ავტორი:

"მეუღლეს პირობა არ წაუყენებია, ერთად გადავწყვიტეთ, დრო ოჯახისთვის დამეთმო" - როგორ ცხოვრობს ქეთი მერკვილაძე, რომელიც 2000-იან წლებში პრეზიდენტის შემდეგ პოპულარობით მეორე ადამიანი იყო

"მეუღლეს პირობა არ წაუყენებია, ერთად გადავწყვიტეთ, დრო ოჯახისთვის დამეთმო" - როგორ ცხოვრობს ქეთი მერკვილაძე, რომელიც 2000-იან წლებში პრეზიდენტის შემდეგ პოპულარობით მეორე ადამიანი იყო

2000 წელს, ქეთი მერკვილაძე პოპულარული ადამიანების რეიტინგში პრეზიდენტის შემდეგ, მეორე ადგილზე გავიდა. მისი სიმღერები ყველგან ისმოდა, მისი პირველი ალბომი კი მილიონი ეგზემპლარით გაიყიდა. გავიდა წლები, იშვიათად, მხოლოდ სატელევიზიო გადაცემებში ჩნდება. მუსიკაზე უარი არ უთქვამს, თუმცა კარიერაში ხანგრძლივი პაუზა აქვს.

ახლა დროს ოჯახს, მეუღლესა და შვილს უთმობს. ბედნიერია, რომ ხალხი დღემდე ცნობს, ახსოვთ და უყვართ...

- ქეთი, იმ წლებიდან, როდესაც მთელი საქართველო თქვენს სიმღერებს მღეროდა, დიდი ხანი გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ შოუბიზნესში აღარ დარჩით, უამრავ ადამიანს დღესაც ახსოვხართ. როგორია ახლა თქვენი ყოველდღიურობა?

- დიახ, დრო გავიდა და ცხოვრების სხვა ეტაპი დაიწყო. რაც მთავარია, იმ პერიოდმა მომიტანა ხალხის სიყვარული, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი და ახლაც ვგრძნობ. შოუბიზნესში დარჩენა არ ყოფილა ჩემი თვითმიზანი. როდესაც სიმღერას ვიწყებდი, ის პროფესიად არ მქონია არჩეული, პოპულარობამ და დროის დეფიციტმა არ დამიტოვა დრო სხვა საქმისთვის. მეორე პროფესიით, კლიპების რეჟისორი ვარ, კლიპმეიკერი. ახლა ჩემი ცხოვრება ძირითადად მოცულია ჩემი ოჯახით, ასევე სამსახურით. ბავშვებთან ვმუშაობ, მაქვს მუსიკალური წრე. მუსიკასთან მაინც დაკავშირებული ვარ.

- თქვენი მეუღლე ყოფილი სპორტსმენია, ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ თავიდან არ ჰქონია სურვილი, რომ კარიერა გაგეგრძელებინათ, ეს გახდა მიზეზი, რომ შოუბიზნესიდან წახვედით?

- ასე ვამბობ.?.. ეს ხუმრობით. რთულია ქართველი მამაკაცისთვის, როდესაც მეუღლე სახლიდან მუდმივად გასულია. როდესაც რომელიმე პროფესიას ემსახურები. კარგად რომ გააკეთო, ამისთვის მაქსიმუმი გჭირდება, მით უმეტეს, როდესაც შოუბიზნესში ხარ. ეს არის მუდმივი მუშაობის პროცესი, სიმღერები, სტუდია, ტელევიზია, ინტერვიუები, გასტროლები, საღამოები. ფაქტობრივად, სახლში მხოლოდ დასაძინებლად მიდიხარ. ასეც იყო, როდესაც აქტიურად ვიყავი შოუბიზნესში, მე და მამა გვიან მოვდიოდით სახლში. ის ჩემი პროდიუსერი იყო.

მეუღლეს ასეთი პირობა არ წაუყენებია ჩემთვის. ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ, რომ ძირითად დროს ოჯახს დავუთმობდი. გადაცემებში, შოუებში ახლაც მივდივარ თუ რა თქმა უნდა, თემა მომწონს.

მეუღლესთან და შვილთან ერთად

- როგორი მეუღლე ხართ, რა არის თქვენი ოჯახის სიმყარის საიდუმლო?

- საკუთარი თავის მიმართ არ ვიცი რამდენად ობიექტური ვიქნები რომ შევაფასო. ჩვენ უკვე 15 წელია ერთად ვართ, რაც შევხვდით, პირველი დღიდან. ის ძალიან გაწონასწორებული ადამიანია, მე შედარებით ემოციური ვარ, მაგრამ მალე ვქრები. ორივეს ჩვენი ხასიათი გვაქვს და ვისწავლეთ კომპრომისზე წასვლა. რაც დრო გადის, მით უკეთესად იცნობ ადამიანს და ნაკლები გაუგებრობა ხდება ურთიერთობაში. თუ გიყვარს ადამიანი, წლების შემდეგ კიდევ უფრო გიყვარდება. მე ასე ვარ.

- შვილზე მოგვიყევით, უკვე დიდი ბიჭი იქნება, იცის, რომ დედა ერთ დროს ძალიან პოპულარული მომღერალი იყო?

- შვილის დაბადებამ საერთოდ შეცვალა ჩემი მსოფლმხედველობა. ორი ადამიანი გავხდი. ძალიან აფასებს და მოსწონს, რაც გამიკეთებია, ხალხი რომ მხვდება და სიხარულს და პატივისცემას მიზიარებენ, გადაცემაში რომ მხედავს. საერთოდ ახლანდელი ბავშვები აზროვნებენ როგორც უკვე დიდი, ჩამოყალიბებული ადამიანები, განვითარებულები და ნიჭიერები არიან. ბევრი ინფორმაცია აქვთ, რაც ჩვენ არ გვქონდა, ამიტომ სწორად შეუძლიათ ანალიზი და კითხვებზე პასუხების გაცემა. იცის რომ ამ ყველაფერში თავის დროზე დიდი შრომა და ენერგია არის ჩადებული.

- ბევრი მომღერალი ვიცით, ვისაც წლების მანძილზე ახალი სიმღერები აღარ შეუქმნიათ, მაგრამ ხშირად ჩანან ტელევიზიით, მედიით. თქვენ კი ამ ყველაფრისგან დასვენება არჩიეთ. მგონია, რომ ოჯახს უფრთხილდებით.

- არის ეს ფაქტორიც. როგორც ზემოთ აღვნიშნე ყველგან არ მივდივარ, საკმაოდ ხშირად მეძახიან, მაგრამ ერთი და იგივე თემაზე საუბარი არ მინდა, ყოველთვის წინასწარ ვეკითხები, რა არის გადაცემის სასაუბრო თემა. თუ ის არ არის მისაღები და საინტერესო ჩემთვის, უარს ვამბობ.

- თქვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა მამას, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, მახსოვს, ჰყვებოდით, რომ დაავადების შესახებ გვიან გაიგეთ და მკურნალობა დაგვიანებული აღმოჩნდა. როგორია მამის გარეშე ცხოვრება, რა შეიცვალა, მახსოვს, რომ ყოველთვის ეკითხებოდით აზრს.

- მამა იყო ძალიან ნიჭიერი და შემოქმედი ადამიანი. მან შექმნა პირველი ხმის ჩამწერი სტუდია ‘’აია’’, რომელიც წერდა და რეალიზაციას უკეთებდა საკუთარ სტუდიაში შექმნილ მუსიკალურ პროდუქციას. წლები მუშაობდა ეს სტუდია. ბევრი მომღერლის და მუსიკოსის ალბომი ჩაიწერა ჩვენთან, ყველას ვერ ჩამოვთვლი. ბევრი არანჟირების ავტორი, რომელიც დღეს შოუ ბიზნესში მუშაობს ამ პროფესიით, ჩვენს სტუდიაში აღიზარდა, რადგან იმ წლებში ინსტრუმენტის ყიდვა და საკუთარი სტუდიის შენახვა ძალიან რთული იყო. მამა აძლევდა მათ სწავლის და განვითარების საშუალებას. ჩემი რამდენიმე ალბომიც სტუდია ‘’აია’’- ში შეიქმნა. მათ შორის ალბომი „ქალს“. მხოლოდ სიმღერა „ქალს“ იყო ჩაწერილი სტუდია ‘’მელოდიაში’’.

ყოველთვის ვფიქრობ გარკვეულ სიტუაციაში, ის ახლა როგორ მოიქცეოდა, რას იტყოდა. ძალიან რთულია მის გარეშე.

მშობლებთან ერთად

- ქეთი, პოპულარობამ 2000-იან წლებში ალბათ ბევრი უარყოფითიც მოგიტანა, მახსოვს, ხშირად იგონებდნენ თქვენზე ჭორებს, ეს ყველაფერი ამ გადმოსახედიდან ღირდა? - მგონია, რომ ძალიან განიცდიდით...

- სიმართლე გითხრათ, ჩემი ოჯახის წევრები უფრო განიცდიდნენ. დედა, რომელიც ასევე ჩართული იყო ჩემს საქმიანობაში, მამა. ჭორებმა იმდენად არა, ერთმა ისტორიამ სიმღერასთან დაკავშირებით უფრო მატკინა გული, თუმცა, ახლა არ მინდა ამის გახსენება. რაც შეეხება ღირდა თუ არა - ღირდა, მხოლოდ იმიტომ რომ ხალხის სიყვარული მომიტანა.

- როდის უსმენთ ხოლმე თქვენს სიმღერებს, როდის მოდის მუსიკის ნოსტალგია...

- როდესაც სხვები უსმენენ. იმდენ დროს მოითხოვს თითოეული სიმღერის შექმნა, რომ ათასჯერ გვაქვს მოსმენილი, სანამ ხალხი მოისმენს.

- ქეთი, რომ არა ის დრო, როდესაც საქართველოში მართლა მძიმე პერიოდი იყო, როგორ ფიქრობთ, თქვენი მუსიკალური კარიერა სხვანაირად წავიდოდა?

- საქართველოში მეტის გაკეთება ალბათ შეუძლებელია. პირველი ალბომი მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა, არანაკლები იყო „ქალს“. თუმცა ეს შემოსავლები არ კონტროლდებოდა და მეკობრეები ყიდდნენ დიდი რაოდენობით.

2000 წელს წლის ყველაზე პოპულარული მომღერლის ჯილდო ავიღე. ყველაზე ექსტრავაგანტური. როდესაც ინტერნეტი შემოვიდა და პირველი გამოკითხვა ჩატარდა, პირველ ადგილზე მე დამასახელეს, პრეზიდენტის შემდეგ. ერთ-ერთი საკმაოდ ცნობილი გაზეთის გამოკითხვის მიხედვით, მეორე ადამიანი ვიყავი საქართველოში პოპულარობით.

მითუმეტეს, ის დრო საკმაოდ რთული იყო არა მარტო შოუ -ბიზნესისთვის, საერთოდ ქვეყნისთვის. ახლა რომ ვიწყებდე კარიერას და15 წლის ვიყო, მეტი შესაძლებლობები მექნებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლის, ინტერნეტის და სოციალური ქსელების არსებობის პირობებში. თუმცა საქართველოში ალბათ, იგივე მიღწევას ვინატრებდი, რასაც უკვე მივაღწიე.

- დასასრულს გკითხავთ, რას შეცვლიდით იმ წლებიდან და მგონია, რომ ძალიან ენდობოდით ადამიანებს და ბევრმა გული გატკინათ.

- მოკლედ ვიტყვი. ბევრ მათგანს ახლოს არ გავიკარებდი.