ავტორი:

"არ ვიცი ილია ასე რატომ იქცევა... ქართველებს სჩვევიათ, რომ უფროსებს პატივისცემით მოეპყრონ" - რის გამო აკრიტიკებს დაღესტნელი მებრძოლი ილია თოფურიას და რას ამბობს მერაბ დვალიშვილზე

"არ ვიცი ილია ასე რატომ იქცევა...  ქართველებს სჩვევიათ, რომ უფროსებს პატივისცემით მოეპყრონ" - რის გამო აკრიტიკებს დაღესტნელი მებრძოლი ილია თოფურიას და რას ამბობს მერაბ დვალიშვილზე

პერსპექტიული დაღესტნელი მებრძოლი, 28 წლის უმარ ნურმაგომედოვი ქართველ მებრძოლებზე საუბრობს. ცნობისთვის, უმარი იმავე წონაში ასპარეზობს, რომელშიც მერაბ დვალიშვილი. სავარაუდოდ, ადრე თუ გვიან, მებრძოლებს ოქტაგონის გაზიარება მოუწევთ. ნურმაგომედოვი ილია თოფურიაზე, ასევე დვალიშვილთან პოტენციურ ბრძოლაზე და მოვსარ ევლოევზე საუბრობს.

  • "გულახდილად რომ ვთქვა, მერაბთან ნებისმიერ "სართულზე“ შემიძლია ბრძოლა. მერაბში ჩემთვის დიდ საფრთხეს ხედავენ, ჩემი მწვრთნელი ხავიერ მენდესი საფრთხეს ხედავს, არ ვიცი, რატომ. მე არ მივცემ ჭიდაობის უფლებას, დგომში ვერ ვიტყვი, რომ ტექნიკურად კარგად აღჭურვილია, შემთხვევით ისვრის დარტყმებს, შემდეგ ფეხებში შედის. ეს არის ადამიანი, ვისაც კარგი ფიზიკური კონდიციები აქვს, კარგად მომზადებულია, გამძლეობა მაღალ დონეზე აქვს. ჯერჯერობით იმარჯვებს, მაგრამ საფრთხეს ვერ ვხედავ.

ის იმათთან დომინირებს, ვინც ამის საშუალებას აძლევს. სეჰუდო სანამ დაიღლებოდა, არ აძლევდა ინიციატივის საშუალებას და პირველი რაუნდი მოუგო კიდეც“, - ამბობს უმარი.

  • ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას შესაძლო ბრძოლაზე:

"რად უნდა ილიას ისლამი? მის წონაში ხომ მოვსარია, რომელიც ასევე დაუმარცხებელია. მე ის ვნახე, და 70კგ-თვის ძალიან პატარა იქნება. ისლამთან მას არანაირი შანსი არ აქვს, ხაბიბთანაც შანსი არ ექნებოდა. უბრალოდ, ადამიანი თავს კარგად იპიარებს (გულისხმობს ილია თოფურიას).“

  • თოფურიას და ევლოევის პოტენციურ ბრძოლაზე

"ეს ძალიან კარგი ბრძოლა იქნება, ვერ ვიტყვი, ვინ გაიმარჯვებს. ორივე ამბიციური ბიჭია, ორივე კარგი მებრძოლია. რა თქმა უნდა, თოფურიას გამანადგურებელი დარტყმა აქვს, თუმცა მოვსარი კარგად ჭიდაობს და ჭიდაობის შემდეგ, მოწინააღმდეგეს ისეთი დარტყმა აღარ აქვს ხოლმე. მინდა, რომ ეს ბრძოლა ვიხილო. არ ვიცი, რატომ გაურბის თოფურია მოვსარს და ამბობს, რომ ევლოევმა ჯერ უნდა დაიმსახუროს, რომ ჯერ მამამისს შეხვდეს, არ ვიცი ამას რატომ ამბობს. მგონი, ქართველებსაც, კავკასიაში სჩვევიათ, რომ უფროსებს პატივისცემით მოეპყრონ.

თოფურია ესპანელია, "მატადორია“. სავარაუდოდ, უფრო ესპანელია", - ამბობს უმარ ნურმაგომედოვი.

  • ცნობისთვის, ილია თოფურიამ UFC 298-ზე ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და ნახევრადმსუბუქი წონის ტიტული მოიპოვა. ბრძოლის შემდეგ პრესკონფერენციაზე, მას სავარაუდო მოწინააღმდეგეებზე ჰკითხეს, ერთ-ერთი მოვსარ ევლოევი იყო. თოფურიამ განაცხადა, რომ მიუხედავად წაუგებელი სერიისა, მოვსარმა ტიტულზე ბრძოლა უნდა დაიმსახუროს, რადგან UFC-ში სულ მსაჯების გადაწყვეტილებებით იმარჯვებს. "მატადორმა“ დაამატა, რომ "იქნებ UFC-მ ვინმე მისი ქალაქიდან შეურჩიოს (მოვსარი ინგუშეთიდანაა - რედ) მოვსარი კი მამამისს დაუპირისპირდეს“. ქართველის ამ განცხადებას ევლოევმა ასე უპასუხა: "შენც მსაჯების გადაწყვეტილებით მოგიგებ“.

28 წლის უმარ ნურმაგომედოვი ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილი და საკმაოდ პერსპექტიული მებრძოლია. ამჟამად ის სუპერმსუბუქი წონის რეიტინგის მე-13 პოზიციას იკავებს. როდესაც უმარი UFC-ში გადავიდა, ის მერაბ დვალიშვილმა გამოიწვია, თუმცა დაღესტანელმა მებრძოლმა უარი განაცხადა. ახლა კი, როდესაც დვალიშვილი ორგანიზაციის ვარსკვლავი გახდა, უმარი პერიოდულად აქეთ იწვევს მერაბს. თუმცა რეიტინგში მებრძოლებს შორის ამ ეტაპზე უზარმაზარი სხვაობაა - უმარი, როგორც გითხარით, მე-13 ადგილზეა, მერაბი - პირველზე. 4 მარტს ნურმაგომედოვი ორგანიზაციის დებიუტანტ ყაზახ ბეკზატ ალმახანს დაუპირისპირდება.

ნახეთ ასევე:

ვისთან დაიცავს ტიტულს ილია თოფურია და ვის დაუპირისპირდება მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ბრძოლაში? - რა ვიცით სამომავლო შანსებზე

  • ავტორი: ანრი კურტანიძე