ავტორი:

"წმინდა კვირიკეს დღესასწაული რომ გათენდა, თქვა: "მე დღეს გარდავიცვლები!"... დე, ხომ არ გეშინია-მეთქი? არაო, მითხრა" - როგორ იხენებენ 17 წლის ასაკში ბერად აღკვეცილ მამა ანდრიას

"წმინდა კვირიკეს დღესასწაული რომ გათენდა, თქვა: "მე დღეს გარდავიცვლები!"... დე, ხომ არ გეშინია-მეთქი? არაო, მითხრა" - როგორ იხენებენ 17 წლის ასაკში ბერად აღკვეცილ მამა ანდრიას

"თავზე მარტო 15 მაქვს, მთელ ტანზე 60-ზე მეტი მექნება... ძალიან მძიმეა, უფალო, ეს ჩემი ჯვარი, ძალიან მძიმე... ბეჭები სულ ჩამომწყვიტა, ისეთი მძიმეა. გევედრები მომეხმარე ჩემი ჯვრის ზიდვაში, როგორც შენ მოგეხმარა ის კეთილი ადამიანი, შენი ჯვარი რომ აიღო, როცა გოლგოთისკენ მიჰყავდი...", - ეს სიტყვები 17 წლის ასაკში ბერად აღკვეცილ ანდრიას ეკუთვნის, რომელმაც ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად, უდიდეს სულიერ სიმაღლეს მიაღწია და სასულიერო ცხოვრების დაწყებიდან 4 თვეში გარდაიცვალა. მას სპეციფიკური ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა, რომელსაც ძალიან მძიმე ტკივილი სდევს თან.

"დავბადებულვარ სვანეთში 1994 წლის, 23 თებერვალს. იმ დროს ომი ახალი დამთავრებული იყო. ეს იყო ერის ერთმანეთის დაშორების, განცალკევებისა და საქართველოს ერთიანობის განადგურების ომი. ამ ომში იბრძოდა ჩემი ბიძა, პოლკოვნიკი ნუგზარ მილორავა. ამაყი, ახოვანი და თავდადებული იყო. 23 სექტემბრის შემდეგ მისი კვალი დაიკარგა. მე კი ბიძის სახელი დამარქვეს მის პატივსაცემად" (ჩანაწერი ბერი ანდრიას დღიურიდან).

თინათინ ჩხვიმიანი, დედა: - ამდენი ომის, უბედურების, უღელტეხილზე გადმოსვლისა და ყველაფრის შემდეგ, შვილი რომ შემეძინა, ძალიან მიხაროდა. ჯერ კიდევ ბაღში რომ დადიოდა, იქიდანვე უცნაური კითხვები ჰქონდა. ხშირად რაღაცებს ხედავდა ხოლმე და შეშინებული გამოიღვიძებდა.

მარინა გიორგობიანი, მასწავლებელი:

- როცა გაკვეთილზე მოდიოდა, ხშირად წმინდანებზე მესაუბრებოდა. ყველაზე მეტად სიკვდილის საიდუმლოება აინტერესებდა. ყოველთვის მიკვირდა, 11 წლის ბავშვის დაინტერესება ასეთი თემებით. მაშინ მივხვდი, რომ სხვანაირი იყო. მეორე წელს ძალიან გახარებული იყო, სვანეთი ჰქონდა მოვლილი და ისე მიყვებოდა შთაბეჭდილებებზე, მეგონა, მეც მასთან ერთად ვიყავი სვანეთში. უცნაური და განსაკუთრებული იყო მასთან ყოველი წუთის გატარება.

დეკანოზი ნიკოლოზ ნიკოლაიშვილი:

- თინათინმა ბერი ანდრია ჩვენს ტაძარში მოიყვანა, როცა მე-4 კლასში იყო. ბავშვი გამოირჩეოდა სიმშვიდით, მსახურებაზე არ გაინძრეოდა და როცა ამბიონზე საქადაგებლად გამოვდიოდი, ჩანდა, რომ ისრუტავდა ყველაფერს. ყმაწვილი იყო, მაგრამ ამავე დროს ძალიან დაღვინებული...

"უფალო, გევედრები, ნუ მოდიხარ ტკივილით. მოდი სიმშვიდით და ნუგეშით. გევედრები, უფალო. შენ ხომ სიტკბოება და სიყვარული ხარ. მოდი, ჩემთან უფალო" (ჩანაწერი ბერი ანდრიას დღიურიდან).

დედა: - ყველა ექიმი ერთხმად მეუბნებოდა, ძალიან ჯანმრთელიაო. არაფერი სჭირს, თავი გაანებეთო. ამ დროს ბავშვს თურმე უიშვიათესი ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა მეოთხე სტადიაში გადასული და ამას ვერავინ ამჩნევდა.

ვლადიმერ კეჭეხმაძე, მეგობარი:

- როცა მასთან საავადმყოფოში ვრჩებოდი, შემსწრე ვარ, ტკივილის როგორი შეტევები ჰქონდა. მე ყურებაც კი არ შემეძლო, ის კი უფალს ადიდებდა. ისეთი გულწრფელი სიტყვებით მადლობდა უფალს, რომ ეს მომენტები ჩემი ცხოვრებიდან არასოდეს წაიშლება. ვიცოდი, ძალიან უნდოდა ენახა პატრიარქი. მივედი არქიდიაკონ მამა დემეტრესთან და ვთხოვე, თუკი მოხერხდებოდა, მამა ანდრია (მაშინ ჯერ კიდევ ნუგზარი) მიგვეყვანა პატრიარქთან და დაელოცა. დამპირდა და მართლაც მივედით მე და მამა ანდრია სამების საკურთხეველში, სადაც ვუცდიდით მის უწმინდესობას. დრო გავიდა და მამა ანდრიამ მითხრა, ვლადიმერ, წავიდეთ. თუკი უწმინდესთან ვეღარ მივალთ, ახლოდან ხომ მაინც ვნახე, ამითაც დიდი მადლი და სიხარული მივიღეო. უცებ შეწყვიტა ლაპარაკი და თავი დახარა. რატომ გააკეთე ასე-მეთქი? უწმინდესი გვიყურებს ამწუთასო და ისეთი უხერხულობა იგრძნო, რომ ვერ წარმოიდგენთ. ამასობაში უწმინდესმა დაგვიძახა. მამა ანდრიამ დაიჩოქა. ბევრჯერ მინახავს, რომ მიუყვანიათ პატრიარქთან სნეული, დაულოცია და წასულან. მამა ანდრიას შემთხვევა კი უჩვეულო იმით იყო, როცა დაგვლოცა უწმინდესმა და უნდა წამოვსულიყავით, თითქმის გამოსულები მოგვაბრუნა. ითხოვა მოეძებნათ ხატი, რომელიც უნდა ეჩუქებინა მამა ანდრიასთვის. მართლაც მოუტანეს ღვთისმშობლის ხატი "ოდიგიტრია", ანუ გზის მაჩვენებელი. ესეც სიმბოლურია, ალბათ, იმიტომ, რომ ეს აპრილში მოხდა, ზუსტად ერთი წლისთავზე კი მამა ანდრია ბერად აღკვეცეს ისევ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით. განაგრძეთ კითხვა

ასევე იხილეთ: