ავტორი:

"დედა მმალავს, რადგან ეშინია... მისმა მეუღლემ არ იცის, რომ მის ცოლს სხვა კაცისგან შვილი ჰყავს" - ცნობილი ემიგრანტი ქალის მძიმე შეხვედრა ბიოლოგიურ მშობელთან და ცხოვრება "ნაშვილების" სტატუსით

"დედა მმალავს, რადგან ეშინია... მისმა მეუღლემ არ იცის, რომ მის ცოლს სხვა კაცისგან შვილი ჰყავს" - ცნობილი ემიგრანტი ქალის მძიმე შეხვედრა ბიოლოგიურ მშობელთან და ცხოვრება "ნაშვილების" სტატუსით

ცისნამი საყვარლიშვილს საზოგადოება კარგად იცნობს. Ambebi.ge-ზე არაერთი სტატია გამოქვეყნებულა კახელ გოგონაზე, რომელმაც ემიგრანტის მძიმე გზა გაიარა და საბოლოოდ ცხოვრების სიყვარული ამერიკაში იპოვა. რამდენიმე თვის წინ მწერლობაშიც სცადა ბედი და მისი პირველი წიგნი „წითელთმიანი გოგონას დღიური“ გამოვიდა. ცისნამი მაშინ მკითხველთან შესახვედრად სპეციალურად ამერიკიდან ჩამოვიდა...

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ კახელი გოგონა რეალურად ჯერ კიდევ ჩვილობაში უსინათლო ოჯახმა იშვილა, შემდეგ კი ბიოლოგიური შვილიც შეეძინათ და გოგონა ძმასთან ერთად იზრდებოდა, ამიტომ ბავშვობაში ეჭვი არ ჰქონია, რომ ნაშვილები იყო, სანამ ერთ დღეს, მისი უმცროსი ძმა ავარიაში არ მოყვა...

- ცისნამი, შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ რეალურად წლების წინ, კახეთში ოჯახმა გიშვილათ. რა ასაკში გაიგეთ, რომ ბიოლოგიური მშობლები არ გზრდიდნენ

- ზუსტად არ მახსოვს, ასე 13 თუ 14 წლის ვიყავი. ძალიან პუნქტუალური ბავშვი ვიყავი და არ მიყვარდა სკოლაში დაგვიანება. ჩემი პატარა ძმა კი ზარმაცი მოსწავლე იყო და სულ გვიან იღვიძებდა. ხშირად მიწევდა მისი ლოდინი, რომ სკოლაში ერთად წავსულიყავით.

სკოლამდე მისასვლელად სოფლის მთავარი გზა უნდა გადაგვეკვეთა, სადაც ხელჩაკიდებული გადამყავდა ხოლმე. ერთ დილასაც გავბრაზდი, არ დაველოდე და მარტო წავედი სკოლაში. სწორედ მაგ დილას მარტოს მოუწია სოფლის შარა-გზის გადაკვეთა და მანქანამ დაარტყა. სოფელი პატარაა და ცუდი ამბები მალე ვრცელდება. გაკვეთილები რომ დამთავრდა, სახლში ღიღინით ვბრუნდებოდი კლასელებთან ერთად, როდესაც ერთ-ერთმა მითხრა, რა გაცინებს, შენს ძმას მანქანამ დაარტყაო.

შოკი მივიღე ამ ამბავზე. თან დაამატა, თუმცა ის ხომ შენი ნამდვილი ძმა არ არისო. ორმაგად განერვიულებული დავბრუნდი სახლში. იმის შემდეგ ამ გოგოსთან ხშირად ვჩხუბობდი, მაბულინგებდა და დამცინოდა. იმდენად პატარა ვიყავი, რომ ვერ მივხვდი რას ნიშნავდა, ჩემი ძმა ნამდვილი ძმა არ იყო. ვერ გავბედე და ამ თემაზე სახლში კითხვები არ დამისვამს. საბედნიეროდ, ჩემი ძმა კარგად იყო, პატარა ნაკაწრი ჰქონდა. წლების განმავლობაში გონებაში ჩამესმოდა ამ გოგოს ხმა: „შენი ნამდვილი ძმა არ არის.“

- განსხვავებული გარეგნობა გაქვთ, ეჭვს არ გიჩენდათ, რომ მშობლებს და ძმას ფიზიკურად არ ჰგავდით?

- დიახ, ხშირად ვფიქრობდი როგორი განსხვავებული ვიყავი ჩემი მშობლებისგან. მე მაღალი, თეთრი, წითელთმიანი. ჩემი მშობლები დაბალი, მუქი ფერის კანით, ხუჭუჭა თმებით. რაღაც ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. ვხვდებოდი, რომ იმ გარემოს ნაწილი არ ვიყავი, სადაც ვიზრდებოდი. თინეიჯერობის ასაკში მშობლებს ვთხოვე, რომ სიმართლე გაემხილათ და ასე გავიგე, რომ ის გოგონა მართალი იყო. მერე იყო ბავშვური ჩხუბის დროს წამოძახებები, რომ მე „ბოზი“ ქალის გაჩენილი ვარ და დედამ ფიცარზე დამაგდო და ჩემმა გამზრდელმა მშობლებმა ასე მიპოვეს. სულ მაინტერესებდა, ვინ იყო ეს „ბოზი ქალი“ და წლების შემდეგ ხელში შემრჩა ძალიან განათლებული, არისტოკრატი და კეთილი ადამიანი.

ბიოლოგიურ დედას მაშინდელმა საზოგადოებრივმა აზრმა გადააწყვეტინა ჩემი დატოვება. იმ დროს ქორწინების გარეშე შვილის გაჩენაზე ძალიან მძიმედ რეაგირებდა გარემო. მიხარია, რომ ქვეყანა განვითარდა და ახლა ყველა ქალს შეუძლია ქორწინების გარეშე შვილის ყოლა. მე საზოგადოების მსხვერპლი ვარ, რომ არა ასეთი მკაცრი ტაბუ, ალბათ ბიოლოგიური დედის გვერდით გავიზრდებოდი და ბევრი რამ სხვანაირად იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში. მაგალითად, არ მექნებოდა ბავშვობის ტრავმები და ახლაც არ შემახსენებდა ეს ყველაფერი თავს.

- თქვენს წარმოდგენებში როგორი იყო ბიოლოგიური დედა?

- მთელი ბავშვობა ვოცნებობდი ლამაზ დედაზე. ჩემს თანაკლასელებს ახალგაზრდა დედები ჰყავდათ, მშობელთა კრებაზე რომ მოდიოდნენ ხოლმე. გამზრდელი დედა ფუმფულა, საყვარელი ქალია. ბიოლოგიური დედა ზუსტად ისეთია, როგორიც ჩემს წარმოსახვაში შევქმენი, სანამ გავიცნობდი. მაღალი, ლამაზი, თბილი, არისტოკრატი, კეთილშობილი, ლამაზი სხეულის ფორმებითა და სახით. მიხარია, რადგან ზუსტად ვიცი, ასაკში მეც მისნაირი ლამაზი ვიქნები. ნაოჭებიც კი არ აქვს სახეზე.

- რა ასაკში დაიწყეთ ბიოლოგიური დედის ძებნა და როგორი იპოვეთ?

- ჩემი ყოფილი დედამთილი სულ "ყივჩაღს" მეძახდა იმის გამო, რომ ნაშვილები ვიყავი. ბავშვობაში მესმოდა, "ბოზის დაგდებული ხარ", ახალგაზრდობაში „ყივჩაღის შვილი ხარო“. ამბობდა ხოლმე, ყივჩაღი შემომივარდაო. ერთ დღეს ავდექი და გადავწყვიტე გამეგო, ვინ იყო დედაჩემი. საქართველოში არსებობს ძალიან მაგარი არასამთავრობო ორგანიზაცია, "ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“ რომელსაც მივმართე. ამ ორგანიზაციაში მუშაობს ადვოკატი ქალბატონი მანანა ფურცხვანიძე, რომელიც დამეხმარა დედაჩემის შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში და სწორედ ასე ვიპოვე ჩემი ნამდვილი დედა. სადღაც 23 წლის ვიყავი. შეხვედრა ქალბატონმა მანანამ დაგეგმა და პირველად ერთმანეთს სამების ეკლესიაში შევხვდით.

- როგორ გახსენდებათ ეს შეხვედრა, ყველაზე ემოციური ნაწილი რომელი იყო?

- პირველი შეხვედრა არ იყო ისეთი, როგორიც მე წარმომედგინა. მეგონა, ხელებს გაშლიდა და ჩამიხუტებდა, იტყოდა, შვილო, მე - დედაა. ძალიან ცივი იყო. არ ჩამიხუტა და მითხრა, მე ვერაფერს გაგიკეთებო. არაფრის გაკეთება არ მინდოდა მისგან. გაიგო, რომ ახალი გაშორებული ვიყავი მეუღლეს, პატარა ბავშვი მყავდა და ეტყობა იფიქრა, რაღაცას მოველოდი მისგან. სულ მწარედ მახსოვს ეს შეხვედრა და საკუთარ თავს დავპირდი, რომ აღარ ვნახავდი. თუმცა მერე აღმოვაჩინე, რომ ძალიან ლამაზი, უმცროსი და მყავს. მისმა სილამაზემ ისე მომხიბლა, რომ მისი დახმარებით კიდევ შევხვდი დედას. დიდხანს ვისაუბრეთ, ჩემს დაგროვილ კითხვებს პასუხი გასცა. თითქოს ვაპატიე, თითქოს არა. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა, რომ წყენაში გავატარო. ახლა კარგი ურთიერთობა გვაქვს. მარტო ის ფაქტი მაწუხებს, რომ მისმა ახლანდელმა მეუღლემ და ოჯახმა არ იციან ჩემს შესახებ. მმალავს დედა, ეშინია რომ მეუღლე ვერ გადაიტანს ამ ამბავს, რომ მთელი ცხოვრება ტყუილში აცხოვრა. ამ კაცმა არ იცის, რომ მის ცოლს სხვა კაცისგან შვილი ჰყავს. მოკლედ, ჯერ კიდევ “დამალული შვილი” ვარ.

- ვიცი, რომ ახლა ბიოლოგიური მამის მოძებნა გაქვთ გადაწყვეტილი. არ გიკითხავთ დედისთვის, ვინ იყო?

- დიახ, რა თქმა უნდა, მიკითხავს. ვიცი ვინც არის. სახელიც ვიცი, გვარიც და ადგილიც, სადაც ცხოვრობს. აქამდე თავს ვიკავებდი მასთან შეხვედრისგან. ამ ზაფხულს გამოვეცხადები, თავზე დავადგები და გავიცნობ. ვიმეორებ, ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა, რატომაც არა, მინდა ვიცნობდე ბიოლოგიურ მამას. ვეტყვი, რომ არასწორად მოიქცა, როდესაც ორსული დედა მარტო დატოვა და სხვა ქალი მოიყვანა ცოლად. ასევე არასდროს გასჩენია სურვილი, რომ მე ვეპოვე. დედას უთქვამს, რომ საერთო შვილი ჰყავდათ და მის მოძებნაში დახმარებოდა, შემოუთვლია, წადი ერთი, მისნაირები ციმბირში ბევრი მყავს დაყრილიო. ნურას უკაცრავად, მამაჩემო, ჩემნაირები არა! გაემზადე, მოვდივარ შენს გასაცნობად!

- ცისნამი, ბოლო წლებში გვესმის, რომ წლების წინ საქართველოში ჩვილებს ძირითადად ყიდდნენ. როგორია თქვენი გაშვილების ისტორია?

- როგორც ვიცი, ჩემში ფული არ გადაუხდიათ. შვიდთვიანი დავიბადე, ყველას ეგონა, რომ ვერ გადავრჩებოდი, რადგან ძალიან პატარა და უსუსური ვიყავი. არავის ვუნდოდი და მხოლოდ ორმა უსინათლო ადამიანმა გადაწყვიტა ჩემი აყვანა და გაზრდა. ალბათ ეს იყო ჩემი ბედი. მადლობა ჩემს გამზრდელ დედიკოს და მამიკოს, რომ მათ ოჯახში გავიზარდე და არა რომელიმე ბავშვთა სახლში. ძალიან მძიმე და მტკივნეული თემაა ჩემთვის ჩვილებით ვაჭრობა და ბავშვების მოპარვა. ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც ამ საქმეში იყო გარეული. ყველა დედა და მამა გმირია, ვინც სხვის შვილს იშვილებს და გაზრდის. არ იცი, ვინ არის, როგორი გენეტიკა აქვს და ზრდი. მე პირადად, ზუსტად ვიცი, რომ არ მაქვს იმის გამბედაობა, რომ სხვისი შვილი გავზარდო, შევიყვარო ისე, როგორც ჩემი სისხლი და ხორცი. ამიტომ მადლობა ჩემს დედიკოს და მამიკოს. როგორც შეეძლოთ გამზარდეს და ყველაფერი მომცეს. მადლიერი ვარ და სიკვდილამდე მათი მადლიერი ვიქნები.

- თქვენი ცხოვრება ფილმს ჰგავს, პირველი წარუმატებელი ქორწინება, მარტოხელა დედობა, შვიდწლიანი ემიგრაცია, ბრძოლა თქვენი და საქართველოში დატოვებული შვილის მომავლისთვის...

- კარგია, როცა შენს ცხოვრებაში სულ რაღაც ხდება. წარმოიდგინეთ, არაფერი რომ არ ხდებოდეს, როგორი მოსაწყენი იქნებოდა. მიყვარს სირთულეები, არ მეშინია არაფრის. ჩემს ბიოლოგიურ დედასთან რომ გავზრდილიყავი, ასეთი მაგარი ცისნამი არ ვიქნებოდი. ყველაფერი ხონჩით მორთმეული მექნებოდა და ეს ფაქტი ძალიან გამაზარმაცებდა. ძალიან ბევრი ვიბრძოლე და ვიშრომე იმისთვის, რომ უმაღლესი განათლება მიმეღო, ქონება დამეგროვებინა. დღემდე ვიბრძვი მეტი განათლებისთვის, ცოდნისთვის და ბედნიერებისთვის. ჩემთვის ცხოვრება მუდმივი ძიებაა, რაღაც ახლის, რაღაც სასწაულის. სწორედ გაჭირვებამ, ტკივილებით სავსე ცხოვრებამ მაქცია ძლიერ ადამიანად. ყველაფერი რომ მქონოდა, ამდენ ბრძოლებში არ ვიქნებოდი და ვერ შევდგებოდი ადამიანად. ვუყურებ აქ მდიდარი ადამიანების შვილებს, რომლებსაც ყველაფერი აქვთ და დაკარგული აქვთ ცხოვრების ხალისი, ბრძოლა და ამბიცია. მე მომწონს ასეთი ცისნამი, მხრებგაშლილი, შემდგარი, თავისი ტრაგიკული, ტკივილებით სავსე წარსულით.

წაიკითხეთ ასევე: