ავტორი:

"დამალული სოფელი" ჩრდილოეთ კორეის საზღვართან - როგორ ცხოვრობს ხალხი საშიშ ადგილას, სადაც მუდმივად სამხედრო ესკალაციის საფრთხეა

"დამალული სოფელი" ჩრდილოეთ კორეის საზღვართან - როგორ ცხოვრობს ხალხი საშიშ ადგილას, სადაც მუდმივად სამხედრო ესკალაციის საფრთხეა

ჩრდილოეთ კორეიდან რამდენიმე მეტრში მდებარე სოფელი ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებული ადგილია დედამიწაზე. მავთულხლართებით გარშემორტყმული სოფელი 1953 წელს, კორეის ომის შემდეგ შეიქმნა. მაშინ, როდესაც უამრავი სოფელი თუ დასახლებული ადგილი ადამიანებისგან დაიცალა, მხოლოდ ორ ადგილას მიეცა უფლება მოსახლეობას, ცხოვრება გაეგრძელებინა.

  • ერთი იყო სოფელი ტაესუნგი, მეტსახელით - "თავისუფლება“ სამხრეთ კორეაში, ხოლო მეორე - კიონგი, "მშვიდობა“, რომელიც ჩრდილოეთით მდებარეობს.

თითქოს გაჩნდა მოლოდინი, რომ ერთ დღეს სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეა სწორედ ამ ორი სოფლიდან დაიწყებდა გაერთიანებას, მაგრამ 70 წლის შემდეგაც კი, ამის პერსპექტივა სულ უფრო მცირდება, სოფლის უხუცესები ნელ-ნელა კვდებიან, ახალგაზრდები კი მას ტოვებენ.

გიუნჰო და მი-სუნი კი იმ იშვიათ წყვილს წარმოადგენენ, რომლებიც ტაესუნგში დასახლდნენ.

  • მტრის ხაზებს შორის ცხოვრება

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მტრულად განწყობილი სახელმწიფოს საზღვართან ცხოვრება მნიშვნელოვან რისკს შეიცავს. მი-სუნი იხსენებს შარშანდელ დღეს, როდესაც ამერიკელი ჯარისკაცი, ტრევის კინგი, სამხრეთ კორეიდან ჩრდილოეთში გაიქცა საზღვრის გასწვრივ, მისი შვილები სასწრაფოდ სკოლიდან სახლში გაგზავნეს და უსაფრთხოების მიზნით, სახლში ჩაკეტეს.

"ასეთი რამ ხდება რამდენიმე წელიწადში ერთხელ“, - ამბობს ის. სოფელში არ არის რესტორნები, სამედიცინო დაწესებულებები და არც ერთი მაღაზია. მაცხოვრებლები, რომელთა უმეტესობა ახლა 80-90 წლისაა, 800-ზე მეტი ჯარისკაცის იმედად ცხოვრობს.

სოფელს მართავს გაეროს სარდლობა - აშშ-ის მეთაურობით, ჯარი, რომელიც მოიცავს ჯარისკაცებს ათზე მეტი ქვეყნიდან. ძალები პასუხისმგებელნი არიან მშვიდობის უზრუნველყოფაზე. რადგანაც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის არასოდეს ყოფილა სამშვიდობო შეთანხმება, მაცხოვრებლები მუდმივი დაძაბულობის ფრონტზე არიან.

  • "თითქოს ყოველდღიურობა არ არის საშიში, მაგრამ რისკი წარმოუდგენლად მაღალია”, - ამბობს ამერიკელი ლეიტენანტი, კრის მერკადო, რომელიც ჯარისკაცების ელიტარულ ბატალიონს ხელმძღვანელობს.

სოფელს ჩრდილოეთ კორეისგან ფიზიკურად არ ჰყოფს ღობეები და ბარიერები. მხოლოდ ჟანგიანი ნიშანი ასახავს უხილავ ხაზს. "ყოველთვის გული მწყდება, როცა აქ მოვდივარ", - ამბობს ტაესუნგის მერი კიმ დონ-გუ. "ჩვენ ერთი ხალხი ვართ, თუმცა ერთმანეთს ვერ ველაპარაკებით, მხოლოდ შორიდან შეგვიძლია ყურება".

ამ ყველაფრის ასანაზღაურებლად, სოფლის მოსახლეობას სთავაზობენ რამდენიმე ძირითად შეღავათს, რათა დაარწმუნონ, რომ სოფელში დარჩნენ: ისინი არ იხდიან გადასახადებს ან ქირას, ხოლო ნებისმიერი მოცულობის მოსავალს, რომელსაც ვერ გაყიდიან, მთავრობა იყიდის. სოფლის დაწყებით სკოლაში თითო კლასში მხოლოდ ექვსი მოსწავლეა.

სოფელში სულ რამდენიმე ბავშვი ცხოვრობს.

თითქოს არსებობს მოლოდინი, რომ ეს ორი სახელმწიფო, ოდესმე გაერთიანდება, მაგრამ ამ ფაქტის წინაპირობა ჯერ არაა. მითუმეტეს, რომ 2024 წლის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეა თავის ნომერ პირველ მტრად დაასახელა და განაცხადა, რომ ამ ორი ქვეყნის მშვიდობიანი გაერთიანება შეუძლებელია.

მოამზადა ეკა დარჩიაშვილმა