როგორც ცნობილია მექსიკაში 30 ქართველი გაიტაცეს. არსებული ინფორმაციით, მექსიკურმა ნარკოკარტელმა ისინი მძევლად აიყვანა და უკვე მეოთხე დღეა, რაც ტყვეობაში არიან. გავრცელებული ცნობების თანახმად, გამტაცებლები მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 90 000 დოლარს ითხოვენ.
ვრცელდება ცნობები, რომ მძევლებს შორის ქალებიც არიან. ერთ-ერთმა გატაცებულმა ქართველმა ახლობელს და ოჯახის წევრებს მოკლე ტესტური შეტყობინება გამოუგზავნა და დახმარება ითხოვა.
"30 შენი მოქალაქე უმძიმეს გზას გაივლის იმისათვის, რომ ფეხით გადაკვეთოს უცხო ქვეყნის საზღვარი ერთადერთი მიზნით - იმუშავოს და ამით არჩინოს სამშობლოში დარჩენილი ოჯახი.
გაიტაცებენ, მათში 90 ათას დოლარს ითხოვენ. ანუ, გამტაცებლებიც კი ხვდებიან, რომ ერთი ქართველის სიცოცხლე 3 ათას დოლარზე მეტი არ ღირს.
ამ დროს კი შენი ქვეყნის ხელისუფლება ეკონომიკურ აღმავლობაზე, მშვიდობაზე და სტაბილურობაზე საუბრობს…
იმ უცხო ქვეყანას კი გარყვნილების ბუდედ, ჩვენ ჯიგრულ ტრადიციებთან მებრძოლად, გარყვნილების ბუდედ აცხადებს წამდაუწუმ…ამას რა ქვია, თქვენც კარგად ხვდებით", - წერს ხუხაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მექსიკის საზღვართან 30-მდე ქართველის გატაცების გამო საელჩო მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან კავშირზეა. მათივე ცნობით, უწყება მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არკვევს.
"საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს. საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, მათთან, ვინც მიმართა საელჩოს ოჯახის წევრის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.