ავტორი:

როგორ ცხოვრობს ქართული ესტრადიდან გაუჩინარებული აგნესა რუსეთში - "სიმღერისთვის არ მცალია, მამას რესტორანს ვუვლი... მყავს მეუღლე, ბევრს ვმოგზაურობ"

როგორ ცხოვრობს ქართული ესტრადიდან გაუჩინარებული აგნესა რუსეთში - "სიმღერისთვის არ მცალია, მამას რესტორანს ვუვლი... მყავს მეუღლე, ბევრს ვმოგზაურობ"

დღესაც ხშირად გაიგებთ სიტყვებს, რომ 2000-იან წლებში საქართველოში შოუბიზნესი ყვაოდა. კონცერტები ყოველ კვირას სხვადასხვა რეგიონში იმართებოდა. ლამის ყოველ კვირას ტელევიზიით ახალი სიმღერის პრემიერა გადიოდა.

მაშინდელი პოპულარული სახეებიდან ბევრი შოუბიზნესიდან გაქრა, მათგან ნაწილმა ოჯახი შექმნა და სიმღერას დაემშვიდობა, ზოგმა პროფესია შეიცვალა და ზოგიც უცხოეთში წავიდა. 2000-იანი წლების მომღერლებიდან პოპულარობა მხოლოდ მცირე ნაწილმა შეინარჩუნა.

მათ შორის არის აგნესა, გოგონა, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ რიტმული სიმღერითა და იმ დროისთვის თამამი კლიპით გაიცნო. აგნესა წლებია უკვე რუსეთში, ქალაქ სამარაში ცხოვრობს, ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. ერთ დროს პოპულარული მომღერალი ახლა მამის რესტორნის დირექტორია...

- აგნესა, ბევრი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველო დატოვეთ. სად ხართ, რას საქმიანობთ ახლა?

- ვცხოვრობ რუსეთში, ქალაქ სამარაში, მამას ჰქონდა აქ რესტორანი და მას ვუვლი, ასევე მყავს მეუღლე და ერთი შვილი, სიმღერისთვის აღარ მცალია. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა და ზუსტად დღეს ვეუბნებოდი ჩემს მეგობარ კომპოზიტორს, რომ ზაფხულისთვის სიმღერა დამიწერე-მეთქი. ალბათ, ეს სიმღერა უფრო ქართულ ბაზარზე იქნება გათვლილი, მანდ ვიყავი პოპულარული, რუსულ შოუბიზნესში დაწყება ახლა, ამ ასაკიდან არ ვიცი...

- არ გიკვირს, ამდენი წლების შემდეგ ხალხს რომ ახსოვხარ და ჟურნალისტები გიკავშირდებიან?

- სიმართლე გითხრათ, მართლა მიკვირს, დედა საქართველოში ცხოვრობს და მეუბნება ხოლმე, რა ბედი გაქვს, დღემდე გკითხულობენ და ხალხს ახსოვხარო.

- შვილზე და მეუღლეზე მოგვიყევით...

- გაბრიელი რვა წლის არის, ძალიან უყვარს სპორტი. სულ ვფიქრობდი, რომ ორი ან სამი შვილი მეყოლებოდა. ბავშვები ძალიან მიყვარს, იქამდე მეგობრების შვილებს ვასეირნებდი ხოლმე. გაბრიელი რომ დაიბადა, შემდეგ აღარ მომინდა. იმდენად აქტიური ბავშვია, ბევრი ყურადღება სჭირდება, ძალა აღარ მაქვს. მეუღლე ბიზნესმენია, ახლა ძირითადად ტაშკენტშია. სულ მეუბნება, ჩაწერე რამე სიმღერა. არაქართულენოვანია, მაგრამ ქართულ სიმღერებს უსმენს, მაგალითად ნინო ჩხეიძეს. ჩემს შვილს ბავშვობიდან ვასწავლიდი ქართულს, ვუმღეროდი ქართულ სიმღერებს, რაღაცები ესმის. სამი წელია თბილისში არ ვყოფილვარ, კოვიდის მერე ვეღარ ჩამოვედი. თბილისში დედა, ჩემი ძმა ცხოვრობს ოჯახით. გაბრიელს ძალიან მოსწონს მოგზაურობა და ვცდილობთ, სულ სადღაც წავიდეთ. მაგრამ ზაფხულში ახლა ერთი თვით გამოვუშვებ საქართველოში.

- როგორია რესტორნის ხელმძღვანელი აგნესა, როგორ ანაწილებთ დროს?

- როდესაც დაკავებული ვარ, რესტორანში დიდი ბანკეტი ან ღონისძიებაა, ძიძა მეხმარება, ასევე მამის მხრიდან ნათესავებიც მეხმარებიან. თუმცა მაინც მინდა, რომ ჩემი შვილი მე გავზარდო, არ მინდა ეს წლები დავკარგო, მსიამოვნებს მასთან ყოფნა, კოცნა, მოფერება, როდესაც გაიზრდება თავისი ცხოვრებით იცხოვრებს.

- ქართველები თუ ცხოვრობენ სამარაში?

- დიახ, ქართველები ცხოვრობენ, ჩვენი რესტორანი ქართულია, ქართული სამზარეულო გვაქვს და ხშირად მოდიან ჩვენთან.

- არ ვიცოდი თუ ქართული რესტორანი გქონდათ, სახელიც ქართული ჰქვია?

- არა და მაგას გამორჩეული ისტორია აქვს. სანამ რესტორანს ააშენებდა მამა, ჩვენთან სახლში, სამარაში ძალიან ხშირად მოდიოდნენ სტუმრები. აქ ისეთი წესია, რომ სტუმარი რომ მოდის, ყოველთვის ფეხზე იხდის. წარმოიდგინეთ, ამდენი სტუმარი და დღე და ღამე ფეხსაცმელები ელაგა ჩვენს სახლში. დედა ეუბნებოდა, გეხვეწები, სადმე სხვაგან წაიყვანე, აღარ შეგვიძლია ამდენი ფეხსაცმელი სახლშიო. ადგა მამამ და ვოლგის პირას თავის საყვარელ ადგილას პატარა კაფესავით გააკეთა, სადაც მხოლოდ მეგობრებთან ერთად იკრიბებოდა. მერე ნელ-ნელა, ავაშენეთ, ავაშენეთ და დღეს დიდი რესტორანია. როდესაც სახელის დარქმევაზე ფიქრობდნენ, მეგობრებმა შესთავაზეს, მოდი, ჩვენ ხომ შენი შვილებივით ვართ და დაარქვი Дети Лейтенанта Шмидта, რადგან რესტორანი შმიდტის ქუჩაზე მდებარეობს. შემდეგ ვფიქრობდი სახელი გადამერქვა, თავიდან სუფრა მინდოდა, რამე ქართული სიტყვა და შემდეგ გადავიფიქრე.

- ქართველი მზარეულები გყავთ?

- დიახ, ორი ქართველი მზარეული გვყავს, რომლებიც წლები აქ ცხოვრობენ, ასევე სომეხი საქართველოდან და ერთიც თათარი, რომელიც გახსნის დღიდან ჩვენთან მუშაობს. მუსიკოსი თბილისელი სომეხი ბიჭია, რომელიც ქართულად მღერის. რეპერტუარიც ქართული გვაქვს. ასევე გვაქვს დღეები, როდესაც მოცეკვავეებს ვეპატიჟებით, სულ ვცდილობ, რომ ბევრი ქართული ელემენტი შევიტანო.

- ქართველი მომღერლები თუ მიგიწვევიათ?

- სამი წლის წინ მინდოდა ჩამომეყვანა აჩი ფურცელაძე, აჩიკო ცანკაშვილი, სანდრო სეფაშვილი, საბუთებიც გამომიგზავნეს, მაგრამ პანდემია დაიწყო. წელს ვფიქრობ, იქნებ გამომივიდეს, მაგრამ ახლა ომი გვიშლის ხელს. კოვიდის დროს ჩვენც გაგვიჭირდა როგორც ყველას, დაიხურა ყველაფერი. ჩუმად ვუშვებდით ხოლმე სტუმრებს, დარეკვით, ოღონდ ძალიან ცოტა ადამიანს, ძირითადად გატანებზე ვმუშაობდით, რომ მომსახურე პერსონალს ხელფასი ჰქონოდა.

- ქართულ ამბებს თუ ადევნებთ თვალს?

- ხშირად ტელევიზორის დრო არ მაქვს, უფრო ინსტაგრამზე თუ ვნახავ ინფორმაციას ან ნაცნობმა მითხრა რამე. ახალი სიმღერები ნაკლებად ვიცი, ისეთი ტემპში ვცხოვრობ, დღე ისე გადის, რომ ვერ ვიგებ.

- აგნესა დიდ ოჯახად ცხოვრობთ?

- არა, მე საერთო ბინაში ვცხოვრობ, მამა საკუთარ სახლში, რადგან ცხოველები და ბუნება უყვარს. მე პირიქით, არ მიყვარს დიდი სახლი და ჩემი ახლანდელი ბინა ახლოსაა სკოლასთან, არ არის ჩემთვის კომფორტული საცობების გამო ქალაქგარეთ ცხოვრება. რესტორანიც ახლოს არის, განსაკუთრებულ შემთხვევებში მალე რომ მივიდე ადგილზე. ძირითადად მე და ჩემი შვილი ვართ, მეუღლის გამო დავდივართ წინ და უკან, ხან ის ჩამოდის, ხან ჩვენ ჩავდივართ.

გარდა დატვირთული სამსახურისა და დღის რეჟიმის, გატაცებული ვარ იოგით, ვვარჯიშობ სპორტდარბაზში და ძალიან მიყვარს ცურვა. ასევე ძალიან მომწონს ცეკვა ბაჩატა, რომელიც 60-იან წლებში ლათინურ ამერიკაში წარმოიშვა და სოციალური ცეკვის სტატუსი აქვს. როდესაც ვმოგზაურობ, სხვადასხვა ქალაქებში ყოველთვის ვპოულობ ადგილს, სადაც ბაჩატას საღამოები ეწყობა. აუცილებლად ვესწრები და ძალიან მიხარია, რომ ცეკვა ვიცი და მეც ვცეკვავ.

- აგნესა, არ გიჭირთ, მეუღლისგან შორს ყოფნა, რამდენად ტრადიციული ადამიანია?

- დიახ, შორს არის, მაგრამ კიდევ გავიმეორებ, რომ ძალიან აქტიური ცხოვრება მაქვს, ბევრს ვმოგზაურობ, მასაც ბევრი სამსახური აქვს. თან 16 წლისები აღარ ვართ, რომ რაღაცებზე ვინერვიულოთ. ორივე ძალიან საინტერესოდ ვცხოვრობთ. რაც შეეხება ტრადიციულობას, არ არის ასეთი ადამიანი, რუსეთშია დაბადებული და გაზრდილი. მოკლედ, ყველაფერი იდეალურად გვაქვს.

- ამ გადმოსახედიდან ყველაზე კარგად რა გახსენდებათ საქართველოში ცხოვრებიდან? რა იყო თქვენი კარიერა, უბრალოდ გართობა თუ შეგეძლოთ უფრო წარმატებული ყოფილიყავით?

- არ ვიცი, შეიძლება ჩემზეც იყო დამოკიდებული, კარიერა რომ არ გავაგრძელე, რაღაც მომენტში არ მომინდა. თან მაშინ რთული პერიოდი იყო, მახსოვს გასტროლებზე რომ დავდიოდით, ძალიან მძიმე პირობები იყო. ტკბილად მახსენდება სპორტის სასახლე, კონცერტები. შემდეგ სომხეთში წავედი და იქ მუსიკალურ პროექტში გავიმარჯვე, ამერიკაში უნდა წავსულიყავი, მაგრამ ვიზა არ მომცეს, ამის შემდეგ აღარც გამიგრძელებია სიმღერა. ძალიან ტკბილი მოგონებები შემომრჩა.

- დასასრულს რას ეტყოდით თქვენს მსმენელს, ვისაც დღემდე ახსოვხართ.

- დიახ, ვიდეოებს მიგზავნიან ხოლმე, რომ დღემდე უსმენენ. იმდენად მსიამოვნებს ეს ფაქტი, რომ რაღაც სტიმულს მაძლევს, რომ კიდევ რამე გავაკეთო. ვისაც ვახსოვარ, გავახარო ჩემი გამოჩენით. თუ გამომივა, რაც მე ჩავიფიქრე, ზაფხულში ახალი ჰიტი მექნება.