ავტორი:

"ერთ-ერთს ფეხი დაუცდა და გადასარჩენად რიგ-რიგობით ჩაჰყვნენ დანარჩენებიც" - რას ჰყვება სოფელ საზანოს ტრაგედიისას დაღუპული გოგონების მასწავლებელი

"ერთ-ერთს ფეხი დაუცდა და გადასარჩენად რიგ-რიგობით ჩაჰყვნენ დანარჩენებიც" - რას ჰყვება სოფელ საზანოს ტრაგედიისას დაღუპული გოგონების მასწავლებელი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საზანოში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. მდინარე ძუსაში ოთხი ადამიანი დაიხრჩო. მათ შორის არიან გოგონები, რომლებიც სოფელში სტუმრად ჭიათურიდან იყვნენ ჩასულები. გარდაცვლილი გოგონები ელენე შუკაკიძე და ნინო კენჭოშვილი არიან.

მომხდარის შესახებ Ambebi.ge-ს გოგონების დამრიგებელი, სოფო ჩუბინიძე ესაუბრა:

"გოგონები ჩემი მოსწავლეები იყვნენ, ჩემს სადამრიგებლოში სწავლობდნენ. საზანოში სტუმრად იყვნენ, მიმდებარედ ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებდნენ. ერთ-ერთს ფეხი დაუცდა და მერე რიგ-რიგობით ჩაჰყვნენ დანარჩენებიც, გადარჩენის მიზნით.

ელენე და ნინო უკვე მოასვენეს. მშობლები სახლში ჰყავთ ამ გოგონებს. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ ყველა. წეღან ბავშვები წერდნენ, იქნებ ემოციებს თავი მოვუყაროთ და ორი საათისთვის ავიდეთო.

ვუთხარი ბავშვებს, მეც გამოგყვებით-მეთქი, მაგრამ არც ის ვიცი, როგორ უნდა წავიდე, არც ის ვიცი, დანარჩენები როგორ უნდა ვნახო, როგორ შევხვდე ოჯახს. ქალაქი შოკშია", - გვეუბნება გოგონების დამრიგებელი.