ავტორი:

ჰაიტიში, ციხეებზე კრიმინალური დაჯგუფებების თავდასხმების შემდეგ დაწყებული არეულობა, გრძელდება - ბანდების ლიდერი, ყოფილი პოლიციელი, პრემიერის გადადგომას ითხოვს

ჰაიტიში, ციხეებზე კრიმინალური დაჯგუფებების თავდასხმების შემდეგ დაწყებული არეულობა, გრძელდება - ბანდების ლიდერი, ყოფილი პოლიციელი, პრემიერის გადადგომას ითხოვს

პორტ-ო-პრენსის მთავარ ციხეში შეიარაღებული დაჯგუფებების შეჭრის შემდეგ ჰაიტის მთავრობამ 72-საათიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. პატიმრებს შორის, სულ მცირე, 12 ადამიანია გარდაცვლილი, ციხიდან გაქცეულთა რიცხვი კი 3700-ია. არეულობა შაბათს, 2 მარტს დაიწყო.

კრიმინალური ბანდის ლიდერები ახლა საზღვარგარეთ მყოფი პრემიერ-მინისტრის, არიელ ჰენრის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ. აღსანიშნავია, რომ ეს დაჯგუფებები პორტ-ო-პრენსის 80%-ს აკონტროლებენ.

ჰაიტიური ბანდის ლიდერმა ჯიმი შერიზიერმა ჯერ კიდევ წინა დღეს, პარასკევს განაცხადა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის არიელ ჰენრის თანამდებობიდან გადაგდების მცდელობებს გააგრძელებდა. იგი ყოფილი პოლიციელია, რომელიც ახლა ჰაიტის ბანდების ალიანსის ლიდერია.

მომხდართან დაკავშირებით ჰაიტის საფრანგეთის საელჩომ AFP-სთან გაგზავნილ წერილში განაცხადა, რომ ქვეყნის ეროვნულ სასჯელაღსრულების დაწესებულებას "ბანდიტები" დაესხნენ თავს, რომლებიც პატიმრებს გათავისუფლებაში დაეხმარნენ. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რა რაოდენობის პატიმრები გაიქცნენ ციხიდან.

სახელმწიფოს ოფიციალურ განცხადებაში ითქვა, რომ შაბათ-კვირის განმავლობაში თავდასხმა ქვეყნის ორ ციხეზე განხორციელდა. ჰაიტის მედია კი იტყობინებოდა, რომ ციხეებზე შეტევამდე დაჯგუფებები პოლიციის განყოფილებებში შეიჭრნენ, რათა სამართალდამცავების ყურადღება სხვა მხარეს მიემართათ.

ციხის ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, 99 პატიმარმა, მათ შორის პრეზიდენტ ჟოვენელ მოისის მკვლელებმა, ციხიდან გაქცევას საკანში დარჩენა ამჯობინეს, რადგან ეშინოდათ, ციხის დაცვასა და დაჯგუფებებს შორის გამართული ბრძოლისას ორმხრვ სროლაში არ მომკვდარიყვნენ.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა