ნიგერიის უშიშროების ძალები ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში ასობით გატაცებული სკოლის მოსწავლის ძებნას აგრძელებ. როგორც გაირკვა, გამტაცებლებმა ბავშვები ტყეში შეიყვანეს, თუმცა სამართალდამცავები აცხადებენ, რომ უზარმაზარ ფართობზე გადაჭიმული ტყის დათვალიერებას, შესაძლოა, კვირები დასჭირდეს.
ხუთშაბათს შეიარაღებულმა მამაკაცებმა კურიგას სკოლიდან 7-18 წლამდე ასაკის 280-ზე მეტი ბავშვი მოიტაცეს. დილის 8:00 საათზე, როცა მოსწავლეები კლასებისკენ მიიჩქაროდნენ, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ათობით შეიარაღებული მამაკაცი სკოლის ეზოში მოტოციკლეტებით შეცვივდა. მათ სკოლა დაარბიეს და ბავშვები ტყეში იძულებით შეიყვანეს.
კიდევ ერთი თავდასხმა მოეწყო შაბათს სოკოტოს სკოლაშიც, საიდანაც კიდევ 15 ბავშვი გაიტაცეს. ორივე გატაცების მოწყობაში კრიმინალური დაჯგუფებები არიან ეჭვმიტანილები.
სკოლიდან ბავშვების გატაცებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ბორნოში მოწყობილი რეიდის განხორციელებაში ჩრდილო-აღმოსავლეთის მეამბოხე ჯიჰადისტები იყვნენ ბრალდებულები.
გატაცებულ ბავშვებს შორის, რომლებიც ტყისკენ წაიყვანეს, 18 წლის აბუბაქარიც იყო, თუმცა მან გამოქცევა მოახერხა. როგორც ბიჭი ჰყვება, გამტაცებლები მათ წკეპლით სცემდნენ: "მცხუნვარე მზეში საათობით გვატარეს." მისივე თქმით, გატაცებულებს შორის გოგონები უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე ბიჭები და რომ ისინი ერთმანეთისგან განცალკევებით წაიყვანეს.
როგორც Associated Press წერს, გასულ წელს ნიგერიის მასშტაბით 3500-ზე მეტი ადამიანი გაიტაცეს.
წყარო: theguardian
მოამზადა: ანა სიბოშვილმა