ავტორი:

"გზა ჯოჯოხეთისკენ", სადაც გატაცება და გაუპატიურება ჩვეულებრივი მოვლენაა - რა არის ცნობილი მიგრანტების ხარჯზე გამდიდრებულ ნარკოკარტელებზე: რა ხდება აშშ-მექსიკის საზღვარზე?

"გზა ჯოჯოხეთისკენ", სადაც გატაცება და გაუპატიურება ჩვეულებრივი მოვლენაა - რა არის ცნობილი მიგრანტების ხარჯზე გამდიდრებულ ნარკოკარტელებზე: რა ხდება აშშ-მექსიკის საზღვარზე?

2023 წელს ცენტრალური ამერიკისა და მექსიკის გავლით მიგრანტების რეკორდულმა რაოდენობამ იმოგზაურა იმ იმედით, რომ სიღარიბეს, ძალადობას, კლიმატურ კატასტროფებსა და კონფლიქტებს აშშ-ში წასვლით გაექცეოდნენ. თავისთავად რთულ გზას, რომელსაც ეს მიგრანტები გადიან, კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის მექსიკური კარტელები, რომლებიც ხშირად მათ ფულს სძალავენ, აუპატიურებენ და იტაცებენ კიდეც.

მექსიკის საზღვართან ქართველების გატაცების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, მექსიკურმა ნარკოკარტელმა 30-მდე ქართველი მძევლად აიყვანა და ისინი 5 დღეა ტყვეობაში იმყოფებიან. გამტაცებლები მძევლების სანაცვლოდ 90 000 დოლარს ითხოვენ. როგორც დაჯგუფებები იმუქრებიან, თუ თანხას არ მიიღებენ, ტყვეებს არ გაათავისუფლებენ.

2022 წლის მონაცემებით, კარტელებმა 2100-ზე მეტი მიგრანტი გაიტაცეს და ტყვეების სანაცვლოდ ათასობით დოლარი მოითხოვეს. არასამთავრობო ჯგუფმა Human Rights First-მა 2023 წლის 12 მაისიდან 2023 წლის ნოემბრის ბოლომდე 1300 მიგრანტის გატაცების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია.

"ყოველდღე ასე ხდება",- ამბობს ფრანცისკო გალარდო, მატამოროსის მიგრანტთა სამინისტროს ხელმძღვანელი.

მექსიკიდან აშშ-ში მიმავალი მიგრანტების გზა სავსეა ისეთი რისკებით, როგორიცაა ყაჩაღობა, გაუპატიურება და ფულის გამოძალვა: "ავტობუსებიდან აგდებენ და შემდეგ იტაცებენ. მათზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობენ, არ აჭმევენ, არც წყალს ასმევენ. სცემენ და მათ ოჯახებსაც აწამებენ, რადგან მათთვის ფულის გამოძალვას ცდილობენ. ახალი არაფერია, ეს ისეთი რამაა, რაც ადრეც ხდებოდა და ახლაც გრძელდება",- აცხადებს გალარდო.

  • როგორც წესი, გატაცებულ მიგრანტებს მექსიკელ სამართალდამცავებთან დაკავშირებისაც ეშინიათ იმ გავრცელებული აზრის გამო, რომ პოლიცია არასანდოა.

24 წლის ჯონი, რომელიც ცენტრალური ამერიკიდან აშშ-ში გადასვლას ცდილობდა, ჰყვება, რომ ვერაკრუზთან მიახლოებისას საშიშროებაც გაიზარდა. მატარებლით მგზავრობისას გარკვეულ სადგურებზე ბანდები შეცვივდნენ და მიგრანტებს გადასახადი მოსთხოვეს: "თითო სადგურის ფასი $100 იყო. გვემუქრებოდნენ, რომ სანამ ნათესავებს არ დავურეკავდით და ამ თანხას არ გადმოვარიცხინებდით, მანამ არ გაგვიშვებდნენ. თუ არ გადავუხდიდით, სახურავიდან გადაგდებით გვემუქრებოდნენ".

"მიუხედავად ყველანაირი გაჭირვებისა, რაც უკან მოვიტოვეთ, ნამდვილი კოშმარი მექსიკაში მოგზაურობა აღმოჩნდა",- დაასკვნა ჯონიმ.

  • ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიგრანტების კონტრაბანდა მრავალმილიარდ დოლარიან საერთაშორისო ბიზნესადაა ქცეული, რომელსაც ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებები აკონტროლებენ. ისინი ამ გზით, ყოველწლიურად, დაახლოებით 50 მილიონ დოლარს შოულობენ.

ადამიანების გატაცებებში არ დომინირებენ ე.წ. "კოიოტები", რომლებიც ემიგრანტების საზღვარზე გადაყვანას ხელმძღვანელობენ. როგორც წესი, ნარკოკარტელები კოიოტებს და სხვა კრიმინალურ ჯგუფებს მათ ტერიტორიაზე გავლით ან მის შიგნით მოქმედებისთვის საფასურს უხდიან. New York Times-ის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, აშშ-მექსიკის საზღვრის გადაკვეთა ლარედოში, ტეხასში, კოიოტებისთვის თანხის გადახდის გარეშე შეუძლებელია. თავად ეს "კოიოტები" კი Los Zetas-ის სინდიკატის ნორესტეს კარტელთან არიან შეკრულები.

უთანხმოება ხდება იმ ნარკოკარტელებს შორისაც, რომლებიც ტერიტორიისა და გავლენისთვის იბრძვიან. ეს კარტელები ქვეყნის დიდ ტერიტორიას აკონტროლებენ და ასევე პასუხისმგებელნი არიან პოლიტიკურ კორუფციაზე, მკვლელობებსა და გატაცებებზე.

რომელი დაჯგუფებები ბატონობენ მექსიკაში?

სინალოას კარტელი, რომელიც უმეტესად ჩრდილო-დასავლეთის დიდ ნაწილს აკონტროლებს. აშშ-ს მთავრობა სინალოას კარტელს აღწერს, როგორც ნარკოტრეფიკინგის ერთ-ერთ უდიდეს ორგანიზაციას მსოფლიოში. სინალოას კარტელი 1980-იან წლებში დაარსდა და მას მრავალი წლის განმავლობაში ხოაკინ "ელ ჩაპო" გუცმანი ხელმძღვანელობდა.

Los Zetas ლიდერი ომარ ტრევინო მორალესი 2015 წელს დააკავეს

ჯალისკოს ახალი თაობა (CJNG) 2010 წელს ჩამოყალიბდა და ძირითადად დასავლეთ ნაწილს აკონტროლებს, კონკრეტულად, ტიერა კალიენტეს რეგიონს. ჯგუფი სწრაფად გაფართოვდა და ახლა მექსიკის ერთ-ერთი ყველაზე დომინანტური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფია. ითვლება, რომ მისი ქონება 20 მილიარდ დოლარზე მეტია.

გოლფოს კარტელი ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორიას აკონტროლებს. ეს მექსიკის ერთ-ერთი უძველესი კრიმინალური ჯგუფია, რომელიც 1980-იან წლებში შეიქმნა.

ლოს ზეტას კარტელიც ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორიას აკონტროლებს. ეს ჯგუფი მექსიკის სპეცრაზმის ელიტარული დანაყოფის კორუმპირებული წევრების მიერ შეიქმნა. დაჯგუფება ნარკოტიკების ბიზნესს გასცდა და ხელს ნებისმიერ საქმეს ჰკიდებდა, რომელიც მათ ფულს მოუტანდა, სიგარეტის კონტრაბანდიდან დაწყებული, ადამიანებით ვაჭრობით დამთავრებული.

წყარო: amnestyusa

მოამზადა: ანა სიბოშვილმა

ნახეთ ასევე: