ჰაიტის პრემიერ-მინისტრი გადადგა, - ამის შესახებ ინფორმაციას გაიანის პრეზიდენტი და კარიბის გაერთიანების ამჟამინდელი თავმჯდომარე, ირფაან ალი ავრცელებს.
ჰაიტის კრიზისის შესახებ იამაიკის დედაქალაქ კინგსტონში გამართული კარიბის გაერთიანების სამიტის შემდეგ ირფაან ალიმ განაცხადა, რომ ჰაიტის პრემიერ-მინისტრი, არიელ ჰენრი თანამდებობას გარდამავალი საპრეზიდენტო საბჭოს შექმნისა და დროებითი პრემიერ-მინისტრის დასახელების შემდეგ დატოვებს.
ჰენრის გადადგომა მისმა მრჩეველმა, ჟან ჯუნიორ ჯოზეფმა CNN-ს დაუდასტურა და აღნიშნა, რომ ჰაიტის პრემიერ-მინისტრი თავის მოვალეობას დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებამდე შეასრულებს.
ცნობისთვის, არიელ ჰენრიმ ჰაიტის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2021 წელს ყოფილი პრეზიდენტის, ჯოვენელ მოისის მკვლელობის შემდეგ დაიკავა.
გასულ წელს, ჰენრიმ არჩევნების ჩატარებაზე უარი იმ მიზეზით თქვა, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ხმის მიცემის პროცესს საფრთხის ქვეშ დააყენებდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ და კრიზისის ფონზე მოწინააღმდეგეები ჰენრის გადადგომას თვეების განმავლობაში ითხოვდნენ.
ჰაიტიში საგანგებო მდგომარეობა გასულ კვირას, მას შემდეგ გამოცხადდა, რაც შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა დედაქალაქის, პორტ-ო-პრენსის ციხიდან პატიმრები გაათავისუფლეს და დედაქალაქზე კონტროლი დაამყარეს.
თავდასხმებზე პასუხისმგებლობა შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერმა, ჯიმი შერიზიემ აიღო და განაცხადა, რომ იგი პრემიერ-მინისტრის, არიელ ჰენრის მთავრობის გადადგომას მოითხოვდა.