წითელ ზღვაში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება. ამჯერად, აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ იემენის ტერიტორიიდან სავაჭრო გემზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის სამი წევრი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.
მათი განმარტებით, ეს არის მეხუთე ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა, რომელიც ჰუსიტებმა ბოლო ორი დღის განმავლობაში გაისროლეს.
"ჰუსიტები“, რომლებიც ჩრდილოეთ იემენის დიდ ნაწილს, მათ შორის დედაქალაქ სანაას, აკონტროლებენ, აცხადებენ, რომ წითელ ზღვასა და ადენის ყურეში სავაჭრო გემებზე მათი თავდასხმის მიზანია, ზეწოლა მოახდინონ ისრაელსა და მის მოკავშირეებზე, რომ ღაზაში ომი შეაჩერონ. დაჯგუფებამ არაერთხელ განაცხადა, რომ თავდასხმებს მაშინ შეწყვეტს, როცა ისრაელი ომს შეაჩერებს.
ჰონგ-კონგში დაფუძნებულმა საკომუნიკაციო კომპანია HGC Global Communications-მა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც 15-დან 4 გადამცემი კაბელი ჩაწყდა, ზომების მიღება საკუთარ თავზე აიღო, რათა მომხმარებლებს დისკომფორტი არ შექმნოდათ.
აშშ-ს პოლიცია აქტიურად ცდილობს გაარკვიოს, კაბელები განზრახ გადაჭრეს, თუ რაიმე სხვა მიზეზით იყო მათი გაწყვეტა გამოწვეული.
HGC Global Communications-მა ორშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა, რომ წითელ ზღვაში ბოლო "ინციდენტის" შედეგად ოთხი წყალქვეშა კაბელი გაწყდა - Seacom, TGN-Gulf, Asia-Africa-Europe 1 და Europe India Gateway.
აფრიკის სატელეკომუნიკაციო საკაბელო ოპერატორმა Seacom-მა Associated Press-ს განუცხადა, რომ პირველადი დაკვირვების მიხედვით, დაზიანებული სეგმენტი იემენის საზღვაო იურისდიქციაში, წითელი ზღვის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს.