მშვენიერი, მოხდენილი თათა გიორგობიანი ერთ-ერთი გამორჩეული სახეა ქართულ ტელესივრცეში. ყველამ არ იცის, რომ ამ სილამაზის მიღმა ჭკვიანი, გონიერი და წინდახედული ქალი იმალება...
- ეკრანზე ყოველთვის უზრუნველი და ხალისიანი ჩანხართ... როგორია ნამდვილი თათა, რომელიც საკუთარ თავთან მარტო რჩება?
- თათას ძალიან ბევრი მხარე აქვს და ყველა სიტუაციაში ისე იქცევა, როგორც ამას კონკრეტული სიტუაცია მოითხოვს, რა თქმა უნდა, მორალური ჩარჩოების ფარგლებში. მეგობრებში ძალიან მხიარული ვარ, თუმცა არის სიტუაციები, როდესაც ვცდილობ სერიოზული ვიყო. საკმაოდ ხშირად მიწევს ყოფნა აკადემიურ წრეებში, რადგან ჩემს მომავალ პროფესიად ფსიქოლოგია ავირჩიე. უკვე მაგისტრატურას ვასრულებ და ჩემი არჩევანით კმაყოფილი ვარ. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ როცა საჭიროა, მეტისმეტად სერიოზული ვარ და თქვენ წარმოიდგინეთ, მკაცრი იმიჯიც მაქვს, თუმცა ადამიანების მიმართ კეთილგანწყობას ყოველთვის ვინარჩუნებ - ეს ჩემი შინაგანი მდგომარეობაა.
- ზოგიერთ ადამიანს ადვილად ეუფლება უიმედობა, თქვენ თუ ხართ მიდრეკილი დეპრესიისკენ?
- იყო დრო, როცა მეც დეპრესიული თინეიჯერი ვიყავი, მაგრამ წლებმა ყველაფერი შეცვალა. ფსიქოლოგია ძალიან დამეხმარა, რომ საკუთარი თავი მეპოვა და ჩემი ემოციები მემართა. ვფიქრობ, ემოციების მართვა - ეს არის ოქროს გასაღები და ფორმულა, რომელსაც ბედნიერებისკენ მივყავართ. იმასაც მივხვდი, რომ უიმედობა ადამიანის უპირველესი მტერია და კარგი არაფერი მოაქვს, რომ ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ გაკვეთილი მივიღოთ და ჩვენი მომავალი უკეთესობისკენ წარვმართოთ. ჩემი აზრით, გამოსავლის პოვნა ნებისმიერი სიტუაციიდან შეიძლება. ამის დასტურად, ერთ საოცარ ქალბატონზე გიამბობთ, რომელმაც უმძიმესი ტრაგედია გადაიტანა - შვილი გარდაეცვალა. ერთმანეთს ხშირად ვხვდებოდით და ბევრს ვსაუბრობდით. ამ საუბრების დროს თანდათან გამოიკვეთა მისი ცხოვრებისეული მისია - მიხვდა, რომ სხვებს უნდა დახმარებოდა - ადამიანებს, რომლებმაც მსგავსი ტრაგედია გადაიტანეს და მომავლის იმედი დაკარგეს! დიახ, მან ძალიან დიდი ტკივილის წყალობით იპოვა თავისი ადგილი ცხოვრებაში, თავისი დანიშნულება.
- რა განცდა გეუფლებათ, როდესაც ასეთ ადამიანებს ხვდებით და ესაუბრებით?
- მეც მათთან ერთად ვნერვიულობ და განვიცდი, რადგან ძალიან ემპათიური და მგრძნობიარე ადამიანი ვარ. ემოციურობაში ცუდი არაფერია, უბრალოდ, ემოციებმა საქმეში ხელი არ უნდა შეგიშალოს.
- ფსიქოლოგობა როგორ გადაწყვიტეთ?
- ჩემი ოჯახის რჩევით, სპეციალობად ბიზნესი და ეკონომიკა ავირჩიე: ყველა მირჩევდა, ეს საჭირო და აქტუალური პროფესიააო, თუმცა, ცოტა ხანში მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო და ფსიქოლოგიისკენ გადავიხარე. უფრო მეტიც, აღმოვაჩინე, რომ ფსიქოლოგია ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის იყო - ბავშვობიდან მოყოლებული, ჩემთან ხშირად მოდიოდნენ მეგობრები, ახლობლები, თავიანთ პრობლემებზე მიყვებოდნენ და რჩევას მეკითხებოდნენ. არ ვიცი, ალბათ ჩემთან უფრო ადვილი იყო "გახსნა" და გულწრფელი საუბარი იმის გამო, რომ მთელი გულით ვუსმენდი და თანავუგრძნობდი. როცა შენს გულისხმიერებას გრძნობს, ნებისმიერ ადამიანს უჩნდება სურვილი განცდები გაგიზიაროს. აღმოვაჩინე, რომ ეს საქმე მიტაცებდა და მაგისტრატურაში ფსიქოლოგიის სპეციალობით ჩავაბარე. ჯერ ილიას უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ახლა კი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ვსწავლობ.
- შეიძლება წლების შემდეგ, ისევ ტელეეკრანზე გიხილოთ, ოღონდ, ფსიქოლოგიური გადაცემის წამყვანად?
- უკვე რამდენჯერმე ვიყავი მიწვეული სხვადასხვა გადაცემაში ფსიქოლოგის სტატუსით. ყველაზე მწვავე, აქტუალურ თემებზე ვისაუბრეთ და ძალიან გაუკვირდათ, რომ ამ სფეროში საკმაო ცოდნა მქონია. კოლეგებისაგან სასიამოვნო კომპლიმენტები მივიღე, რამაც ჩემი მოტივაცია კიდევ უფრო აამაღლა. როცა ვიღაცას ვეხმარები, ისეთი განცდა მაქვს, რომ ჩემს მისიას ვასრულებ და სამყაროში დადებით ენერგიას ვგზავნი. ამჟამად, ჩემი გიჟური გრაფიკიდან გამომდინარე, დრო ყველაფრისთვის არ მყოფნის, მაგრამ ზუსტად ვიცი, ეს პროფესია ყველაზე მეტად მიყვარს და მომწონს.
- რა როლი შეასრულა თქვენს ცხოვრებაში ოჯახმა?
- ოჯახი ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებს, მაგრამ მთავარი მაინც ჩვენი მოტივაციაა. 15 წლიდან ვმუშაობ და სიმღერით დაწყებული, ფსიქოლოგიური განათლებით დამთავრებული, აბსოლუტურად ყველაფერს ჩემი შრომით და მონდომებით მივაღწიე.
- გამართლების გარეშე?
- გამოგიტყდებით, ადამიანის ცხოვრებაში გამართლებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს: არსებობენ ჩემზე მშრომელი და ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც ჩემზე უკეთესად მღერიან და ლამაზად გამოიყურებიან, მაგრამ რაღაც სიტუაციაში ვერ ხვდებიან ან თვითონ არ არიან მზად, რომ თავიანთი ნიჭი და უნარი სწორად გამოიყენონ. ასე რომ, გარდა შრომისა, ჩემს ცხოვრებაში გამართლების მომენტიც იყო, რისთვისაც მადლობელი ვარ. მგონია, რომ ადამიანი რასაც ასხივებს და რასაც გასცემს, ყველაფერი უკან უბრუნდება, ამიტომ, შინაგან განწყობას და შემართებას დიდი მნიშვნელობა აქვს. განაგრძეთ კითხვა