გესაჭიროებათ თუ არა დამატებითი შემოსავლები? მიგაჩნიათ თუ არა, რომ პროექტის განსახორციელებლად კერძო სექტორის ჩართვა არის საჭირო?
- კერძო სექტორთან ჩვენ გვქონდა გარკვეული ურთიერთობა, მაგრამ მათი მხრიდან მაინც და მაინც დიდი ენთუზიაზმი არ ჩანდა არა მარტო ზოოპარკის მშენებლობასთან დაკავშირებით, არამედ კონსერვაციულ საქმიანობაზეც გვქონდა რამდენიმე პროექტი, რომელშიც ვცდილობდით კერძო სექტორი უფრო აქტიურად ყოფილიყო ჩართული ჩვენი ქვეყნის ბუნების დაცვაში, მაგრამ მათ მხრიდან მაინც და მაინც დიდი ენთუზიაზმი არ გამოუწვევია. ერთადერთი, ვინც გვაფინანსებს, ეს არის სახელმწიფო. სწორედ მათ გამოჰყვეს თანხები და ამით შევძელით სამუშაოების გარკვეულ დონემდე განხორციელება. გარდა ამისა, ურთიერთობა გვაქვს უცხოურ ფონდებთან. მაგალითად, ერთ-ერთი არის „ფაუნა და ფლორა ინტერნეიშენალი“, რომელთან ერთადაც შენდება ვეტერინარული კლინიკა, რომელიც პარალელურად, სარეაბილიტაციო ცენტრიც იქნება. შენობა არის აშენებული, ახლა შიდა სამუშაოები არის ჩასატარებელი. იმედია, ეს პროექტი წელს დასრულდება. რაც შეეხება მშენებლობას, ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი თანამშრომლების ხელით არის აშენებული. ჩვენ გვყავს ჩვენი მშენებლები, თუმცა, ჩვენი ჯგუფი საკმაოდ მცირერიცხოვანია, ისინი საკმაოდ ბევრ სამუშაოს ასრულებენ. ნებისმიერი თანამშრომელი, ვისაც რაიმეს გაკეთება შეუძლია საკუთარ პროფესიულ დონეზე, ყოველთვის მონაწილეობს ზოოპარკის მშენებლობაში. არსებული ვოლიერების დიდ ნაწილი სწორედ ჩვენი თანამშრომლებიც ხელით არის აშენებული...წაიკითხეთ სრულად ინტერვიუ