გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 1-წლიან სამაგისტრო პროგრამაზე ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაბარება იქნება შესაძლებელი, მაგრამ თუ აბიტურიენტს სურვილი ექნება, რომ გრანტი მოიპოვოს, ეროვნული გამოცდები უნდა ჩააბაროს.
როგორც ნინო წერეთელმა აღნიშნა, ის ფიქრობს, რომ რიგ მიმართულებზე ბაკალავრიატის 3-წლიანი და სამაგისტრო 1 წლიანი პროგრამები ძალაში 2025 წლიდან შევა.
"გამოცდებთან დაკავშირებით მინისტრმა ისაუბრა. ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო საჯარო განხილვების შედეგად.
რა თქმა უნდა, იცით, რომ მოქმედი კანონმდებლობით უკვე გვაქვს 3-წლიანი პროგრამები, ოღონდ, ეს ეხებოდა მხოლოდ იმ პროგრამებს, რომელიც უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად არის შექმნილი. ასევე, სახელოვნებო მიმართულებით იყო. ეს კანონით დაშვებულია დღემდე. ყველა ის პროგრამა, რომელიც ამ ნიშნით არის აკრედიტებული ასახულია.
ის სიახლეები, რაც გაჟღერდა, 3-წლიანი ბაკალავრიატი იქნება ბიზნეს ადმინისტრირებაზე და შემდეგ ვნახოთ, რას მოგვიტანს შემდგომი განხილვები. პირველ რიგში საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელდეს, ამის შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა ამ მიმართულებით განაცხადები გააკეთონ აკრედიტაციის მისაღებად. მე ვფიქრობ, წელს ეს აღარ მოხდება. ეს იქნება სიახლე 2025 წლის გამოცდებისთვის, რომელიც იმ ფორმატში ჩატარდება, როგორც წელს.
სწორია ინფორმაცია, როგორც მინისტრმა ბრძანა, რომ {მაგისტრატურაზე ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაბარება იქნება შესაძლებელი, მაგრამ თუ აბიტურიენტს სურვილი ექნება, რომ გრანტი მოიპოვოს, ეროვნული გამოცდები უნდა ჩააბაროს}. ესეც გვქონდა, ოღონდ გარკვეულ პროგრამებზე, ახლა პროგრამების ჩამონათვალი, რომელსაც მინისტრი დაამტკიცებს, გაიზრდება“, - აღნიშნა ნინო წერეთლმა.
ნახეთ ასევე: