რამდენიმე დღის წინ, ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ გენერალური სპონსორი დასუფთავების ტექნიკის მწარმოებელი კომპანია „კერხერი“ გახდა.
გერმანულ კომპანიასა და საფეხბურთო კლუბს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, „კერხერი“ მთელი წლის განმავლობაში საფეხბურთო კლუბის ფინანსურ მხარდაჭერასა და წარმატებული სეზონისთვის ფეხბურთელებისთვის ყველა საჭირო პირობის შექმნას უზრუნველყოფს.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა აღნიშნეს, ”კერხერი” ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, გენდერული თანასწორობის პრინციპების გაძლიერებას და ქალთა ფეხბურთის განვითარებას რეგიონებში.
„მოხარული ვარ, რომ „კერხერის“ სახით ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბმა დიდი მხარდამჭერი შეიძინა. შეთანხმებული მემორანდუმის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მთელი წლის განმავლობაში, კლუბს ჰქონდეს ყველა პირობა სრულფასოვანი მომზადებისთვის და წარმატებული სეზონისთვის. ჩვენი სურვილია, მივცეთ მოტივაცია ჩვენს ახალგაზრდა თაობას, განსაკუთრებით - ქალბატონებს, შევუქმნათ ღირსეული პირობები, რომლებიც მათ წინსვლაში დაეხმარებათ. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ მხარდაჭერას გავაგრძელებთ“, - განაცხადა კერხერის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ბათირაშვილმა.
„ამგვარი მხარდაჭერა კლუბისთვის ორმაგი მოტივაცია იქნება“, - ამბობენ „ლანჩხუთის“ მესვეურები. როგორც ქალთა საფეხბურთო კლუბის დირექტორი დურმიშხან ჩხაიძე ამბობს, საერთაშორისო კომპანიის მხარდაჭერა საფეხბურთო კლუბის მეტად სტაბილურობას უზრუნველყოფს და მათ სპორტული მიზნების მიღწევაში დაეხმარება.
„გამორჩეული საერთაშორისო კომპანიის მხარდაჭერა უფრო მეტ სტაბილურობას შესძენს კლუბს, დაეხმარება სპორტული მიზნების მიღწევაში და ასევე, თავის წვლილს შეიტანს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაში. მსგავსი ტიპის თანამშრომლობა უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართულ სპორტში და განსაკუთრებით ქალთა ფეხბურთში. ეს ძალიან დიდი მოტივია ქალთა ფეხბურთისთვის იმიტომ, რომ მას სჭირდება მხარდაჭერა, განვითარება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ და ვასახელოთ ჩვენი სპონსორი“.
შეგახსენებთ, რომ ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ 2016 წელს შეიქმნა და ამასობაში ქვეყნის სამგზის ჩემპიონი და თასის ორგზის მფლობელი გახდა. „ლანჩხუთი“ ერთადერთი ქართული კლუბია, რომელმაც 2020 წელს უეფას ჩემპიოთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობა შეძლო.
რაც შეეხება კომპანია „კერხერს“, ის დასუფთავების ტექნიკის მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა მსოფლიოში. კომპანიის 150 ფილიალში 80 ქვეყნის 15. 300 - ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. საქართველოში „კერხერის“ ფილიალი 2016 წლიდან ფუნქციონირებს.
R