ავტორი:

"თუ პაციენტი წლების განმავლობაში თვითნებურად მოიხმარს პრეპარატს, ამან შესაძლოა, გამოიწვიოს ინფარქტი და ინსულტიც კი" - რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ცხვირის წვეთებზე დამოკიდებულებას?

"თუ პაციენტი წლების განმავლობაში თვითნებურად მოიხმარს პრეპარატს, ამან შესაძლოა, გამოიწვიოს ინფარქტი და ინსულტიც კი" - რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ცხვირის წვეთებზე დამოკიდებულებას?

ცხვირის წვეთებზე დამოკიდებულება სამწუხაროდ 21-ე საუკუნეში ერთგვარ სენად იქცა. ადამიანების ნაწილი წლების განმავლობაში მოიხმარს სხვადასხვა საშუალებებს, რომლებიც სუნთქვაში ეხმარებათ, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რა მძიმე შედეგები შეიძლება დადგეს.

  • რა იწვევს სუნთქვის გაძნელებას, როდის ხდება აუცილებელი ოპერაციული ჩარევა და აგვარებს თუ არა პლასტიკური ქირურგია სუნთქვის პრობლემებს, ამ თემაზე ოტორინოლარინგოლოგ და ცხვირის პლასტიკურ ქირურგ დავით მამისაშვილს ვესაუბრეთ

- ბატონო დავით, ბოლო დროს ძალიან გახშირდა ცხვირის წვეთებზე დამოკიდებულება...

- ამ შემთხვევაში საუბარია ქსილომეტაზონის ჯგუფის პრეპარატებზე, რომლის გამოყენებაც დაშვებულია მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში, სურდოს ან ვირუსის დროს, როდესაც სახეზეა ცხვირის ჩაკეტილობა. მაგრამ თუ პაციენტი ისევ აგრძელებს მედიკამენტის მოხმარებას, ეს უკვე იწვევს ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას. წვეთების გამოყენებისას სისხლძარღვები ვიწროვდება, ქვედა ნიჟარები კი, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ სუნთქვაში იჭმუხნება და სავალი ფართოვდება, შესაბამისად წვეთებზე დამოკიდებულება შემდეგ იწვევს მთელ რიგ პრობლემებს, ცხვირ-ხახის გამოშრობას, წნევის მატებას, ცხვირიდან სისხლდენებს. თუ პაციენტი წლების განმავლობაში თვითნებურად მოიხმარს პრეპარატს, ამ დამოკიდებულებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ინფარქტი და ინსულტიც კი.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი გამოყენება გრძელვადიანად და თვითნებურად. თუ უკვე ჩამოყალიბდა გამხსნელზე დამოკიდებულება, ამ დროს პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს და დაენიშნოს შესაბამისი მედიკამენტოზური მკურნალობა. თუ ამანაც ვერ გაამართლა, მაშინ შესაძლოა, დასჭირდეს ოპერაცია, რაც ითვალისწინებს ნიჟარების მკურნალობას, თუ ძგიდეც არის გამრუდებული, ოპერაციულად სწორდება. მაგრამ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც პაციენტები იკეთებენ ოპერაციას და მაინც აგრძელებენ წვეთების გამოყენებას, ამ დროს თავიდან ხდება რეციდივი.

- ძგიდის ოპერაცია ახსენეთ, ხშირად როგორ დგინდება, რომ პაციენტს რეალურად ძგიდის პრობლემა აქვს?

- ამ დროს აუცილებლად უნდა დადგინდეს, ძგიდესთან ერთად ხომ არ აქვს პაციენტს სხვა პრობლემაც, მაგალითად სარქველის კოლაფსი, ამიტომ კეთდება წინასაოპერაციო გამოკვლევა - ფუნქციონალური რინომეტრია. მისი საშუალებით ვადგენთ ცხვირის რა ნაწილშია სუნთქვის გაძნელება. აუცილებლად უნდა შეფასდეს ცხვირის გამრუდების ხარისხი და გადაწყდეს ღია თუ დახურული მეთოდით ჩატარდეს ოპერაცია. სხვათა შორის, რიგ შემთხვევებში, აუცილებელიც კია ძგიდის ოპერაცია ჩატარდეს პლასტიკურ ოპერაციასთან ერთად.

- როგორ უნდა განასხვაოს პაციენტმა - ხომ არ არის სუნთქვის უკმარისობა ალერგიით გამოწვეული?

- როდესაც ძგიდე გამრუდებულია, საპირისპირო მხარეს ნიჟარა შუპდება. ალერგიული ფონი კი უფრო მეტად სეზონურია, ამიტომ პაციენტის ანამნეზს ვაგროვებთ. თუ სუნთქვის უკმარისობას ახლავს ცრემლდენა, გამონადენი, ალერგოლოგიც უნდა ჩაერთოს პაციენტის მკურნალობაში.

- ზამთარში განსაკუთრებულად მწვავდება სუნთქვის პრობლემები, როდესაც სახლში ჩართულია ცენტრალური გათბობა.

- დიახ, ოთახი აუცილებლად უნდა იყოს დატენიანებული, განსაკუთრებულად ზამთრის პერიოდში, როდესაც სახლის ხშირად არ ნიავდება. არ აქვს მნიშვნელობა სახლში გექნებათ ელექტროღუმელი თუ ცენტრალური გათბობა, აუცილებლად უნდა დადგათ წყლით სავსე ჭურჭელი. ასევე არსებობს სპეციალური აპარატები, რომლებიც ოთახს ატენიანებენ, გაითვალისწინეთ, რომ მიუხედავად ზამთრისა, ხშირად უნდა გაანიავოთ ოთახი.

- ბავშვების შემთხვევაში რა იწვევს "ცხვირის ჩაკეტილობას"?

- ბავშვების შემთხვევაში უფრო ხშირად გვხვდება ადენოიდები, ასევე დიდი გლდანები, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას, მკოცნავ გლანდებსაც ეძახიან. იშვიათად შეიძლება ბავშვთა ასაკშიც გამოვლინდეს ძგიდის გამრუდება.

გლანდების შემთხვევაში უნდა დადგინდეს ჰიპერტროფიის ხარისხი და თუ გლანდები ჩირქოვანი არ არის, ვეცადოთ შევინარჩუნოთ. რაც შეეხება ადენოიდებს, ამ შემთხვევაში ინიშნება მედიკამენტოზური მკურნალობა და თუ მაინც ვერ ხერხდება დაპატარავდება, ბავშვს აქვს ღამის აპნოე, როდესაც ძილის განმავლობაში სუნთქვას აჩერებს და მედიკამენტოზური მკურნალობა არ არის ეფექტიანი, მივმართავთ ქირურგიას.

- პლასტიკურ ქირურგიაზე მინდა გკითხოთ, ახლა როგორი ცხვირებია ახლა მოდაში?

- გოგონებს რა თქმა უნდა მოსწონთ აწეული ცხვირის წვერი, ე.წ. კურნოსა ცხვირი. რაც შეეხება მამაკაცებს, უფრო სწორი ცხვირები მოსწონთ. როდესაც კონსულტაციაზე მოდიან, პირველი რასაც მეუბნებიან, აწეული ცხვირი არ მინდა, არ შემეტყოს რომ ცხვირი ნაოპერაციებიაო. გოგონები პირიქით, სულ აწეულ ცხვირს ითხოვენ.

- ხშირად მოგმართავენ მამაკაცები ცხვირის ოპერაციაზე?

- დიახ, პლასტიკურ ქირურგიაში ყველაზე დიდი მოთხოვნა საქართველოში ცხვირზე მოდის. ბოლო დროს ხშირად მოდიან მამაკაცები. ძირითადად ამბობენ, რომ ვერ სუნთქავენ და უნდათ, რომ ბარემ პლასტიკური ოპერაციაც გაიკეთონ. ალბათ მაინც აქვთ კომპლექსი.

- საბედნიეროდ, ცხვირის პლასტიკური ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია, ახლა ისეთი რთული აღარ არის, როგორც ადრე იყო.

- დიახ, რეაბილიტაცია ისეთი ხანგრძლივი და მტკივნეული აღარ არის როგორც ადრე. არსებობს სპეციალური აპარატი, რომლის საშუალებითაც ძვლოვან ნაწილზე ხდება მუშაობა, რაც ამცირებს ქირურგიულ გართულებებს. ფაქტობრივად აღარ არის ხოლმე ჩალურჯებები და შემდგომი რეაბილიტაციაც მარტივია. თაბაშირს მაქსიმუმ ათი დღე ვაჩერებთ და სილიკონის ტამპონებს მაქსიმუმ ხუთი დღე.